მიმდინარე სეზონში, “მილანის” წინა ხაზი შთამბეჭდავად გამოიყურება –რონალდინიოს, რობინიოს, პატოსა და იბრაჰიმოვიჩის ოთხეული, იტალიურმა პრესამ უკვე შერაცხა “ოთხ მუშკეტერად”. იტალიის ჩემპიონატის სტარტზე “ლეჩესთან” (4:0) დუბლის შემსრულებელი ბრაზილიელი პატო თვლის, რომ მომავალ მატჩებში ერთდროულად ყველა “მუშკეტერის” გამოყენება, გუნდს მხოლოდ წაადგება, თუმცა, შესაბამისი ტაქტიკის არჩევაა საჭირო. გარდა ამისა, La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 21 წლის ბრაზილიელმა არ დამალა, რომ სურს, შარშანდელის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” კარში გოლები კვლავ გაიტანოს.
- სეზონის დაწყებამდე გუნდის მიერ გატარებულმა სატრანსფერო პოლიტიკამ, რამდენად დაგაკმაყოფილათ?
-”მილანმა” ორი საუცხოო ფეხბურთელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობინიო შეიძინა. ახლა, მთავარ მწვრთნელს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ოთხივეს ერთად შეგვიძლია თამაში და გუნდისთვის სარგებლის მოტანა. მართალია, მოედანზე ოთხი შემტევი ფეხბურთელის გამოყვანამ, შესაძლოა, უკანა ხაზი ძალიან დატვირთოს, მაგრამ ძალების დაბალანსებაა საჭირო. ისეთი ტაქტიკა უნდა შეირჩეს, რომ ოთხივეს მოედანზე ყოფნამ, გუნდს სარგებლობა მოუტანოს და არა პირიქით.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს რას შემატებს?
- სიმძლავრეს. მან იცის როგორ ითამაშოს საჯარიმო მოედანში და სახიფათო მომენტების გოლად გადაქცევა შეუძლია. თუმცა, მას სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს.
- რომელი?
- “იბრას” ჯადოსნური ფეხები აქვს, ვიტყოდი, რომ ბრაზილიური ფეხები. ის ძალიან ტექნიკურია და მის გვერდით თამაში ადვილია. ეს პლუსია როგორც ჩემთვის, ასევე, რონალდინიოსთვის და რობინიოსთვის.
- ბერლუსკონიმ თქვა, რომ პატომ მარჯვენა ფლანგზე უნდა ითამაშოს.
- მე იქ ვითამაშებ, სადაც მთავარი მწვრთნელი მეტყვის. შევეცდები, უფრო მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე გასულ სეზონში. საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოგება, საუცხოო იქნებოდა.
- ამას ხელს, თქვენი ფიზიკური კონდიციები, თუ შეუწყობს?
- მას მერე, რაც “მილანში” გადავედი, წონაში 9 კილოგრამი მოვიმატე და სიმაღლეში 8 სანტიმეტრი. ახლა ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ვარ, მაგრამ მთავარი კოზირი –სისწრაფე, არ დამიკარგავს. ახალმა პატომ უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, მათ შორის თავითაც.
- რობინიოსთან ერთად, ვარჯიშზე ნამდვილი შოუ მოაწყვეთ...
- რობინიოსთან ერთად ვერთობი ხოლმე, ის ძალიან სწრაფი და მოქნილია. ბურთს როგორ ეპყრობა... ვფიქრობ, იტალიაში ის თავის დამკვიდრებას შეძლებს.
- რობინიომ აღიარა, რომ “მილანზე” უკვე შეყვარებულია...
- ის მუდმივად მეკითხება ყველაფრის შესახებ – მეტის გაგება სურს გუნდსა და ქალაქზე. მას სურს, რაც შეიძლება სწრაფად ისწავლოს იტალიური ენა, რათა მწვრთნელსა და პარტნიორებს ესაუბროს.
- რონალდინიომ, რობინიოს სახით, საუკეთესო მეგობარი მიიღო...
- დიახ, მეგობრობაც მნიშვნელოვანია. მეგობრობა და ერთ მუშტად შეკვრა, შედეგის მისაღწევად აუცილებელია. ბედნიერი ვარ, რომ რონალდინიო გუნდში დარჩა და მჯერა, ის კიდევ არაერთხელ დაგვეხმარება. ჩემი აზრით, “დინიოს” შეუძლია, დიდი გამარჯვებების მისაღწევად გუნდის ტრამპლინი გახდეს.
- “ინტერი”, “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში, ფავორიტად აღარ ითვლება?
- მოწინააღმდეგეებს ვაფასებთ, მაგრამ მათი არ გვეშინია. “ინტერისაც” კი, მაგრამ...
- მაგრამ?
- ბოლო დღეებში იბრაჰიმოვიჩზე და რობინიოზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ვფიქრობ, ტყუილუბრალოდ, რადგან გუნდში კიდევ ბევრი საუცხოო ფეხბურთელია, რომელთაც გამარჯვებების მოტანა შეუძლიათ – რონალდინიო, ტიაგო სილვა, ნესტა... “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით, ეს უკანა ხაზს ეხება – მნიშვნელოვანი არა მხოლოო ისაა რამდენს გაიტან, არამედ, რამდენს გაუშვებ.
- “ოთხი მუშკეტერის” (რონალდინიო, იბრაჰიმოვიჩი, პატო და რობინიო) “მილანმა”, წესით, ძალიან ბევრი გოლი უნდა გაიტანოს...
- ჩვენ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ მოედანზე სრული ურთიერთგაგება დავამყაროთ. ციდან მთვარის მოწყვეტას ნუ მოგვთხოვთ. პოტენციალი გვაქვს და მის რეალიზებას შევეცდებით.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალთან” მოგიწევთ შეხვედრა...
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ბოლო შეხვედრიდან ფანტასტიური მოგონებები დამრჩა - მაშინ “დუბლი” შევასრულე. ეს, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ახალი ფორმაციის “მილანს”, “ბერნაბეუზე” გამარჯვება ისევ შეუძლია. მთავარია, მეტოქეზე მეტი გოლი გავიტანოთ.
- დუნგას წასვლის შემდეგ, თქვენ კვლავ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნაწილი გახდით...
-ბრაზილიის ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენ თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგვიწევს, რომელიც მშობლიურ მიწაზე ჩატარდება. ეს, დიდი პატივი და გამოწვევაა. ბუნებრივია, რომ მსურს, ეროვნული გუნდის ნაწილი ვიყო, მაგრამ ახლა, ამაზე საუბარი ნაადრევია. დღესდღეობით, პირველყოვლისა, გამარჯვებების მიღწევა “მილანთან” ერთად მინდა.
-” სკუდეტო”? ჩემპიონთა ლიგა?
-შესაძლოა, ორივე ერთად. ეს ფანტასტიური იქნებოდა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







