ძლიერ მოწინააღმდეგესთან მისსავე სტადიონზე 4:2 მარცხი ნებისმიერი დონის ნაკრებისათვის დიდ უბედურებად ნამდვილად არ უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, როდესაც თამაში ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ასეთ შეხვედრებში ექსპერიმენტების ჩატარება მწვრთნელის პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდიდან ოთხივე გოლი ერთ ფეხბურთელს გააქვს. ყოველ შემთხვევაში, შვედეთი-ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მარცხი ალბათ ისეთ დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, ბრიტანელთა საამაყო გუნდის კარში პოკერი რომ არ შესრულებულიყო.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის მიმართ პრეტენზიებს ისედაც ბევრი ქომაგი გამოთქვამდა და ახლა მათ სათქმელი უფრო მეტი მიეცათ. კუნძულელები მოხუც როის ბრალს სდებენ, რომ ის გუნდს ძველმოდურად ათამაშებს და სწრაფი ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული ინგლისის ნაკრები მინდორზე საშინლად დაიზლაზნება. ამას გარდა, ასევე ჰოჯსონის რბილ ხასიათს უკავშირებენ იმასაც, რომ ვარჯიშებსა და თამაშებზე გუნდში დისციპლინის ნაკლებობა შეინიშნება და ინგლისის ნაკრების ლიდერებს მწვრთნელი ზედმეტად ენდობა და ბევრის უფლებას აძლევს. შვედეთთან წაგების შემდეგ, ჰოჯსონს კიდევ უფრო “ფართო ფრონტით” შეუტევენ და გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ ამ კრიტიკას ბრიტანელთა გუნდის მესაჭე არ იმსახურებს.
მაგრამ, ისიც აუცილებლადაა სათქმელი, რომ გუნდში ბებერი როის დანიშვნამდე, სწორედ ბრიტანელი ქომაგები იყვნენ ერთ ამბავში და სწორედ მათი საერთო აზრი იყო, რომ ინგლისის ნაკრებში ინგლისელი მწვრთნელი დანიშნულიყო. მინდა შეგახსენოთ, რომ იტალიელ ფაბიო კაპელოს ინგლისელი გულშემატკივრები მუდმივად უწყობდნენ ობსტრუქციებს და ბრიტანელი მიმომხილველებიც სულ წერდნენ, რომ ჩუმჩუმელა იტალიელი მათ გუნდს “ბრიტანულ სულს” (?!) აკარგვინებდა. ეს ყბადაღებული “ბრიტანული სული” როი ჰოჯსონს ალბათ ზომაზე მეტიც კი აქვს, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ მხოლოდ არაფრისმომტანი ფსევდოპატრიოტიზმითა და გულზე მჯიღის ბრახუნით არაფერი გამოდის.
დღემდე ვერ ვხვდები, მაინც რას ერჩოდნენ ამ კაპელოს... თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, დონ ფაბიოს მშვენიერი შედეგები ჰქონდა ინგლისის ეროვნულ გუნდში. გუნდი თამაშებს ზედიზედ იგებდა და ევროპის ჩემპიონატის წინ, ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტადაც მიიჩნეოდა. ამ კაცს მხოლოდ ნაკრების კაპიტნის არჩევის დროს მიღებული გადაწყვეტილება ვერ აპატიეს. ინგლისელები ასეთი ხალხია და მათი შეცვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ “ფეხბურთის სამშობლოდ” წოდებულ ქვეყანას უკვე ათეულ წელზე მეტია, ნორმალური ნაკრები ვერა და ვერ ეღირსა. ხან მწვრთნელი “ვერ ადგებათ”, ხან ფეხბურთელების ლოთობა და ოღრაშობა აქვთ დაუძლეველი პრობლემა და ხან რა და ხან რა... ამასობაში კი, წლები გადის და ინგლისური კლუბებისგან განსხვავებით, ინგლისის ეროვნული ნაკრები მისი ქომაგებისთვის მუდმივ იმედგაცრუებად რჩება.
რაც შეეხება ინგლისის ნაკრების კარში ოთხი გოლის გამტან ზლატან იბრაჰიმოვიჩს... ამ აყლაყუდა კაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სად, რომელ კლუბსა და ნაკრებში თამაშობ. მთავარია, როგორ თამაშობ და რამდენად გიყვარს შენი საქმე! აუჰ, ერთი ზლატანისთანა კაცი რას დახატავდა ინგლისის ნაკრებს...
ლევან სეფისკვერაძე









