ინტერვიუები

16:37 | 1.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

პასკუალე მარინო: “მატჩებს საგარეოდ და საშინაოდ არ ვახარისხებთ”

სერია A-ს გასულ ტურში კახა კალაძის “ჯენოამ” “ნაპოლის” 3:2 მოუგო, რითაც ამავე გუნდთან გასული წლის 12 დეკემბერს განცდილი გამანადგურებელი ანგარიშით 1:6 მარცხის რევანში აიღო. დღეს გენუელები ბერგამოში იქაურ “ატალანტას” შეხვდებიან და ამ მატჩის წინ ჟურნალისტებმა “ჯენოას” მთავარ მწვრთნელს პასკუალე მარინოს წინასაშეხვედრო ინტერვიუ ჩამოართვეს.


- როგორი განწყობით ხვდებით “ატალანტასთან” მატჩს?
- ბერგამოში იმავე სასტარტო შემადგენლობის დაყენება მინდა, რომელიც “ნაპოლის” დაუპირისპირდა. იმედია, ფეხბურთელთა ჯანმრთელობა და ფიზიკური კონდიცია საამისო საშუალებას მომცემს. ოპტიმისტურად ვუყურებ ბიონდინის მდგომარეობას, იმედია სკულიც დაგვეხმარება. მას გასულ ტურში კოჭში მტკივნეული დარტყმა მოხვდა, თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა არ მიუღია. მატჩის დაწყებამდე 4-5 საათით ადრე გუნდის ექიმებს მოვეთათბირები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.
- გუნდის სათადარიგოთა სკამი არ გაკმაყოფილებთ? წინააღმდეგ შემთხვევაში, როტაციას არ უნდა უშინოდეთ...
- როტაციის ნამდვილად არ მეშინია, უბრალოდ ფეხბურთში დაუწერელი კანონი მოქმედებს – გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან. იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული შემადგენლობის ცვლილება მიხდება, რაც უპირველესად ტრავმებითაა გამოწვეული. სტაბილური შემადგენლობა წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. როდესაც მწყობრში “ჯენოას” ყველა მოთამაშე ჩადგება, როტაციის მეტი შესაძლებლობაც მომეცემა და თამაშის გაუმჯობესების შანსიც.
- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ ბოლონიაში? სტუმრის სტატუსიდან გამომდინარე, აქცენტს ფრთხილ თამაშზე გააკეთებთ?
- ჩემთვის უმთავრესი შედეგია და ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ. მთავარია, ბიჭებმა საბრძოლო განწყობით ითამაშონ და კოლექტიური ასპარეზობა არ დაავიწყდეთ. არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუკი მაყურებელი ისეთსავე “ჯენოას” იხილავს, როგორი “როსობლუც” ნეაპოლელებთან დაპირისპირებისას ნახა. გუნდი ერთიანი, შეკრული ორგანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბიჭებს კარგად ესმით, რომ სეზონის გადამწყვეტი ეტაპი დაუდგათ. წინა მატჩიდან განსაკუთრებით ბოშკო იანკოვიჩი მსურს გამოვყო. სერბი შუახაზელი როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში იღებდა აქტიურ მონაწილეობას.
- რამდენად კმაყოფილი ხართ როდრიგო პალასიოსა და ალბერტო ჯილარდინოს თამაშით?
- ეს კითხვა იმიტომ ხომ არ დამისვით, ნეაპოლელებს გოლები სწორედ ამ ფორვარდებმა რომ გაუტანეს? ამ თავდამსხმელთა ოსტატობაში დასარწმუნებლად დიდი დრო საჭირო არაა. მათ რენომეს სტატისტიკა და კარიერის წინა წლებიც ადასტურებს.
- მიმდინარე სეზონში “ჯენოას” გასვლაზე უჭირს...
- ამის უმთავრესი მიზეზი ტრავმიანობაა. თანაც, ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში იკვეთება, თორემ ჩემპიონატის დასაწყისში გასვლაზე “ლაციოს” და “სიენას” ვძლიეთ, ტურინში კი “იუვენტუსს” 2:2 დავუზავდით. ისე კი, მატჩებს საგარეოდ და საშინაოდ არ ვახარისხებთ. მინდორზე სათამაშოდ გასული ჯენოელები ყოველთვის თავდადებით თამაშობენ და სასურველი შედეგის მიღწევას მაქსიმალურად ცდილობენ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096453