თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მეცოდება ბებერი, გულდათუთქული პიპო ინძაგი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს იმედი, რომ კიდევ შეძლებს დიდი ფეხბურთის თამაშს. სადაც კი ჟურნალისტს მოიხელთებს, სულ წუწუნებს, თამაში მინდა, მაგრამ არ მათამაშებენო, მუხლი მერჩის მაგრამ ჩემი არ სჯერათო, არც ისეთი ბებერი ვარ თქვენ რომ გგონიათო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ლომბარდიის ციხესიმაგრესავით შეუვალია და ინძაგის არაფერს ჰპირდება. ზლატანი, პატო, რობინიო.. კიდევ სულ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბიჭები დაურბის მასიმილიანოს და ახლა, როდესაც იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ფილიპოს ხსენებაც კი არ უნდა. ვინ არ ურჩია პიპოს, კახა კალაძესავით სხვა გუნდში წადი, იქ გათამაშებენ მაინცო, მაგრამ ჯიუტი კაცია ეს ჩვენი ფილიპო და არ ტყდება. ინძაგის სჯერა, რომ კიდევ შეუძლია წარმოუდგენელი სიტუაციებიდან გოლის გატანა და იმედი აქვს, რომ მისი დროც დადგება.
ცოტა ხნის წინ, ინძაგი მეგობრებთან ერთად ”ლა სკალას” ოპერაში ყოფილა. ხომ წარმოგიდგენიათ, ინძაგი ოპერაში! როდესაც წარმოდგენა დამთავრებულა, ოპერის ერთ-ერთ მომღერალს, რომელიც “მილანის“ თავგადაკლული ქომაგი ყოფილა, უთხრეს, რომ ლოჟაში შენი კერპი ზის და სანამ წასულა, შეგიძლია მიხვიდე და მიესიყვარულოო. ამ მომღერალსაც სასწრაფოდ გამოუცვლია ტანსაცმელი და სწორედ მაშინ დადგომია ფილიპოს თავზე, როდესაც ეს უკანასკნელი მესამე მოქმედების დაწყების წინ, ოპერიდან წასვლას აპირებდა. “მილანის“ ტიფოზი მომღერალი რომ პიპოს ტკბილ სიტყვებს ეტყოდა, ეს ცხადია, მაგრამ მეტად თბილი საუბრის დროს ასევე უთქვამს: გული მტკივა, სულ სათადარიგოთა სკამზე რომ გხედავ და კარგი იქნება, სადმე პატარა გუნდში თუ გადახვალ და იქ დაამტკიცებ ალეგრი რომ ცდებაო. ამ ამბის თვითმხილველები ამბობენ, რომ ოპერიდან გამოსული პიპო თვალზე ცრემლებს იწმენდდა და გულდაწყვეტილს უთქვამს: “პირველად მაშინ შევცდი, “ატალანტა“ რომ მივატოვე, რადგან როგორც ჩანს, ფეხბურთელების დაფასება პატარა კლუბებში უფრო იციანო“.
ახლაც, სულ ერთი კვირის წინ დასრულებული სატრანსფერო ციებ-ცხელების დროს, ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა ინძაგის სხვა კლუბში გადასვლაზე ლაყბობდა. “მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ გალიანის, თურმე ფილიპოსთვის პირშიც კი უთქვამს: “სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებ? აქ ხომ ხედავ, შეცვლებზეც კი ვეღარ შედიხარო“, მაგრამ ჯიუტია ეს ჩვენი პიპო და რა ქნას... თან იმდენად ჯიუტი, რომ ბევრი სხვა ვეტერანი ფეხბურთელივით წარსულის მოგონებებით ალბათ არასოდეს იცხოვრებს და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც არასოდეს წავა ფეხბურთიდან. “მე არ მესმის რონალდინიოსი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის მხოლოდ გართობაა და თამაში. ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. სიამოვნებას მხოლოდ გატანილი გოლი მანიჭებს და არა უშუალოდ თამაშის პროცესი. ფეხბურთიდან ალბათ არასოდეს წავალ, რადგან ზაფხულის არდადეგების დროსაც კი, ვერ ვახერხებ ფეხბურთის გარეშე დასვენებას. ჩემი საუკეთესო დასვენება პლაჟზე ბურთის გორება, ან ტელევიზორში ფეხბურთის ცქერაა” – ასეთი სიტყვები თქვა პიპომ ოთხი წლის წინ, და გვეეჭვება, ამ ოთხ წელს მის ხასიათში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანოს.
ფილიპო ინძაგი არასოდეს ყოფილა თავისი გუნდის უპირობო ლიდერი. ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ მუდმივად ბომბარდირთა დავის სათავეში მყოფი ინძაგი მოედანზე სხვაზე მეტ ოფლს ღვრიდა. ასევე შორს წაგვიყვანს იმ ერთი შეხედვით ”აუცილებლად გასატანი” გოლების ჩამოთვლა, რომელთა რეალიზაციას პიპო ვერ ახერხებდა. მაგრამ, ფილიპოს მთელი გენიალობა სწორედ ის იყო, რომ ყოველთვის მას გაჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები და თან ისეთი გოლები, რომელთა გატანასაც ალბათ მხოლოდ ინძაგი თუ შეძლებდა. წლების წინ, როდესაც ინძაგი, კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ ტურინის ”იუვენტუსში” თამაშობდა, ყველაზე მეტად, იტალიის ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩი დამამახსოვრდა. საჩემპიონო მარათონში ჩაბმული ”იუვენტუსი”, თუ არ ვცდები, ”კალიარის” ხვდებოდა და ქულები სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მატჩის მთელი პირველი ტაიმის მანძილზე ინძაგიმ აურაცხელი საგოლე მომენტი გააფუჭა. ბოლოს თვითონაც მიხვდა საქმე კარგად რომ არ მისდიოდა და ყოველი კარსაცილებული ბურთის შემდეგ, საკუთარ თავზე ეღიმებოდა. მეორე ტაიმში კი ზუსტად მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე 1:0 იგებდა, პიპოს თითქოს ფრთები გამოესხაო და ორწუთიან მონაკვეში ერთმანეთის მიყოლებით ორი გასაოცარი გოლი გაიტანა. გოლები გაიტანა და კვლავ აუღელვებლად განაგრძო ხელსაყრელი მომენტების გაფუჭება. ”იუვემ” ის მატჩი მოიგო და ყველამ თქვა, რომ ინძაგიმ ცუდად ითამაშა. ის დიდებული ორი წუთი კი მხოლოდ ორ წუთად დარჩა!
ალეგრის ხასიათის ამბავი რომ ვიცი, ალბათ ისე დაამთავრებს პიპო თავის საფეხბურთო კარიერას, ძირითადად შემადგენლობას შეიძლება ვეღარასოდეს ეღირსოს. არადა, ძალიან მინდა კიდევ ვნახო ერთი გაძვალტყავებული კაცი, რომელიც თამაშგარეს ზღვარიდან ყოვლად უცნაურ გოლებს გაიტანს და მერე ხელების გიჟივით ქნევას მოჰყვება. ჩვენ ეს კაცი არასოდეს დაგვავიწყდება!
ლევან სეფისკვერაძე









