ინტერვიუები

10:21 | 23.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

პაველ ნედვედი: "ნებისმიერ ადამიანს, ცხოვრების თავისი განუმეორებელი სტილი და გზა აქვს"

პაველ ნედვედის დონის ფეხბურთელებს, აქტიური კარიერის შეწყვეტის შემდეგ, “ახალ ცხოვრებასთან” გაშინაურება უჭირთ და ხშირად, სევდაშეპარული ნოტით საუბრობენ წარსულზე. ჩეხეთის ნაკრების, რომაული “ლაციოსა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია – “ბებერი სინიორას” დირექტორატის წევრი, სამოთამაშეო ეპოქაზეც სენტიმენტების გარეშე საუბრობს და მომავლისკენაც ოპტიმიზმით აღსავსე იმზირება.
- აქტიურ საფეხბურთო კარიერას 2009 წლის 31 მაისს დაემშვიდობეთ. თქვენთვის ეს, რაიმე დიდი მოვლენის დასასრული იყო, თუ ასევე მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყისი?
- დასაწყისი. იმ დღეს ხომ ახალი ცხოვრება დავიწყე. როდესაც საფეხბურთო მინდვრიდან მაცილებდნენ, მიღწეულით ბედნიერი გახლდით, ამიტომაც – ბედნიერი, ტრიბუნებზე კი გულშემატკივრები ტიროდნენ. 31 მაისის საღამო უცნაური და იმავდროულად, დაუვიწყარი იყო.
- როდის გადაწყვიტეთ ფეხბურთიდან წასვლა?
- 2006 წელს, “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს, მე კი დავიფიცე, “ბებერ სინიორას” მწვერვალზე რომ დავაბრუნებდი. სიტყვა დიდწილად შევასრულე კიდეც. უძლიერესთა რიგებში დაბრუნების პირველსავე სეზონში, “იუვემ” მესამე საფეხურზე დაასრულა ჩემპიონატი, მომდევნო წელს კი ვიცე-ჩემპიონები გავხდით. “კალჩოპოლის” სკანდალის შემდეგ, ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა, გუნდში დარჩენილებმა კი, დიდძალი ენერგია შევალიეთ მოწინავე პოზიციაზე დაბრუნების საქმეს. სულ უფრო და უფრო მიჭირდა რთული მატჩებისთვის მზადყოფნაში შეხვედრა. იმ დროისთვის 37 წელი შემისრულდა. მართალია, “იუვენტუსს” საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძველებურად ვეღარ ვითამაშებდი და გუნდს სათანადო დახმარებასაც ვეღარ გავუწევდი. “იუვეს” ახალი სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. ვხვდებოდი, “ბიანკონერის” პროექტის ნაწილად ყოფნა აღარ შემეძლო. ამიტომაც, წერტილის დასმა განვიზრახე. ჩემი პირადი აგენტი რაიოლა მარწმუნებდა, რომ კიდევ გარკვეული პერიოდი, ძველებურად შემწევდა თამაშის უნარი, იმასაც მეუბნებოდა, რამდენიმე კლუბისგან ხელსაყრელი წინადადება რომ მქონდა, მაგრამ მე საკუთარ თავს, სხვა გუნდის მაისურით მოასპარეზეს ვეღარ შევეგუებოდი.
- რამდენიმე დღის წინათ გაცხადდა, რომ 2009 წლის ზაფხულში ჟოზე მოურინიო დაგიკავშირდათ და “ინტერში” გადასვლა შემოგთავაზათ. იქნებ, გულშემატკივრებს იმ საუბრის დეტალები გააცნოთ?
- გითხრათ ნამდვილი, ძალიან გამიკვირდა, ტელეფონში მოურინიოს ხმა რომ გავიგე. პორტუგალიელმა საქებარი სიტყვებით ამავსო, შემდეგ კი “საქმეზე გადავიდა” და მითხრა, პაველ შენ მჭირდები, რათა “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჟოზეს უარი “ვტკიცე” – აკი, მოგახსენეთ, “იუვენტუსის” გარდა, სხვა გუნდის, მათ შორის “ინტერის” მაისურით მოასპარეზე საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა.
- ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
- გასახდელის ატმოსფერო – დაღლილობის გრძნობა და ბიჭების ხუმრობა.
- “იუვენტუსის” ამჟამინდელ მეპატრონესთან, ანდრეა ანიე-ლისთან ურთიერთობა როგორ ააწყვეთ?
- პირველად, იგი მამასთან, უმბერტო ანიელისთან ერთად ვიხილე. შეხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – მივხვდი, რომ “იუვე” არა მარტო ტოპკლუბი იყო, არამედ საოჯახოც, სადაც ძალიან უფრთხილდებოდნენ საკლუბო და საგვარეულო ტრადიციებს. გაცნობისას, ანიელებმა ინგლისურად დამიწყეს საუბარი, არადა, ტურინში გადასვლამდე, 5 წელი ხომ “ლაციოში” ვთამაშობდი და იტალიურიც ათვისებული მქონდა. ანიელების ნათქვამიდან სიტყვაც ვერ გავიგე, ისინი მიხვდნენ, ინგლისურის ინჩი-ბინჩი რომ არ გამეგებოდა და ახარხარდნენ. მე და ანდრეას მსგავსი ხასიათი გვაქვს, ფეხბურთის ხედვაც იდენტური გაგვაჩნია და ოცნებაც საერთო გვაქვს, რომელსაც ჯერჯერობით, ვერ გაგიმხელთ. ხომ იცით, ფეხბურთელები ცრუმორწმუნენი რომ ვართ.
- ამჟამად, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობაში მუშაობთ. კონკრეტულად რა გევალებათ?
- როდესაც ანდრეა ანიელი შემეხმიანა და საკლუბო ოფისში სამსახური შემომთავაზა, გაოცებული დავრჩი. თუმცა, მას დიდ პატივს ვცემ და უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. ჩემი ამოცანაა ყოველდღიურად გუნდთან ერთად ვიყო, მჭიდრო კონტაქტი მქონდეს დელ ნერისთან, მაროტასთან, პარატისთან, პესოტოსთან და შეძლებისდაგვარად დავეხმარო.
- ალბათ, ბუფონთან დიალოგიც გევალებათ...
- ჯანლუიჯის უკვე შევხვდი და მომავალშიც მასთან საქმიანი ურთიერთობა მექნება. იგი ძალიან გულგატეხილია. მშვენივრად მესმის ბუფონის – როდესაც მძიმე ტრავმისა და ოპერაციის გამო ამდენ ხანს გიწევს უქმობა, კაეშანის შემოწოლა ჩვეულებრივი მომენტია. შესაძლოა, ჯიჯი უფრო ადვილად იტანს უთამაშებლობას იმის გამო, ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე ხშირად ყოფნა რომ არ უწევს.  
- “იუვენტუსის” საკლუბო ოფისში, საკუთარი კაბინეტი თუ გაქვთ?
- არა. როდესაც ანდრეა ანიელი მიდის, მის ოთახში შევდივარ და საპრეზიდენტო სავარძელში ვჯდები. პირადი ოთახი კი არ მჭირდება – ოფისსა და მინდორს შორის “გაბმულს”, უკეთესად ვახერხებ კლუბის მართვას.
- ფეხბურთელის ამოცანა უფრო რთულია, თუ ხელმძღვანელის?
- ხელმძღვანელის. მოთამაშე მეომარივითაა – მას რბენა, ბრძოლა, კვება და ძილი ევალება, ხელმძღვანელი კი დღე და ღამე ფიქრშია გართული და პასუხისმგებლობაც მეტი აკისრია.
- მოდით, წარსული გავიხსენოთ და თქვენთვის მტკივნეულ თემას, “კალჩოპოლის” მივუბრუნდეთ. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა 4 წლის წინანდელ ამბებს იხსენებთ?
- თავი არასდროს დამიზოგავს და ვერ წარმოიდგენთ, რა ტიტანური შრომის ფასად დამიჯდა თითოეული სკუდეტო, ჩინოვნიკები კი ადგნენ და, 2 საჩემპიონო ტიტული უსამართლოდ ჩამომართვეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გრძნობა დაგეუფლებათ, კუთვნილს და შრომით დამსახურებულს რომ წაგართმევენ!
- ლუიჯი დელ ნერის ხელში, “იუვენტუსს” წარმატების მიღწევა ხელეწიფება?
- გუნდი სწორ გზაზეა. ანდრეამ ღირსეული და საჭირო თანამშრომლები შეარჩია. “იუვეს” ირგვლივ, მხოლოდ ერთგულება და სიმშვიდეა დასადგურებული. ყველა წინაპირობაა შექმნილი წარმატებების მისაღწევად. “იუვენტუსისთვის”, მოგება ყოველთვის ნორმა გახლდათ და სამომავლოდაც ასე იქნება.
- მილოშ კრასიჩს როგორ დაგვიხასიათებდით?
- ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ჩვენ ხშირად გვამსგავსებენ და მინდა გითხრათ, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტებს ვეთანხმები. მე და კრასიჩს ბევრი გვაქვს საერთო – რბენის მანერა, ყოველ კონკრეტულ ეპიზოდში გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლობის მოტანის მცდელობა, მოწინააღმდეგის კარზე “დაგეშილობა”. ერთადერთი, რაც შემიძლია მილოშს ვურჩიო, ეს შორეული დარტყმების დახვეწაა.
- ალექს დელ პიეროზე რას გვეტყოდით?
- ალე კვლავინდებურად პირველ რიგებშია. იგი ყველასთვის სამაგალითო ფეხბურთელია. წლების მომატებასთან ერთად, დელ პიერო კიდევ უფრო მიზანსწრაფული მოთამაშე გახდა. ვიმედოვნებ, იგი საფეხბურთო კარიერას გააგრძელებს და კვლავ გაგვახარებს გოლებით.
- თქვენი “ოქროს ბურთი” სადაა?
- ...მე მგონი, რომელიღაც ბანკში. მითხრეს, რომ ჩემი ჯილდოები “იუვენტუსის” მიერ მოპოვებულ პრიზებთან ერთად უნდა ინახებოდეს. არ მჩვევია, მიღწეულით ტკბობა და დამსახურებული თასების დათვალიერება – მე მხოლოდ წინ ვიყურები.
- თქვენ ავტობიოგრაფიულ წიგნს “ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება” ჰქვია. “ჩვეულებრიობა” – თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლოა?
- მამა მეუბნებოდა, რომ ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვები, მხოლოდ კვირაობით, 90 წუთი ბურთს დასდევო. იგი მართალი გახლდათ.
- თქვენი 10 წლის ვაჟი პაველინო ცაციაა თუ მარჯვენათი მეტად ეხერხება ბურთის დარტყმა?
- მარჯვენათი თამაშობს, მე კი ორივე ფეხის ერთნაირად ხმარების ათვისებაში ვეხმარები. პაველინო ფეხბურთთან ერთად კალათბურთითაცაა გატაცებული, ჩემს ცოლს კი არ უნდა, სპორტსმენი რომ გამოვიდეს. ოჯახთან დიდ დროს ვატარებ, ამით “დაკარგულის” ანაზრაურებას ვცდილობ. ჩემი ქალიშვილი ივანა 13 წლისაა და მასაც ყოველმხრივ ვანებივრებ.
- პაველ ნედვედი როდესმე თუ დამთვრალა?
- რასაკვირველია. მომქანცველი სეზონის შემდეგ, პირველი რასაც ვაკეთებდი, კარგად “გამოვიბრუჟებოდი” ხოლმე.
- რას აკეთებთ, სხვებისთვის მისაბაძ ადამიანად რომ იქცეთ?
- თუკი, ჩემი თავაზიანობა, მუშაობის კულტურა მომავალი თაობებისთვის გასათვალისწინებელი გახდება, ამას რა აჯობებს, თუმცა, არ მომწონს სიტყვა “მისაბაძი” – ნებისმიერ ადამიანს, ცხოვრების თავისი განუმეორებელი სტილი და გზა აქვს.
- ისეთი რამ თუ გაგიკეთებიათ, რომლის შესრულებასაც ადრეულ ასაკში ვერ წარმოიდგენდით?
- არ მეგონა, ოდესმე წიგნის ავტორი თუ გავხდებოდი.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097833