ჭიდაობა

14:49 | 16.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველად, ოლიმპიადის შემდეგ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასტანაში გაემგზავრა, სადაც 17-18 ნოემბერს, "პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში ჩაერთვება. ბეგი დარჩიას გუნდი ყაზახურ ხალიჩაზე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გავა. მთავარმა მწვრთნელმა შვიდკაციან განაცხადში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჭიდავები ექვსი შეგირდიდან ხუთი შეიყვანა. რევაზ ლაშხს (60 კგ), ზურაბ დათუნაშვილს, მანუჩარ ცხადაიას (ორივე 74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძესა (84 კგ) და სოსო ჯაბიძეს (96 კგ) ოლიმპიადის შემდეგ არსად უჭიდავიათ და ხალიჩას “პრეზიდენტის თასზე” დაუბრუნდებიან. დარჩიას წინასწარ შემადგენლობაში ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრი, მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძეც ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციისგან 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯილი სპორტსმენი სერგო გოგისვანიძით ჩაანაცვლა. ჩამოთვლილი მოჭიდავეების გარდა, ასტანაში საქართველოს დროშის ქვეშ უჩა შავაძეც (66 კგ) გამოვა.
ყაზახურ ტურნირს ქართველი მსაჯიც მოემსახურება – ზაზა ჯიბლაძე ასტანაში ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
აქვე ერთ საინტერესო მომენტზეც გავამახვილებთ ყურადღებას – ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ მანუჩარ ცხადაიას ახალ წონით კატეგორიაში – 74 კილოგრამში გადასვლა ჯერ კიდევ ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი და ასტანაში სწორედ ამ წონაში იჭიდავებს.
ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს – მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში. მეორე დღეს კი ჩემპიონ-პრიზიორები 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ყაზახეთის პრეზიდენტის თასი ქართველი ბერძენ-რომაელებისთვის 2012 წლის დამაგვირგვინებელი საერთაშორისო ტურნირი იქნება. შიდა სეზონს კი ერთ თვეში, საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161228