60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე მე-3 ადგილი დაიკავა და პირად რეიტინგს 280 ქულა შემატა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა რუსეთის ქალაქ ტიუმენში მიმდინარე უპრესტიჟულეს ტურნირზე სულ სამი შეხვედრა ჩაატარა. საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც ყაზახ იელდოს სმეტოვთან შებოჭვით წააგო. რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას მე-5 წუთზე შესრულებული იპონით გასცდა. “ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრი ბესლან მუდრანოვი დასცა ბეჭებზე.
შეგახსენებთ, დღეს მედლები კაცებში პირველ სამ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს სახელით ტატამზე ოთხი ძიუდოისტი გავიდა და მათგან სამი: შალვა ქარდავა (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
ხვალ საქმეში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) ჩაერთვებიან.







