გულშემატკივრის სვეტი

11:25 | 18.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

პარიკმახერი არამა

- არამ, დღეს შეგიძლია დაისვენო. მე ვიმუშავებ შენს მაგივრად!
- ვაა... ვითომ რათაო?
- მგლოვიარე კაცი ხარ დღესა და აბა, შენი მუშაობა იქნება კაცო?!
- ვინ მამიკვდა რო?
- რა სულ სიკვდილი და უბედურება გახსენდება. შენს ნაკრებს საქართველომ რომ მოუგო ვითომ    დაგავიწყდა, არა?
- ეეე... რა გული გამიხეთქე... ამხანაგური იყო რა... თანა, საქართველო რა, ჩემი არ არის?!
- აბა, რო ამბობდი, მანუჩარიანიო, ესაო, ისაო...
- ვამბობდი და კიდე ვიტყვი თუ გინდა! გაგიმართლათ რაღა.. მეორე ტაიმში სამი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა, მაგრამ არა ქნეს და... თან ხო იცი, ქეცბაიას მაგარი ”ლუბიტელი” ვარ. ეგეთი ”ტრენერი” რომ გვყავდეს, თასი ჩვენია რა!
- რა თასი, ჯერ რუსეთს მოუგეთ...
- რო მოუვუგოთ რას იკისრებ?
- თამაშიც თქვენ მოიგოთ და კიდეც მე ვიკისრო? ეგ სადაური წესია?! თუმცა კაი, ჯანი გავარდეს. თქვენ რუსებს მოუგეთ და შენ და სეროჟას კაი ხინკალს გაჭმევთ...
- მარტო ხინკალი?
- აბა, ტოლმას რესტორნებში არავინ აკეთებს და...
- რათა ტოლმა? ხო იცი, მე “შაშლიკი“ მიყვარს.
- ეგ რომელი ”შაშლიკი”? შარშან შენთან რო ვჭამეთ, ბებერი ღორისა? ხმელი?
- არა, თქვენი რა... კახური...
- უკვე საჭმელად რო ემზადები, მოუგებთ რუსებს? მე თქვენი ამბავი რომ ვიცი, ყველას რომ მოუგოთ, მაინც ამ რუსებთან წააგებთ ნერვების მოსაშლელად.
- არ მოგვიგია თუ რა? ერევანში რაც ”არარატს” “მასკოვსკი” გუნდებისთვის მოუგია, იმდენი ფულიანი კლიენტი მე...
- ეგ ადრე იყო კაცო! მაშინ ”დინამოც” უგებდა მაგათ. “სბორნები“ სხვა ამბავია, ხო იცი...
- შენ ხო ჩვენსკენ იქნები?
- ეს ერთხელა უნდა ვიყო სომხეთის ნაკრებისკენ ცხოვრებაში და მაშინაც თუ მოიგეთ, ალბათ მთელი წელი ვეღარ გაგაჩერებთ. მაგრამ, ეგრე იყოს! თქვენ რუსებთან მოუგეთ და მამაძაღლი ვიყო, ”ბლატაობაში” თუ ხელი შეგიშალო. თან ხო გეუბნები რა... კისრებითაც მე ვიკისრებ! მეტი რა ვქნა?! მაგრამ, შენ ის მითხარი, საქართველოს ნაკრებთან წაგებაზე რატომ გაურბიხარ ლაპარაკს? ხო ამბობდი, ვრაცებთან ჩვენ მოვიგებთო?
- მოიგეთ, თქვენც ახლა ”გალანდიას” მოუგეთ რა... ”სასტავი” არა გვყავდა, ხო იცი? მარტო ისეთი მეკარე გვაკლდა, ორივე ბურთის ამღები იყო რა! თან ხო გითხარი, შე დალოცვილო, მეორე ტაიმში ”იგრა” ჩვენი იყო. იღბალი არ იყო, იღბალი...
- 7:0 როცა მოვიგეთ, მაშინაც იღბალი არ იყო?
- ის თამაში გაყიდული იყო!
- მოიცა, თამაშებსაც ყიდით უკვე?
- არა, თქვენ კი არ მოგყიდეთ... მაშინ ხორენა იყო ჩვენების “ტრენერი” და იმის ”მოქესტვა“ უნდოდათ “ხაზეინებს”. ხოდა, წააგებინეს რა ბიჭებსა... რა, არ იცოდი ეგრე რო იყო?
- რეებს ბოდიალობ შენ კაცო?! იმას ვინ დაიჯერებს, რომ სომხებმა ჩვენთან 7:0 სპეციალურად წააგეთ. მაგ სირცხვილზე რომელი სომეხი მოაწერდა ხელს? შენ მოაწერდი?
- გეუბნები ”ხაზეინებმა” მეთქი... აბა, ჩემთვის და სეროჟასთვის არაფერი უკითხამთ, თორე ხო იცი?..
- რას იზამდი რო?
- ფეხბურთის იქა... რა ქვია იმასა... ხო, ფიფა! ფიფაში ვუჩივლებდი და თავიდან ჩავატარებინებდი თამაშს!
- სომხეთის მთავრობას უჩივლებდი თუ ფეხბურთის ფედერაციას?
- ეეე... მაინც დაიწყე შენებურად ხო? წადი, საქმეს მიხედე რა! ხო ხედავ, კლიენტები როგორ გიყურებენ – ეს გიჟი ვინ არიო... სეროჟ, ჩემი ”ბრიტვა” რა იქნა?
ამ დიალოგს სად მოისმენ, თუ არა თბილისის ღარიბულ საპარიკმახეროში, სადაც ჯერ ისევ იგრძნობა ძველი ქალაქის სუნთქვა. სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ ნოსტალგიაშერეული ქართულ-სომხური საფეხბურთო ”მტრობა” და მინდორზე მოთამაშე ულვაშებიანი ბიჭები, თბილისსა და ერევანში სიმღერებს რომ უძღვნიდნენ. სწორედ ამ ხალხის გულში ცხოვრობს ნამდვილი ფეხბურთი!

 

ლევან სეფისკვერაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092867