გულშემატკივრის სვეტი

10:34 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

პელე და ქართველები

როგორც საფეხბურთო წრეებში ცნობილი პერსონა ნიკო პატარქალიშვილი ირწმუნება, შემოდგომაზე საქართველოში “ფეხბურთის მეფედ” მიჩნეული პელე უნდა ჩამოვიდეს. გემახსოვრებათ, პატარქალიშვილმა 2 წლის წინ, თბილისში დიეგო მარადონაც ჩამოიყვანა, თუმცა მარადონას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მაშინდელ ჩვენთვის არცთუ საამაყო ფაქტების გახსენებას, ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ.
 პელეს თბილისში ვიზიტის გამო, საქართველოში უკვე დიდი მითქმა-მოთქმაა  დაწყებული. ერთნი, პელეს ვიზიტს დიდი სიხარულით ელოდებიან, რადგან ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის (თუნდაც ხნიერის) თვალნათლივ ხილვა, ბევრისათვის მთელი ცხოვრების ოცნება იყო. მეორენი კი, უბრალოდ ვერ ხედავენ პელეს აქ ჩამოსვლის მიზეზს. პელეს გადარეული ქომაგი არასოდეს ვყოფილვარ თუნდაც იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ, როდესაც ამ ქვეყანას მოვევლინე, მაშინ ედსონ არანტესს, თავი ფეხბურთისათვის უკვე კარგა ხნის დანებებული ჰქონდა და ჩემი თაობის მხრიდან პელეს სიყვარული, დამერწმუნებით, რომ ზედმეტად არაბუნებრივი და არალოგიკური იქნება. სამაგიეროდ, კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პელეს ფეხბურთით (თუნდაც რადიომიმღების საშუალებით) ტკბებოდნენ და თბილისში ისეთ ხალხსაც კი ნახავთ, რომლებმაც “დიადი საბჭოეთის” პერიოდში “გაბედეს” და საბჭოთა კავშირის ნაკრებზე მეტად, ბრაზილიას, სწორედაც რომ პელეს გენიალური თამაშის გამო გულშემატკივრობდნენ.
 დაზუსტებით არავინ იცის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, პელე რას მოიმოქმედებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარადონას მსგავსად, ჩვენს “ეროვნულზე” მანაც ბურთი გააგოროს, რადგან ახლა, 70 წელს მიტანებული პელეს საქმე, ბურთთან ერთად რბენა ნამდვილად აღარაა. პრესკონფერენციას რომ გამართავს და ქართული ფეხბურთისადმი (უფრო სწორად, ქართული ფეხბურთის წარსულისადმი) დითირამბებს რომ არ დაიშურებს, ეს ისედაც ცხადია. შემდეგ, ალბათ, წაიყვანენ მცხეთაში, სადაც აჩვენებენ ჯვრის მონასტერს. მთის წვერზე აშენებული ჯვრის მონასტრის დანახვის შემდეგ, პელე, ალბათ, პარალელსაც გაავლებს რიო დე ჟანეიროში ასევე მთაზე აშენებულ ჯვრის ფორმის ქრისტეს ქანდაკებასთან და ამ ფაქტზე, ქართული ყვითელი პრესის რომელიმე ჟურნალისტი გვარიან სტატიასაც გამოაცხობს, მაგრამ საბოლოოდ რა ხეირი გვექნება დიდი ბრაზილიელის სტუმრობისაგან, ეს ჯერაც გაურკვეველი რჩება.
 ნიკო პატარქალიშვილსა და მის მეგობრებს, შესაძლებელია, ასეთი რამ უკვე მოფიქრებულიც კი ჰქონდეთ, მაგრამ მაინც დავწერ ჩემი უფროსი, საკმაოდ ასაკოვანი მეგობრის საინტერსო მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა შეუძლია გააკეთოს პელემ ქართული ფეხბურთისთვის. ეს ადამიანი მიიჩნევს, რომ თუკი, პელე საქართველოში მართლაც ჩამოვა, აუცილებლად უნდა შეახვედრონ ბავშვებსა და ზოგადად ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს და ამ შეხვედრაზე ბრაზილიელმა ლეგენდამ, ქართველ ახალგაზრდებს დაწვრილებით უნდა უამბოს მთელ იმ პრობლემებსა და წინააღმდეგობებზე, რაც ბრაზილიაში მას და მის თაობას ექმნებოდა. ბავშვობაში ფეხბურთს როგორ თამაშობდნენ ნახვერად მშივრები, როგორ არ ჰქონდათ არანაირი სპორტული ამუნიცია, როგორ ოცნებობდნენ ნამდვილ, ტყავის ბურთებზე და პელემ ისიც უნდა მოჰყვეს, პირველად ბუცები 16 წლისას, ერთ-ერთ ბრაზილიურ კლუბში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ რომ ეღირსა. თუ პელე ამგვარ, ერთგვარ მეგობრულ ლექციას ჩაატარებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც გაუკეთებს კარგ საქმეს ქართულ ფეხბურთს, რადგან საქართველოში ძალიან ბევრს ჰგონია, რომ მაღალ დონეზე, ფეხბურთს მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ და წარმატებულ ქვეყნებში თამაშობენ, რომ ჩვენს ფეხბურთში არსებული პრობლემები, თითქოსდა, მხოლოდ უსასხრობის გამოისობით არსებობს და არაფერ შუაში არ არის ჩვენი “ფეხებზემკიდია” და დარდიმანდული დამოკიდებულებები, რის გამოც, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ამდენი პრობლემა მოგვეძალა.
 ზოგი, ალბათ, იმასაც იტყვის, რომ პელე, რიველინო, გარინჩა და მისი თაობის სხვა ბრაზილიელი ფეხბურთელები რარიგი თვითნაბადი ტალანტები იყვნენ, ისინი ისედაც ითამაშებდნენ ფეხბურთს, რადგან დიდი ტალანტის წინაშე, მრავალი დაბრკოლება არაფერია. პელეს დიდ ფეხბურთელობაში ეჭვის შეტანა სისულელე იქნება, მაგრამ ბავშვობაში პელე, ან გარინჩა, ბურთს ცალ-ცალკე ხომ არ დააგორებდნენ? მათთთან ერთად სხვა ბვავშვებიც ხომ თამაშობდნენ, რომელთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ვერ გახდა ცნობილი ფეხბურთელი... ციდან ხომ არ ჩამოვარდნენ ეს ბავშვები? ვინ ასწავლა მათ ფეხბურთის თამაში ისე, რომ მათი რიგებიდან წამოვიდნენ ასეთი თვალშეუდგამი ვარსკვლავები? ეს “ვინ”, და “რა”, მხოლოდ და მხოლოდ ბრაზილიელი ხალხი და ბრაზილიელთა ფეხბურთისადმი მიდგომაა.
 სწორედ ამის გაგება სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველაზე მეტად. მგონი ადრეც დავწერე, რომ ფეხბურთში მხოლოდ ფული და ეკონომიკური წინსვლა რომ წყვეტდეს ყველაფერს, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ერთმანეთს აშშ-ქუვეითი, ან დანია-კანადა შეხვდებოდნენ.

ლევან სეფისკვერაძე  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164767