საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს, მაგრამ საწადელს ორივემ მძიმე ბრძოლის შედეგად მიაღწია.
პაპინაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და ტურნირში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ვუგარ შირინლისთან პირველსავე წუთზე ვაზარზე დავარდა და მხოლოდ მეხუთე წუთზე მოახერხა საპასუხო ვაზარის აღება. საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე კი მოწინააღმდეგე შებოჭა.
შავდათუაშვილიც შეხვედრის მიწურულს შესრულებული ბოჭვით გასცდა ბელგიელ იასპერ ლეფევერს. იქამდე კი ოლიმპიური ჩემპიონი ვაზარს აგებდა.
მეოთხედფინალში პაპინაშვილი ჩეხ პაველ პეტრიკოვს დაეჭიდება. შავდათუაშვილის მეორე მოწინააღმდეგე კი რუმინელი რემუს მირჩა ლაზეა იქნება.







