ინტერვიუები

14:17 | 14.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაკო ბუიო: “ოქროს ბუცს” ხშირად სხვა ფეხბურთელები იმსახურებდნენ”

მადრიდის “რეალის” ისტორიაში, პაკო ბუიო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. პაკო 11 სეზონის განმავლობაში (1986-97) იცავდა “ბლანკოსის” კარს და მრავალ საშინაო თუ საერთაშორისო გუნდურ ტიტულთან ერთად (ბუიო ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონია), არაერთი ინდივიდუალური პრიზიც დაუმსახურებია. 1988 და 1992 წლების გაზაფხულზე, “რეალის” მეციხოვნეს ესპანეთის საუკეთესო გოლკიპერისთვის განკუთვნილი თასი გადასცეს. ეს თასი ლეგენდარული მეკარის, რიკარდო ზამორას სახელს ატარებს და ნებისმიერი კიპერისთვის მისი მოპოვება საამაყოა. ცხადია, გამონაკლისს არც ბუიო წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე მეკარისთვის არცთუ შესაფერისი სიმაღლის (179 სმ) მიუხედავად, კარიდან გამოსვლებზეც კარგად თამაშობდა და ფეხითაც (ამ მხრივ, მისი სტილი ედვინ ვან დერ სარისას წააგავს), მტკიცე ხასიათი კი საფეხბურთო მინდვრებზე წარმატებით გამოსვლაში დიდად უწყობდა ხელს. მადრიდელ ჟურნალისტთან საუბრისას კი, გასაკვირი არაა, ბუიოსთან ინტერვიუს დიდი ნაწილი სანტიაგო ბერნაბეულთა ამჟამინდელ მეკარეს, იკერ კასილასს რომ შეეხო.

- ფიფამ იკერ კასილასი 2008, 2009 და 2010 წლებში, ზედიზედ სამჯერ პლანეტის საუკეთესო მეკარედ დაასახელა, ესპანეთს რაც შეეხება, უძლიერესი გოლკიპერისთვის განკუთვნილი “ზამორას თასი” “რეალის” მეკარეს მხოლოდ 2008-ში არგუნეს. რამდენად სამართლიანად თვლით ამ ამბავს?
- მოდით, ამ საკითხზე კატეგორიულ პასუხს ნუ მომთხოვთ. რამდენჯერ იმსახურებდა კასილასი “ზამორას თასს”, ჩემი გადასაწყვეტი არაა. მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ იკერი სადღეისოდ ესპანეთში, ბარსელონელ ვიქტორ ვალდესთან ერთად, ყველაზე სტაბილური მეკარეა, რაც თუნდაც, იმითაც მტკიცდება, ვიზავებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ გოლს სწორედ ეს კიპერები რომ უშვებენ.
- “ბლანკოსის” მეკარის მთავარ სამეკარეო ღირსებად რომელს მიიჩნევთ?
- იკერი იმ კიპერთა არცთუ მრავალრიცხოვან კატეგორიას განეკუთვნება, რომლების მატჩისთვის განკუთვნილი 90 წუთის განმავლობაში, კონცენტრაციას ერთი წამითაც არ კარგავენ. მეკარისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა - თუკი ფორვარდს გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე ექნება და ხელსაყრელი მომენტის გაცუდების უფლება მეტ-ნაკლებად აქვს, გოლკიპერის ერთადერთი შეცდომა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. იკერი ელვისებური რეაქციითაც გამოირჩევა. ამას დავუმატოთ აზროვნების სისწრაფეც და ჯამში უზადო მეკარეს, იკერ კასილასს მივიღებთ.
- რამდენად რეალურად მიგაჩნდათ 2010 წელს კასილასისთვის ”ოქროს ბურთის” მიკუთვნება?
- თავისთავად, მეკარის ამპლუის მოთამაშისთვის ასეთი აღიარება პრობლემატურია. ”ფრანს ფუტბოლი” აგერ უკვე 50 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტთა შორის რეფერენდუმს ატარებს და მხოლოდ ერთხელ, 1963 წელს სცნეს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე. ხშირად ისეც ყოფილა, გოლკიპერს თავდამსხმელებზე მეტად თუ არა, არანაკლებად დაუმსახურებია უძლიერესად აღიარება, მაგრამ... თუმცა, რაღა მეკარეებზე ვამბობთ, აბა, მითხარით, რამდენ მცველს გადასცეს ”ოქროს ბუცი”? ამიტომაც თავიდანვე მეეჭვებოდა, გამოკითხვის შედეგად პირველ ადგილზე კასილასი რომ გავიდოდა. ადამიანები, რომლებიც გამარჯვებულს ავლენენ, ფეხბურთელებს განსხვავებული კრიტერიუმებით უდგებიან. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს აზრს მოგახსენებთ – “ოქროს ბუცი” ყოველთვის ღირსეულ მოთამაშეს წილად არ ხვდება ხოლმე. არა, გამოკითხვაში გამარჯვებულ არც ერთ ფეხბურთელზე ცუდი აზრისა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ყოფილა სეზონები, როცა პირველ ნომრად დასახელებას უფრო სხვა მოთამაშეები იმსახურებდნენ. იკერს თუ დავუბრუნდებით, იგი ყველა საფეხბურთო ტიტულს თუ პრიზს იმსახურებს.
- თქვენი აზრით, რომელი მეკარეა მადრიდის “რეალის” ისტორიაში საუკეთესო?
- ძალიან რთული კითხვაა. მთელი ასწლეულის განმავლობაში, “ბლანკოსის” კარს ბრწყინვალე მეკარეები იცავდნენ და თუნდაც სამის გამოყოფა გაძნელდება. ისე კი, ორიც რომ დაგისახელოთ, ერთ-ერთი კასილასი მაინც იქნება. იკერი “რეალის” საკვანძო ფეხბურთელია და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, “სამეფო კლუბის” ლეგენდარულ მოთამაშეთა გალერეაში ღირსეული ადგილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიკავა. მადრიდული კანტერა კი მეკარეთა მომზადების ასპექტითაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იკერს “რეალში” მთელი “მოსამზადებელი ციკლი” აქვს გავლილი. იგი 1990-ში ცხრა წლისა მოვიდა კლუბში და პირველ გუნდში ჩარიცხვამდე ყველა ეტაპი გაიარა.
- თქვენ ორჯერ გცნეს ესპანეთის წლის საუკეთესო მეკარედ. რას ნიშნავს მეკარისთვის “ზამორას თასის” დაუფლება?
- ოცნების ასრულებას. ამ თასის აღება კი მადრიდის “რეალის” მეკარისთვის განსაკუთრებით საამაყოა. “ბლანკოსი” ყოველთვის შემტევი ფეხბურთის მოტრფიალე იყო, რის გამოც, ცოდვა გამხელილი სჯობს და გოლკიპერებს ხშირად დაცვაში წარმოქმნილი “ცარიელი ადგილების” შევსება გვიხდება. ჩემი აზრით, “ზამორას თასის” მოპოვების მეტი შანსი დაცვითი ფეხბურთის მოტრფიალე გუნდის კიპერს აქვს.  
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ანდალუსიის პატარა ქალაქ ხაენის “რეალის” დამრიგებელი ვარ. გუნდი სეგუნდა B დივიზიონის ბინადარია და მაინცა და მაინც დიდ სატურნირო მიზანს არ ვისახავთ. მშვენიერი იქნება, თუკი მადრიდის “რეალისთვის” თუნდაც ერთი მოთამაშის აღზრდას შევძლებთ. ამასთან ტელეარხ “ალ ჯაზირას” საფეხბურთო მიმომხილველი გახლავართ. არაბებს ესპანური პრიმერა დივიზიონის თაობაზე მოვუთხრობ და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების მსვლელობისას ექსპერტადაც მიწვევენ.

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093994