ინტერვიუები

17:40 | 29.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შმაიხელი: “ჩემპიონობას “იუნაიტედი” მოიპოვებს”

ხვალ მანჩესტერის “ეტიხადზე” მიმდინარე პრემიერლიგის უმთავრესი მატჩი ჩატარდება – “სიტი” თანაქალაქელ “იუნაიტედს” უმასპინძლებს და ამ მატჩის შედეგი დიდწილად განსაზღვრავს ინგლისის უპირველესი დივიზიონის საბოლოო გამარჯვებულის ბედს. დანიელი მეკარე პეტერ შმაიხელი წარმატებას “იუნაიტედს” უსურვებს, ჟურნალისტებთან საუბრისას კი ყოფილი დამრიგებლის სერ ალექს ფერგიუსონის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

- როგორ შეაფასებთ წლევანდელი სეზონის საჩემპიონო რბოლას?
- გაოცებული ვარ სერ ალექს ფერგიუსონით. ის, რაც მან მიმდინარე ჩემპიონატის მსვლელობისას გააკეთა, შოტლანდიელის უმდიდრეს სამწვრთნელო კარიერაშიც კი გამოსარჩევია. “იუნაიტედი” ტრავმებმა გააწამა, გუნდს წინასასეზონოდ ხმაურიანი ტრანსფერიც არ განუხორციელებია და ასეთ ფონზე “გამდიდრებული” “სიტის” გამოწვევის მიღება პირველობისთვის ბრძოლაში, მართლაც რომ მეტად დასაფასებელია.
- “მანჩესტერის” ლიდერობა მხოლოდ და მხოლოდ ფერგიუსონის დამსახურებაა?
- დიდწილად. ასაკის მიუხედავად, სერ ალექსი თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს კარგად გრძნობს. ფერგიუსონმა კარგად იცის, როგორ “გამოადნოს” თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი. იგი ყოველთვის წინ იყურება და არა მარტო მომდევნო მატჩზე აკეთებს გათვლას, არამედ 3-4 სეზონის პერსპექტივასაც სახავს. კარგად მახსოვს, ერთხელ კერინგტონში მასთან ერთად ვსეირნობდი, გვერდით გუნდის ახალწვეულმა ჩაგვიარა და ფერგიუსონმა მითხრა, ეს ბიჭი 15-15 თვის შემდეგ “იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში მოიკიდებს ფეხსო. შოტლანდიელი ყველაფერს წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით აკეთებს, თუმცა, თავად მოთამაშეებს არასდროს უმხელს ხოლმე სამომავლო პერსპექტივას.  
- “იუნაიტედის” კარიც დაგიცავთ და “სიტისაც”. რომელი გუნდისკენ იხრება თქვენი სიმპათია?
- თხემით ტერფამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ოლდ ტრაფორდელთა ქომაგად დავრჩები. კარიერის მიწურულს “სიტიშიც” ვითამაშე და კევინ კიგანის მადლობელიც ვარ, მაგრამ “იუნაიტედს” ვერაფერი შემიცვლის.
- წინა ტურში “ევერტონთან” მატჩის მსვლელობისას “ოლდ ტრაფორდის” სტადიონის ტრიბუნაზე შეგნიშნეთ...
- ორი ქულის დაკარგვა მძიმედ განვიცადე. მიკვირს, როგორ ვერ შეინარჩუნა “იუნაიტედმა” ორბურთიანი უპირატესობა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
-ორშაბათს მეტად პრინციპული მანჩესტერული დერბი ჩატარდება. შეძლებს “სიტი” საკუთარ სტადიონზე წარმატების მიღწევას?
- მართალია, “იუნაიტედი” სადღეისოდ ახალგაზრდული გუნდია, “სიტის” კი 40-მდე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყავს განაცხადში შეყვანილი, მაგრამ მაინც მგონია, რომ საჩემპიონო ტიტულს სერ ალექსის გუნდი მოიპოვებს. ამასთან, “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ ერთხელ ყალიბდება და დარწმუნებული ვარ, სერ ალექსის მიერ უკვე მერამდენედ შექმნილი კოლექტივი ახალ-ახალ გამარჯვებებს მოიპოვებს საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090237