“სკუადრა აძურასა” და “მილანის” ლეგენდრული მცველის პაოლო მალდინისადმი გულშემატკივარს სიყვარული არასდროს გაუნელდება, ამიტომაც მის ნებისმიერ ინტერვიუს ფეხბურთის ქომაგები ინტერესით გაეცნობიან.
- ამბობენ, “მილანში” თქვენი დაბრუნების წინააღმდეგი ადრიანო გალიანია. პაოლო მალდინი და გალიანი შეუთავსებელი ფიგურები ხართ?
- ჩემი მხრიდან არა, სინიორ ადრიანოს ნაცვლად კი პასუხს ვერ გაგცემთ. “როსონერიში” ჩემ დაბრუნებას რაც შეეხება, ათასგვარი ჭორი ვრცელდება. ტყუილია, თითქოს გარკვეულ პირობებს ვაყენებ და შესაფერისი წინადადების მოლოდინით ვარ. ამბობენ, რამდენიმე შეთავაზებაზე უარი განვაცხადე, რაც არასწორია.
- გული არ გწყდებათ, სადღეისოდ “მილანში” რომ არ მოღვაწეობთ?
- “როსონერი” ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ძალინ მინდა კლუბს ის სიკეთეს დავუბრუნო, რომელიც მან ჩემთვის უშურველად გაიღო. სწორედ ეს ვუთხარი სილვიო ბერლუსკონის. ნამდვილად არ ვარ დიდებასა და თანამდებობას გამოკიდებული, კლუბისთვის სარგებლობის მოტანა მსურს. ასაკთან ერთად ინტელექტუალური დამოკიდებულებაც მოვიპოვე და სიმართლის თქმის არ მეშინია. ზოგიერთებს სწორედ ეს არ მოსწონს.
- აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მომხიბლავი წინადადებით არავის მოუმართავს?
- როგორ არა – კარლო ანჩელოტი “ჩელსიში” მეძახდა, ჩემი ხილვა ნიუ იორკის “კოსმოსის” ხელმძღვანელობაშიც სურდათ. ორივე შეთავაზება უარვყავი – გაურკვეველ თანამდებობებსა და ფუნქციების შესრულებას მთავაზობდნენ. მე კონკრეტული საქმეების კეთება მინდა, “ჩელსისა” და “კოსმოსში” კი სხვადასხვა სფეროებს უნდა მოვდებოდი.
- ბოლო ხანს პროფესიულ ფეხბურთში არაბი და ამერიკელი მილიარდელები მოდიან. ეს ევროპული საკლუბო იერარქიის რღვევას ხომ გამოიწვევს?
- ტრადიციულ, ავტორიტეტულ კლუბებს შიშის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ. ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის უკეთესია, თუკი არენაზე ახალი ძლიერი გუნდები გამოვლენ. ევროპის გარდა, სხვა კონტინენტებზეც გამოცოცხლდა საფეხბურთო ცხოვრება. ყატარის მაგალითზე შემიძლია ვიმსჯელო. იქ ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ, რაც სასიკეთო შედეგს აუცილებლად მოიტანს.
- როგორ გგონიათ, “მილანი” სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი კანდიდატია?
- “მილანი” სერია A-ს ყველაზე ძლიერი გუნდია. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ “როსონერი” ტიტულს იოლად მოიპოვებს. ტურინის “იუვენტუსი” ბოლო მომენტამდე გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევს ენთუზიაზმის, ახალი სტადიონისა და ანტონიო კონტეს ბრწყინვალე მუშაობის ხარჯზე. “როსონერის” “ბებერ სინიორასთან” შედარებით ტექნიკური უპირატესობა აქვს, ტურინელები ამის კომპენსაციას ენთუზიაზმით შეეცდებიან. კლაუდიო რანიერიმ “ინტერში” წესრიგი დაამყარა. იგი პრაგმატიკოსი მწვრთნელია და “ნერაძურიც” გათამაშების ცხრილის ზედა ნაწილში აიყვანა. თუმცა, “ინტერის” თამაში მხოლოდ ფრაგმენტებითაა საინტერესო და სოლიდური, ამიტომაც მას საჩემპიონთალიგო ზონაში სეზონის ბოლომდე დარჩენა დიდი შრომის ფასად დაუჯდება.
- “მილანის” თამაში ზომაზე მეტად ხომ არაა დამოკიდებული ზლატან იბრაჰიმოვიჩზე? თვით მარკო ვან ბასტენის დროსაც კი ასე არ იყო...
- იმდროინდელ “მილანს” დღევანდელთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა. იბრა კი “როსონერისთვის” ნამდვილი განძია. იგი მაღალ დონეზე შეუსვენებლად, ყოველ მატჩს ატარებს.
- იყო დრო, ყოველდღიურად მილანელოში გიწევდათ ჩასვლა. სადღეისოდ ცხოვრების როგორი განრიგი გაქვთ?
- ბავშვები სკოლასა და სპორტულ ცენტრში დამყავს. კრისტიანი უფროსთა ჯგუფში თამაშობს, იგი მცველია. უმცროს ვაჟს დანიელს რაც შეეხება, ის შემტევი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებს. ამასთან, ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით თამაშობს. სპორტთან ურთიერთობას კი ჩოგბურთითა და მინი-ფეხბურთით ვაგრძელებ. “დიდ ფეხბურთში” მთელი კარიერა მცველად გავატარე, ამიტომაც ამჟამად ფორვარდობა მიზიდავს. ყველაზე დიდ სიამოვნებას დრიბლინგი და გოლების გატანა მანიჭებს.
- ერთ უხერხულ კითხვასაც დაგისვამთ – მართალია, თითქოს მეუღლეს შორდებით?
- არა. ვერაფრით გამიგია, საიდან გაჩნდა ეს ცნობა გაზეთებსა და ვებგვერდებზე. მოკლედ ვიტყვი – იდეალური ოჯახი მაქვს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









