ორი წლის წინ პეპ გვარდიოლას “ბარსელონამ” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დრამატულ ფინალში არგენტინული ლა პლატას “ესტუდიანტესს” დამატებით დროში, ლეო მესის გოლით მოუგო და მუნდიალის ჩემპიონობა მოიპოვა. ხვალ კი კატალონური გრანდი კიდევ ერთხელ ჩაებმება ხსენებულ ტურნირში. კამპ ნოუელთა სანახევარფინალო მოწინააღმდეგე აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ყატარის დოჰას “ალ სადი” იქნება. ეს მატჩი იაპონურ იოკოჰამაში ჩატარდება და ჟურნალისტებმა “ბარსას” დამრიგებელს არაბებთან წინასაასპარეზო განწყობაზე ჰკითხეს.
- 15 დეკემბერს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ჩაებმებით. რა მიზანს ისახავს თქვენი გუნდი?
- ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა, რომელშიც კი ვმონაწილეობთ. საკლუბო მუნდიალს მთელი სერიოზულობით ვუდგებით და კიდევ ერთხელ გვსურს მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება.
- რამდენიმე დღის წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაატარეთ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. კასტილიელთა წინააღმდეგ თამაშს “ბარსელონა”, როგორც წესი, ყოველმხრივ მომზადებული ხვდება. არ გაგიჭირდებათ მოკლე ხანში გუნდის ფორმის პიკზე კიდევ ერთხელ გაყვანა?
- გითხრათ სიმართლე, “ელ კლასიკოსთვის” განსაკუთრებულად არასდროს ვემზადებით. ცხადია, პრინციპული მოწინააღმდეგის დამარცხების დიდი სურვილი გვამოძრავებს, მაგრამ “რეალთან” მატჩი, გამორჩეული, მაგრამ მაინც ერთი საჩემპიონატო პაექრობაა. “ბარსელონა” ნებისმიერი ოფიციალური შეხვედრისთვის სრული პასუხისმგებლობით ემზადება და შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ფორმის პიკზე გასვლას ყოველი მატჩის წინ ვცდილობთ.
- იაპონიაში 13 საათიანი საავიაციო გადაფრენის შემდეგ ჩამოაღწიეთ. მოასწრებენ თქვენი ბიჭები ძალის აღდგენას და აკლიმატიზაციის გავლას?
- საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ამომავალი მზის ქვეყანაში პირველი მატჩის ჩატარებამდე 8-10 დღით ჩამოვსულიყავით. წინა საკლუბო მუნდიალზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში გახლდით – აბუ დაბისთან ჩვენი ჩვეული დრო მხოლოდ 2 საათით განსხვავდება. ისე არ გამიგოთ, თითქოს ვწუწუნებდე ან თავს ვიზღვევდე. “ბარსელონასთვის” დიდი პატივია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა და ყველაფერს გავიღებთ საიმისოდ, რათა ღირსეულად დავიცვათ არა მარტო კატალონიის, არამედ მთლიანად საფეხბურთო ევროპის ღირსება.
- იაპონიაში ადრე თუ ხართ ნამყოფი და თუ ასეა, როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ამომავალი მზის ქვეყნის კულტურამ და მისმა მცხოვრებლებმა?
- იაპონიაში პირველად რამდენიმე წლის წინ ვიყავი, როდესაც “ტოიოტას თასზე” “სან პაულუს” შევხვდით. სამწუხაროდ, ბრაზილიელებმა 2:1 მოგვიგეს, მე კი იაპონიის კარგად გასაცნობად დრო არ მეყო. მოვასწარი მხოლოდ იმის შეტყობა, რომ იაპონია უდიდესი და საინტერესო კულტურის მქონე ქვეყანაა. იოკოჰამაში ერთი კვირის განმავლობაში ვცხოვრობდით. იქაურმა ადამიანებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ყველაზე მეტად კი იაპონურმა სამზარეულომ მომხიბლა. სამწუხროდ, საფეხბურთო ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩასულებს დრო არ გვრჩება მათი კულტურის გასაცნობად. ახლაც, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ძნელია ბიჭებს სასტუმროს ნომერში დასვენების ნაცვლად, ქალაქში ფეხით გასეირნება მოსთხოვო.
- წლეულს იაპონიას არაერთი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. როგორ გგონით, ფეხბურთს ჭრილობების მოშუშებაში ხელის შეწყობა შეუძლია?
- იაპონელებმა მეტად ძლიერი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს და ეჭვიც არ მეპარება, ავდრით გამოწვეულ სირთულეებს უმოკლეს დროში დააღწევენ თავს. ამ საქმეში წვლილის შეტანა ფეხბურთსაც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, “ბარსელონა” ლამაზი თამაშის ჩვენებით შეეცდება, იაპონელები სტადიონის ტრიბუნებსა თუ ტელეეკრანებთან მიიზიდოს და საათნახევრით ადამიანებმა თავიანთ პრობლემებზე არ იფიქრონ.
გოჩა კაჭარავა









