მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი პეპე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედს” უგულშემატკივრებს. წლის გადამწყვეტ მატჩში, “წითელი ეშმაკების” მეტოქე “სამეფო კლუბის” “მოსისხლე მტერი” “ბარსელონა” იქნება, თუმცა, 28 წლის პორტუგალიელი საკუთარი სიმპათიის მიზეზად, მანჩესტერელთა რიგებში მისი მეგობრების თამაშს ასახელებს.
AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პეპემ უეფა გააკრიტიკა, რომელმაც რასისტული გამონათქვამის გამო, ბარსელონელი სერხიო ბუსკეტსი არ დასაჯა. ამასთან, მას მარსელო ლეგენდარულ რობერტო კარლოსზე უკეთეს ფეხბურთელად მიაჩნია.
- რამდენად სწორი იყო უეფას გადაწყვეტილება, რომლითაც მან სერხიო ბუსკეტსი მარსელოს მისამართით რასისტული გამონათქვამებისათვის არ დასაჯა?
- სამწუხაროა, მათ რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. გარკვეული ტენდენციასავით ჩამოყალიბდა. აი მაგალითად, დანი ალვეშს არც კი შევხებივარ, მაგრამ წითელი ბარათი მაინც მაჩვენეს. უბრალოდ, ჩემი მოშორობის გზა გამონახეს და ცხოვრება გაგვირთულეს, თანაც, ჩვენი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც დასაჯეს. მთელმა მსოფლიომ დაინახა რაც ბუსკეტსმა მარსელოს უთხრა და აქ ორი აზრი არაა. თუკი უეფასთვის ფეირ პლეის პრინციპი ესოდენ მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებში პრინციპული პოზიცია უნდა ეკავოს.
- მარსელომ გითხრათ, რაც მას ბუსკეტსმა უწოდა?
- დიახ, მე მას ვესაუბრე, მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ამ სიტყვების გამეორებას, როდესაც ყველამ ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა.
- დღემდე განიცდით ფინალში ვერმოხვედრას?
- გულდაწყვეტილები ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენი გარჯა სათანადოდ არ დაფასდა. კოლოსალური ენერგია დავხარჯეთ, დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, მოედანზე “ბარსელონაზე” უკეთ გამოვიყურებოდით და ფინალში თამაშსაც ვიმსახურებდით.
- ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში ვის უგულშემატკივრებთ?
- “მანჩესტერ იუნაიტედს”! მე იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის ანდერსონი და ნანი.
- კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ?
- ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს. მსურს, რომ კარიერა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით განვაგრძო.
- როდესაც “რეალის” დაცვის ცენტრში რამოსი-პეპეს წყვილი თამაშობს, მწვრთნელებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ...
- რა თქმა უნდა! სერხიო რამოსთან წყვილში თამაში ძალიან კომფორტულია, ჩვენ მშვენივრად გვესმის ერთმანეთის. ჩემი აზრით, ჩვენი ტანდემი ძალიან კარგად გამოიყურება. “რეალს” ცენტრალურ მცველებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აქვს და ძველებური გაურკვევლობაც აღარასდროს განმეორდება.
- ზედიზედ რამდენიმე კლასიკოს შემდეგ, თქვენ “ანტიმესი” დაგარქვეს...
- ლიონელ მესიმ ჩვენს კართან ვერანაირი ხიფათი ვერ შექმნა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მე ჩემი სამუშაო კარგად შევასრულე.
- კრიშტიანუ რონალდუმ და მარსელომ საუკეთესო სეზონი ჩაატარეს...
- ეჭვგარეშეა! რონალდუმ დიდი ხანია კარგ თამაშს მიგვაჩვია, აი მარსელოს წარმატებამ კი, ძლიერ გამახარა. ბევრი ამბობდა, რომ ის დაცვაში სათანადოდ ვერ გაირჯებოდა, თუმცა, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. მარსელოს რობერტო კარლოსს ადარებენ, მაგრამ მწამს, რომ ის ცნობილი ბრაზილიელის ყველა რეკორდს დაამხობს.
- რამდენად დიდია გუნდის წარმატებაში მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს როლი?
- მოურინიომ საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნა. მან თავისებურად დაგეგმა სამუშაო და ამან ნაყოფი გამოიღო. დააკვირდით, რამხელა პროგრესი განიცადა თითოეულმა ფეხბურთელმა.
- გვპირდებიან, რომ უახლოეს პერიოდში “რეალი” კიდევ უფრო გაძლიერდება. უკვე მიღწეულია შეთანხმება “დორტმუნდის” ნახევარმცველ ნური შაჰინთან. რას იტყვით მის შესახებ?
- ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და რაღაცით წააგავს მესუთ იოზილს, ოღონდ, ბევრად მეტს მოძრაობს უბურთოდ.
- მომავალ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო დაძაბული იქნება?
- ასე მგონია. საგრძნობლად მოვუმატეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს “ბარსელონასთან” უფრო დაძაბული ბრძოლა გვექნება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









