ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი ტურნირი დამსახურებულად მოიგო. “ფურია როხამ” პოლონეთ-უკრაინის სტადიონებზე საუკეთესო თამაში აჩვენა, გუნდი ერთი მიზნით გაერთიანებულია, ეს კი ყოვლად წარმოუდგენელია კოლექტივში ჯანსარი ატმოსფეროს გარეშე. სწორედ ამას გაუსვა ხაზი პირენელთა ნაკრების სათადარიგო მეკარემ პეპე რეინამ Match Magazine-ის კორესპონდენტთან საუბრისას.
- ესპანეთის ნაკრებში ყველაზე ახლო ურთიერთობა რომელ ფეხბურთელებთან გაქვთ?
- “ფურია როხა” ერთ მუშთად შეკრეული, მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან შემდგარი კოლექტივია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდნეს ნამდვილად ვერ მივაღწევდით. ნებისმიერ წევრთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, საუკეთესო მეგობრად კი დავიდ ვილიას ვთვლი. სამწუხაროა, მან ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი რომ გამოტოვა. მის არყოფნაში ყველაზე ხშირი კონტაქტი ფერნანდო ტორესთან, სანტი კასორლასა და ფერნანდო ლორენტესთან მაქვს. მე და ტორესი ნაკრების ავტობუსში ყოველთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიკავებთ ადგილს. “ფურია როხას” ეს კარგად აქვს დაცდილი.
- როდესაც მატჩი არ გქონდათ ჩასატარებელი და ვარჯიშისგანაც თავისუფალი იყავით, როგორ იყენებდით ამ დროს?
- ასეთ დროს მეტოქეების შესაძლებლობების შეფასებით ვიყავით დაკავებული. ყველა შესაძლო მოწინააღმდეგის თამაშს მთელი გულისყურით ვაანალიზებდით. ევროპირველობის ყველა მატჩი არაერთგზის გვაქვს ნანახი და როგორც სხვა ქვეყნების ნაკრებების, ასევე ცალკეული ფეხბურთელების თამაში თავიდან ბოლომდე გვქონდა შესწავლილი.
- დასვენებისთვის დრო თუ გრჩებოდათ?
- მომქანცველი ორჯერადი წვრთის და ინტენსიური სათამაშო გრაფიკის შემთხვევაში თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ გვრჩებოდა. როდესაც ყველაფრისგან მოვიცლიდით, ბიჭები ბანქოს ვთამაშობდით. ვახერხებდით კინოფილმების ყურებასაც.
- ესპანეთის ნაკრების წევრებს მუსიკის მოსმენაც გიყვართ...
- ამ მხრივ სერხიო რამოსი გამოირჩევა, თუმცა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მოგახსენებთ, რომ “ფურია როხას” ფეხბურთელებს შორის ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება მე მაქვს. ბიჭები ერთმანეთს ჩანაწერებს იშვიათად ვუცვლით ხოლმე, თუმცა, თუკი რომელიმე პარტნიორი საამისო თხოვნით მომმართავს, უარს ნამდვილად არ ვეუბნები.
- ხუმრობა თუ გიყვართ?
- რასაკვირველია. გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, რასაც იუმორიც უწყობს ხელს. ამ მხრივ ყველაზე მეტად ხორდი ალბა გამოირჩევა.
- მამათქვენი კარგა ხნის განმავლობაში წარმატებით იცავდა “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას. იგი მაღალი კლასის მეკარე იყო. მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, რჩევისთვის მას თუ მიმართავთ ხოლმე?
- ბევრი ფეხბურთელი პერსონალური ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობს, მაგრამ მე მამაჩემთან ერთხელ ტელეფონზე დარეკვაც მყოფნის. ის ჩემთვის არა მხოლოდ მამა და მასწავლებელი, არამედ საუკეთესო მეგობარიცაა. იგი ერთადერთი ადამიანია, რომლის რჩევებს ყურს ყოველთვის ვუგდებ. მამაჩემი პირველია, ვისზეც რთულ წუთებში ვფიქრობ. ჩემთვის უკეთესი მოსაუბრე არ არსებობს, რადგან მშობელზე უკეთ არავინ მიცნობს.
გოჩა კაჭარავა









