ინტერვიუები

9:53 | 22.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: “რეალს” ზიდანი არ ყოფნის”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მადრიდის “რეალი” და იტალიური “მილანი” დაუპირისპირდა, “როსონერის” ცოცხალი ლეგენდა პაოლო მალდინიც დაესწრო. ამით, ესპანურმა გამოცემა AS-მა ისარგებლა და იტალიის ეროვნული ნაკრების დაცვის ყოფილ ბურჯს, მის წარსულსა და “რეალის” დღევანდელობაზე გაესაუბრა. ესპანელი ჟურნალისტები მალდინის მხრიდან ესპანურის უზადო ცოდნამ გააოცა, მაგრამ იტალიელმა ეს მარტივად ახსნა - “ჩემი მეუღლე ვენესუელიდანაა”.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ?
- ცოლთან და შვილებთან ურთიერთობით ვტკბები. პარალელურად, სპორტის სხვა სახეობებით ვარ დაკავებული. განსაკუთრებით მომწონს კრივი და ჩოგბურთი. ახლა, ჩემი მთავარი საქმიანობა შვილების მძღოლობაა, რომლებიც “მილანელოს” ბაზაზე რეგულარულად დამყავს.
- ბიჭები დინასტიას აგრძელებენ?
- კრისტიანი 14 წლისაა და მცველად თამაშობს, ხოლო ცხრა წლის დანიელი, ნახევარმცველია.
- მათთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია – სწავლა, თუ თამაში?
- ამ ეტაპზე, უმჯობესია რომ ისწავლონ.
- თქვენ რა ასაკში მიატოვეთ სწავლა?
- მაშინ 16 წლის ვიყავი და ამ გადაწყვეტილებას სულაც არ ვნანობ. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ, დამოუკიდებლად კიდევ ბევრი რამ ვისწავლე. ამჟამად, სამ ენაზე თავისუფლად ვსაუბრობ: იტალიურად, ესპანურად და ინგლისურად.
- ფეხბურთთან რამე ისევ გაკავშირებთ?
- ტელევიზიაში მუშაობას მთავაზობდნენ. ორი აფრიკული ნაკრების გაწვრთნაც მთხოვეს, რომლებიც “მუნდიალზე” გამოდიოდნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში პასუხი იყო: “გმადლობთ, მაგრამ არ შემიძლია”.
- რა არის თქვენი პირველი მოგონება, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება?
- როდესაც მამამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ის ნერეო როკოს თანაშემწე გახდა. მახსოვს, მასთან ერთად “მილანელოზე” რომ დავდიოდით... ასეთი რამ არასდროს გავიწყდება.
- არ გიჭირდათ ასეთი ხმაურიანი გვარის - მალდინის ტარება?
- სხვებთან შედარებით, ჩემთვის ყველაფერი უფრო რთული იყო. საფეხბურთო სკოლაში სწავლების პერიოდში ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა, მათმა რაოდენობამ მოიმატა, როდესაც ძირითად გუნდში გადავედი. მამაჩემი იყო ჩემი მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდულ ნაკრებში, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში, სადაც გუნდის კაპიტანი ვიყავი, მერე კი, “მილანში”! მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი გახდა და თავს ხშირად არცთუ კომფორტულად ვგრძნობდი. 30 კაცისგან შემდეგარ გუნდში, მინიმუმ 15-ს, მთავარ მწვრთნელთან პრეტენზია აქვს, რადგანაც მათ თამაში არ უწევთ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ადგილას და ყველაფერი გასაგები იქნება.
- მამათქვენისგან მიღებული ყველაზე სასარგებლო რჩევა რომელი იყო?
- ის ყოველთვის ენდობოდა ჩემს მწვრთნელებს. “მილანში” დებიუტი ლიდჰოლმის ხელმძღვანელობით მქონდა, რომელიც მამის კარგი მეგობარი იყო. ლიდჰოლმი მენდობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი. მამა კი ყოველთვის მირჩევდა, რომ თამაშისგან სიამოვნება მიმეღო.
- გახსოვთ მამის ის სიტყვები, რომელიც 1985 წელს, თქვენი დებიუტის წინ გითხრათ?
- არ მეგონა მოედანზე გასვლა თუ მომიწევდა. დებიუტამდე ორი თვით ადრე, მან მითხრა, რომ ძირითად გუნდში თამაშისთვის მზად ვიყავი. იტალიაში ხმაური ატყდა და მან მოცდა ამჯობინა. სადებიუტო შეხვედრაში მამამ მკითხა: “პაოლო, სად გირჩევნია თამაში, მარჯვნივ თუ მარცხნივ?”. მე მარჯვნივ თამაში ვარჩიე. იმ სეზონში მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, მაგრამ მომდევნო თამაშზე უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიყავი.
- ბავშვობაში, თქვენი კერპი ვინ იყო?
- ძალიან მომწონდა “იუვენტუსი”. შეყვარებული ვიყავი 1978 წლის ფორმაციის იტალიის ეროვნულ ნაკრებზე. ძირითადი შემადგენლობის 11-დან 9 ფეხბურთელი, “იუვენტუსს” წარმოადგენდა... ჩემი კერპი კაბრინი იყო, რომელიც დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. როდესაც “მილანში” თამაში დავიწყე, გავიცანი ბარეზი და ის გახდა ჩემი მისაბაძი მაგალითი: მისი ძალა, ვარჯიშებისადმი მიდგომა, კლუბისადმი დამოკიდებულება... ის ცოტას საუბრობდა, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებდა.
- იტალიურ ფეხბურთში საკის მიერ გაწეულ ღვაწლს როგორ აფასებთ?
- მან “მილანი” ისე შეცვალა, რომ ვეღარ იცნობდით. შეიცვალა ყველაფერი: ვარჯიში, აზროვნება, შეტევები. ფიზიკურად ამ ყველაფრის გაძლება, იოლი არ იყო.
- როგორი იყო ვარჯიშები მისი ხელმძღვანელობით?
- ძალიან ინტენსიური. საღამოთი სახლში ძალაგამოცლილი ვბრუნდებოდი. 9 საათზე მკვდარივით მეძინებოდა.
- მართლა?
- დიახ. ძალიან რთული იყო. ვარჯიშებზე ვამუშავებდით ოთხი მცველის ურთიერთგაგებას, რომელთაც საკუთარი პოზიცია არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაეკარგათ. იყო ვარჯიშები, როდესაც მცველებს ექვსი სხვადასხვა ფერის მაისურები ეცვათ. მისი მიზანი იყო, რომ ძალების ამოწურვის შემდეგაც კი, რეაქცია მაქსიმალურად მობილიზებული ყოფილიყო.
- მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებებმა, რა მოგონება დაგიტოვათ?
- ჩვენთვის ეს, მუდამ რთული გამოცდა იყო. ყოველ ჯერზე საკითხი ასე იდგა: “ან ჩვენ უნდა შეგვექმნა ისტორია, ან მოწინააღმდეგეს”. ევროპის თასის ღირშესანიშნავი მატჩის პარალელურად, რომელიც 5:0 მოვიგეთ, სიამოვნებით ვიხსენებ 1988 წლის “ბერნაბეუს თასის” შეხვედრას, სადაც 3:0 მოვიგეთ და მე გოლი გავიტანე. მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი.
- ამ ფაქტზე ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ...
- ერთხელ, 2002 წელს, როდესაც “რეალის” წინააღმდეგ ვითამაშეთ, ფლორენტინომ აღიარა, რომ ჩემი შეძენა სურდა. მაშინ ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ეს შეუძლებელი იყო.
- ყველაზე მეტად, რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- მარადონა უდიდესი იყო. კიდევ რონალდო, ოღონდ იტალიაში თამაშის პირველ წელიწადს. ის სრულყოფილი იყო. ზიდანის თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. სწორედ ზიდანი არ ყოფნის ამჟამინდელ “რეალს”.
- რამოსის თამაში სად უფრო მოგწონთ, ცენტრში თუ ფლანგზე?
- ხშირად შემიმჩნევია, რომ “რეალის” მცველები შეუთამაშებლად მოქმედებენ. ცენტრალური მცველი ვერ ამჩნევს რას აკეთებს ფლანგზე მოთამაშე და პირიქით. მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, გასულ სეზონში კი, “რეალის” შეცდომები წარმოუდგენელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. თუ ტასოტი, ბარეზი, კოსტაკურტა და მე ყავის დასალევად შევიკრიბებით, ხაზს მაშინაც კი უკეთ დავიცავთ, ვიდრე ამას “რეალი” აკეთებდა. ჩვენ ავტომატურად ვმოქმედებდით და ეს ვარჯიშების შედეგი იყო.
- როგორ შეიძლება ამის დამუშავება?
- ეს ფილოსოფიად უნდა იქცეს. შენს პოზიციაზე იღებ ბურთს და მოწინააღმდეგის მოტყუებას ცდილობ. ამას თუ ათასჯერ გააკეთებ, მომავალში ფიქრს შეწყვეტ და ავტომატურად იმოქმედებ. რამოსს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ფლანგზე ითამაშოს, მაგრამ მისთვის აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოს მოწინააღმდეგეებს. თუ მოთამაშეს აქვს ნიჭი და შესაძლებლობა, მაგრამ არასათანადოდ მუშაობს, მისი თამაში მოსალოდნელის ტოლფასი არასდროს იქნება.
- რას გვეტყვით პეპეს შესახებ?

- ვფიქრობ, წელს ის უკეთ ითამაშებს, მაგრამ ორივეს - რამოსს და პეპეს, მეტი ფიქრი მართებთ.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09673