ინტერვიუები

17:36 | 16.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

პეპე: “სეზონის ბოლომდე დარჩენილი მატჩების უმრავლესობას მოვიგებთ”

მომავალ ოთხშაბათს ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც ესპანეთის “სამეფო თასის” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში თასის მოქმედი მფლობელი “რეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. პოპულარული გამოცემა AS-ის კორესპონდენტი მადრიდელთა პორტუგალიელ უკანახაზელ პეპეს გაესაუბრა.

- “მალიორკასთან” უმძიმეს შეხვედრაში მოახერხეთ 3 ქულის აღება. “ბარსელონასთან” “სამეფო თასის” პირველი სამეოთხედფინალო მატჩისთვის გუნდი ძალის სრულად აღდგენს მოასწრებს?
- მალიორკელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით და ცუდ მინდორზე 2 გოლის გატანა რთული ამოცანა იყო. ემოციურად და ფიზიკურად ლამის გამოვიფიტეთ, მაგრამ პროფესიონალებს ოთხშაბათამდე ძალის აღდგენა არ გაგვიჭირდება. თანაც, “რეალმა” მალიორკაში შაბათს ითამაშა, “ბარსელონას” კი ასევე რთული მატჩი კვირას ჰქონდა.
- “მალიორკა” არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილებას არ მალავდა...
- შეხვედრის მსაჯი მატჩის პირველი წუთიდან ბოლომდე ობიექტურად და მაღალ დონეზე სჯიდა. ცხადია, უმნიშვნელო ხასიათის უზუსტობებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ მათ მატჩის საბოლოო შედეგზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენიათ.
- “რეალმა” კიდევ ერთხელ დათმო პირველი ტაიმი. გუნდს მატჩის საწყისი 45 წუთეულის დათმობა მოუხშირდა. ეს ფაქტი არ გაფიქრებთ?
- არა. მადრიდის “რეალმა” ამჟამინდელი საბრძოლო განწყობა სეზონის მიწურულამდე უნდა შეინარჩუნოს. ვფიქრობ, სადღეისო რიტმს შევინარჩუნებთ და გაზაფხულის მიწურულამდე დარჩენილი ასპარეზობების უმრავლესობას მოვიგებთ.
- მოდით, “ბარსელონასთან” სამომავლო დაპირისპირებაზე ვისაუბროთ. რა განწყობით ხვდებით მომავალ “ელ კლასიკოს”?
- უმნიშველოვანესი პაექრობა გველის. თანაც, კატალონელებს სათასო შეხვედრაში დავუპირისპირდებით, აქედან გამომდინარე, სხვა ტურნირზე მოგვიწევს გადართვა. დარწმუნებული ვარ, “რეალი” სათანადოდ დასვენებას და მომზადებას მოასწრებს.
- როგორ გგონიათ, მომავალ ორრაუნდიან სათასო დაპირისპირებას ფავორიტი ჰყავს?
- როდესაც ერთმანეთს 2 გრანდი უპირისპირდება, ფავორიტი არც ერთია და არც მეორე.
- ნახევარფინალში გასასვლელად მეტად მნიშვნელოვანია პირველ მატჩში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” დამარცხება. მზად ხართ გულშემატკივრების გასახარებლად?
- ყოველმხრივ შევეცდებით. წინა შეხვედრებს გავაანალიზებთ, ყველაფერს ავწონ-დავწონით და პეპ გვარდიოლას გუნდს მოტივირებულები და კარგად მომზადებულები შევხვდებით.
- ჩემპიონთა ლიგის მატჩებში და ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ ოდნავ წინწაწეულმა, საყრდენის პოზიციაზე ითამაშეთ. ამჯერადაც იგივეს ხომ არ დააპირებს ჟოზე მოურინიო?
- ეს პორტუგალიელი სპეციალისტის პრეროგატივაა და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რომელ პოზიციაზე გამოვალ მომდევნო მატჩში. მოურინიოს განკარგულებაში ვარ, უდიდესი სურვილი მაქვს, “რეალს” მაქსიმალური სარგებლობა მოვუტანო, დანარჩენს კი მთავარი მწვრთნელი წყვეტს.
 
 მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088775