25 იანვარი - ეს ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. თავად განსაჯეთ, ამ დღეს (ცხადია, სხვადასხვა წლებში) სამყაროს ისეთი დიდოსტატები მოევლინნენ, როგორებიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, “მოზამბიკელი ავაზა” ეუსებიო, გასული საუკუნის 80-იანი წლების არგენტინელი ვარსკვლავი, რიკარდო ბოჩინი, “ბარსელონას” უზადო ნახევარმცველი, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ხავი ერნანდესი, ამჟამად “მილანის” ბრაზილიელი ფორვარდი რობინიოა. ამ დიდებულ ჩამონათვალშიც კი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ედუარდუ გონსალვეშ დე ანდრადეს. შესაძლოა, ბევრი თქვენთაგანი ვერც კი მიხვდა რომელი ფეხბურთელი ვახსენეთ, მაგრამ თუკი ამ ადამიანის მეტსახელს, ტოსტაოს მოგახსენებთ, ყველაფერი “თავის ადგილას დადგება”. პელეს, გერსონის, ჟაირზინიოს, რიველინოს, კარლოს ალბერტოს ღირსეულმა პარტნიორმა ტოსტაომ, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, თავისი კლუბებისა და ბრაზილიის ნაკრებში სხვადასხვა ტურნირებზე არაერთი ფენომენალური მატჩი ჩაუტარებია და რომ არა თვალის ტრავმა, გაცილებით მეტი ხნის განმავლობაში მოიყვანდა აღტაცებაში მაღალტექნიკური, შემტევი ფეხბურთის მოყვარულებს.
ბავშვობაში ედუარდუ მომცრო ტანის, ფიზიკურად სუსტი იყო. მწვრთნელებს დამწყები ფორვარდის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ, თანატოლებმა კი მეტსახელად “პატარა მონეტა” (ტოსტაო) შეარქვეს. დღემდე, ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელს, ყველა ტოსტაოთი მოიხსენიებს. თავის პირველ გუნდში “პატარა მონეტა” მამის მეგობრის იტაი ვილელას წყალობით მოხვდა. ვილელა “ამერიკას” წვრთნიდა და სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი ტოსტაოს ფეხბურთელად ჩამოყალიბების საქმეში. პირველმა დამრიგებელმა, ბიჭუნა ფიზიკურად ცოტათი მოამძლავრა, თუმცა, წვრთნისას აქცენტს მაინც ტოსტაოს ტექნიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე აკეთებდა. ვილელას რწმენით, ფეხბურთში მოქნილობა, ჭკუა, პასის კულტურა და ბურთის ფლობის ტექნიკა ყოველგვარ ათლეტურ მომზადებაზე გაცილებით მაღლა დგას.
16 წლის ტოსტაოს ყურადღება ბრაზილიის გამორჩეულმა კლუბმა “კრუზეირომ” მიაქცია. მომავალმა ვარსკვლავმაც სწორედ ბელუ ორიზონტეს გუნდში გაატარა საკუთარი კარიერის ყველაზე დიდი და გამორჩეული ნაწილი. 9 სეზონის განმავლობაში, იგი კრუზეიროელთა ღირსებას იცავდა და 378 მატჩში, 249 გოლი გაიტანა. ტოსტაო 5-ჯერ გახდა მინას ჟერაისის შტატის ჩემპიონი (იმხანად ბრაზილიის გაერთიანებული ჩემპიონატი არ ტარდებოდა) და ამდენჯერვე გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ბრაზილიის თასსაც დაეუფლა. ტოსტაო ბომბარდირული თვისებებით გამოირჩეოდა, ამასთან, მწვავე და დროული პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს და მათი მისამართით უამრავი შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული.
ტოსტაოს კარიერის ნაადრევად შეწყვეტაზე, 1968 წელს მომხდარმა ამბავმა იმოქმედა. ბრაზილიის თასის მატჩის მსვლელობისას, “კორინთიანსის” მცველმა დიტაომ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან მოიგერია და მძლავრად დარტყმული ტოსტაოს თვალში გაარტყა. ტრავმას ბადურის ჩამოშლა მოჰყვა, რის გამოც, ტოსტაო ცალი თვალით პრაქტიკულად დაბრმავდა. ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გაკეთებულმა ოპერაციამ მისი მდგომარეობა დიდად ვერ შეამსუბუქა, თუმცა, ტოსტაო მაინც ძველებური ჟინითა და რაც მთავარია, ოსტატობით განაგრძობდა თამაშს. 1969 წელს, იგი ბრაზილიის ნაკრებში დააბრუნეს და ტოსტაომ მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გაიბრწყინა. მან 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მუნდიალის საგზურის მოპოვებაში ბრაზილიელებს დიდი სამსახური გაუწია. მსოფლიოს ჩემპიონატამდე სამიოდე თვით ადრე კი, ტოსტაო ხელმეორედ საოპერაციო შეიქნა. ოკულისტებმა ფილიგრანულ დონეზე ჩაუტარეს ოპერაცია, თუმცა, მექსიკაში გამგზავრება არ ურჩიეს – საკმარისია, ბურთი სახეში მოგხვდეს და მეორე თვალიც საფრთხეში ჩავარდებაო. ტოსტაომ ვარჯიში განაახლა, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა მარიო ზაგალომ (მან მუნდიალამდე ცოტა ხნით ადრე, ჟოაო სალდანია შეცვალა) კი “პატარა მონეტა” განაცხადში შეიყვანა. ფორვარდმა დამრიგებელს რისკი და იმედი სრულად გაუმართლა. მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტოსტაომ ექვსივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და მუნდიალის ერთ-ერთი გმირიც გახდა.
ავადმყოფობამ მაინც თავისი გაიტანა და 1973 წელს, 26 (!) წლის ასაკში, ტოსტაომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მან ექიმის პროფესია აირჩია და არავის გაუკვირდა, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტი ოკულისტის განხრით დაასრულა. იგი ენთუზიაზმით შეუდგა თვალის პრობლემების მქონე პაციენტთა მკურნალობას, თუმცა ფეხბურთის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და ფეხბურთს სპორტული ჟურნალისტის რანგში დაუბრუნდა. სადღეისოდ, ტოსტაოს ბრაზილიის ნაკრების მატჩების რეპორტაჟები მიჰყავს და მისი ხმის გაგონებაზე ხანდაზმულ გულშემატკივრებს ტანში ჟრუანტელი უვლით.
ტოსტაოზე ჩანახატი კი, პელეს სიტყვებით გვინდა დავასრულოთ. ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ ამბობს: “ტოსტაოს ეულადაც კი შეეძლო თამაშის “გაკეთება” და იგი ჩემი საყვარელი პარტნიორია”.
გოჩა კაჭარავა









