ინტერვიუები

11:06 | 7.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

პედრო ლეონი "რეალის" მაისურს მუდამ პატივისცემით ჩაიცვამს

ახალგაზრდა ნახევარმცველი პედრო ლეონი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს და "სამეფო კლუბმაც" საკუთარი არჩევანი მასზე შეაჩერა. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც აქამდე "მურსიაში", "ლევანტეში", "ვალიადოლიდსა" და "ხეტაფეში" აქვს ნათამაშები, გასულ სეზონში ამ უკანასკნელის რიგებში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გატანილი გოლის გარდა, თავი ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ამათგან, თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემა, ლეონმა სწორედ "რეალთან" გამართულ შეხვედრაში მიითვალა, მაგრამ გარჯამ არ გაუმართლა და მაშინ "ხეტაფე" 2:4 დამარცხდა.
პედრო ლეონს კარგად ესმის, რომ "სამეფო კლუბში" მასზე დიდი ზეწოლა იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზადაა და ამის დამტკიცებას, პირველსავე ვარჯიშებსა და ამხანაგურ მატჩებზე ცდილობს. ის მზადაა, რომ "რეალის" ღირსება "სისხლის უკანასკნელ წვეთამდე" დაიცვას. ახალწვეულს კლუბის ოფიციალური საიტი ესაუბრა.

- "რეალში" სამი კვირის წინ გადახვედით. რას ნიშნავს თქვენს ეს ტრანსფერი? მადრიდის "რეალი" ხომ "ხეტაფე" სულაც არაა?
- ჩემთვის ეს უდიდეს ცვლილებებს ნიშნავს. თუკი, მადრიდის "რეალი" შთაბეჭდილებებს შორიდანვე ტოვებს, შიგნიდან ის უფრო დიდებული ჩანს. რა თქმა უნდა, აქ მოედანზე ფეხბურთელები ისევე დადიან, როგორც სხვა კლუბებში, მაგრამ კარგად თუ დაფიქრდები, მის სიძლიერეში მომენტალურად რწმუნდები.
- გუნდში როგორ მიგიღეს?
- დიდებულად. აქ კარგი ბიჭები თამაშობენ და ვიმედოვნებ, რომ მომავალი სეზონი "რეალისთვის" წინანდელზე უკეთესი იქნება. ყველამ კარგად მიმიღო და საწუწუნო არაფერი მაქვს, პირიქით, ყველას მადლობას ვუხდი. ჯერჯერებით, ყველაზე მეტად გრანეროს დავუხლოვდი, ალბათ, იმიტომ, რომ მის მხარდამხარ "ხეტაფესა" და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მითამაშია.
- თუ გრძნობთ, რამხელა პასუხისმგებლობაა "რეალის" მაისურით თამაში?
- ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და მას ყოველთვის მაქსიმალური პატივისცემით მოვირგებ. ყველაფერთან ერთად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.
- ჟოზე მოურინიოსთან როგორი შეხვედრა გქონდათ?
- ის ნამდვილი პროფესიონალია და მოთამაშეებთან სიახლოვე უყვარს. მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ვიმედოვნებ, რომ ეს მძიმე ვარჯიშები, სეზონის მსვლელობისას დადებითად წაგვადგება. თავდაუზოგავი შრომა ძალიან კარგია, რადგანაც მუდმივ პროგრესს განიცდი და მომავალში, ეს ყველაფერი კარგი ფეხბურთის ჩვენებაში დაგვეხმარება.
- მომავალ სეზონში რა მიზანს ისახავთ?
- ეს ის გუნდია, რომელიც ყველა შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის და ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვებისთვის იბრძვის. თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.
- დანარჩენ ახალწვეულებზე რას იტყვით?
- ყველა მათგანი ახალგაზრდაა და "რეალს" მომავალშიც დიდ წარმატებებს მოუტანენ. დი მარიამ გასული სეზონი "ბენფიკაში" ბრწყინვალედ ჩაატარა და ძლიერ დაგვეხმარება. ხედირა ძალიან ძლიერია, კანალესს კი, უდიდესი მომავალი აქვს. გუნდს ყველა მათგანი გამოადგება.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096361