საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო გუნდმა, პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წლის 24 მაისს, პოლონეთის ნაკრებთან ჩაატარა. მართალია, ევროპის 1963 წლის ფინალისტსა და კონტინენტის პირველობის სამგზის მესამეადგილოსანთან დავმარცხდით, მაგრამ ინგლისურ ბირმინგემში ჩვენი ნაკრების დებიუტი, მაინც წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ – ევროპის 1997 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ბარიერი გადავლახეთ (ნისლიან ალბიონზე დანიას, უელსსა და ლუქსემბურგს ვძლიეთ) და მეორე შესარჩევ ეტაპს (დღევანდელ A დივიზიონს) ვუწიეთ. მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა და ჩვენმა ნაკრებმაც ევროპის ჩემპიონატის არაერთი საკვალიფიკაციო ციკლის მატჩი ჩაატარა. ჯერჯერობით სანუკვარ მიზანს, კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრებთა შორის მოხვედრას ვერ ვახერხებთ, ის კი არა, 6 წლის განმავლობაში B დივიზიონშიც მოგვიწია “ყურყუტი”, თუმცა, 1995 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ წარუმატებელი შეხვედრები ნამდვილად არ ჩაუტარებია. ჩვენმა გუნდმა 1995-2007 წლებში სლოვაკიასთან, ბოსნიასთან, ბულგარეთთან, ბელარუსთან, ფინეთთან (ორჯერ), მაკედონიასთან კარგ სტილში გამარჯვებების მოპოვება მოახერხა, თბილისში ტოლ-სწორად ვეთამაშეთ ისეთ მდიდარი საკალათბურთო ისტორიის მქონე ქვეყნებს, როგორებიც ისრაელი, თურქეთი, საბერძნეთი, ლატვია არიან, თუმცა, 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული გუნდი მხოლოდ ეპიზოდურად თუ გამოანათებდა და არათუ ევროპის ჩემპიონატის საგზური, კარგა ხნის განმავლობაში, A დივიზიონში ანაცვლებაც კი სანატრელი გვქონდა. ასე გრძელდებოდა ჩვენ ქვეყანაში სერბი სპეციალისტის, იგორ კოკოშკოვის ჩამოსვლამდე. მისი მეთაურობით, საქართველოს ნაკრები 2011 წელს ლიტვაში ჩასატარებელი ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლში 2008 წლის სექტემბრიდან ჩაება. ყველას კარგად გვახსოვს ის ავბედითი პერიოდი. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, ქართველი კალათბურთელებიც დათრგუნულ-დაზაფრულები იყვნენ, თანაც, ფიბამ იმ წელს თბილისში მატჩების ჩატარება აგვიკრძალა და ცოდვა გამხელილი სჯობს, ცოტაოდენი სკეპტიციზმითაც კი ველოდით ირლანდიაში, სლოვაკიასა და შვედეთში (ლუქსემბურგთან მოგებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია) ჩასატარებელ პრინციპულ შეხვედრებს. კოკოშკოვის დებიუტი წარმატებული გამოდგა – ჩვენებმა გასვლაზე დიდი უპირატესობით სძლიეს ლუქსემბურგს, ირლანდიას, სლოვაკიას და მხოლოდ შვედებთან დავმარცხდით 2 ქულით. ეს 2008 წლის 17 სექტემბერს, უმეოში მოხდა, თუმცა, ქართველი გულშემატკივარი დარწმუნდა, რომ მომდევნო აგვისტო-სექტემბერში, თბილისში ოთხივე მეტოქეს მოვუგებდით. ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით, მაღალ დონეზე ჩაატარა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მატჩები, ერთი წამითაც არ დაგვიტოვა საიმისო შეგრძნება და განცდა, ფლეი ოფში რომ ვერ გავიდოდა და მას შემდეგ, რაც შვედეთს თბილისში მოვუგეთ და არასასურველ მოწინააღმდეგეს, ჩერნოგორიას ავცდით, გულის სიღმეში ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, მორიგი და A დივიზიონისკენ მიმავალ გზაზე ბოლო მოწინააღმდეგე ბელარუსი, ქართველთა საკბილო რომ გახდებოდა. ფლეი ოფის პირველი შეხვედრა მოგილიოვის “ოლიმპიეცის” დარბაზში ქართველებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს: ზაზა ფაჩულიას, ვლადიმერ ბოისას, ტაირონ ელისს, ვიქტორ სანიკიძეს ბელარუსებმა ვერაფერი მოუხერხეს და თბილისში 14-ქულიანი ჰანდიკაპით (89:75) დავბრუნდით. 2009 წლის 9 სექტემბერს კი, თბილისის სპორტის სასახლეში მისულ 9500 გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა, მატჩის წინა დღეს ეროვნული ნაკრების კაპიტნის თხოვნა შეასრულა, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებით შემოსილმა უგულშემატკივრა საყვარელ გუნდს, ნამატჩევს კი, საკალათბურთო პარკეტი და სასახლის ტრიბუნები ერთნაირად ემოციურად შეხვდა ნანატრ წარმატებას – მართლაც შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი სანახაობა გახლდათ მოზეიმე, ბედნიერი ქომაგებისა და კალათბურთელების ხილვა, რომლებიც საფინალო სირენის შემდეგ, კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ იშლებოდნენ. ასე კეთილად გასრულდა ჩვენი რამდენიმეწლიანი დაბალდივიზიონური ისტორია, თითქმის წელიწადმაც სწრაფად გაირბინა და 2 აგვისტოდან, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებმება. ამ დღეს კი, ჩვენი მეტოქე “ძველი ნაცნობი” პოლონეთი იქნება...
როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლების მოპოვებასთან, თუმცა საამისოდ, ჩვენ ბიჭებს ურთულესი ამოცანის გადაჭრა რომ მოუწევთ, ამაში ეჭვი არავის გვეპარება. პოლონეთი, ბულგარეთი, ბელგია და პორტუგალია გულხელდაკრეფილები არ არიან და საქართველოს ნაკრების დარად, ისინიც უდიდესი მონდომებითა და პასუხიმგებლობით ემზადებიან მომავალი გადამწყვეტი ბატალიებისთვის.
პოლონეთმა რამდენიმე დღის წინ ორჯერ გაანადგურა მიმდინარე თვის დასაწყისის ტესტ-მატჩში ჩვენი მძლეველი სლოვაკია. 2 აგვისტოს ოპონენტის შემადგენლობიდან, მოლოდინისამებრ, თავი ყველაზე მეტად მეფარე მარცინ გორტატმა და ფორვარდმა მაცეი ლიამპემ გამოიჩინეს. ფლორიდული “ორლანდო მეჯიქის” ცენტრი გორტატი, წლოვანებითაც და სიმაღლითაც ზაზა ფაჩულიას ტოლია, ისინი ნბა-ში ერთმანეთის პირისპირ არაერთხელ წარმსდგარან და პოლონელი, ქართველის ფონზე, უკეთ არასდროს გამოიყურებოდა. იმედია, ზაზა სექტემბერში ორჯერ შეძლებს მარცინის დაჯაბნვას, რაც ჩვენი ნაკრების წარმატების საწინდარიც გახდება ამ მატჩებში. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს ლიამპესაც (211 სმ), რომელმაც დასავლეთ ნახევარსფეროდან ევროპაში დაბრუნების შემდეგ, ჯერ ისრაელში ითამაშა, სადღეისოდ კი, შემონდ უილიამსის ყოფილი გუნდის, ყაზანის `უნიკს~-ის წევრია. ოსტატობა და გამოცდილება არც პოლონეთის ნაკრების სხვა წევრებს აკლიათ, მათი ბელარუსი დამრიგებელი იგორ გრიშჩუკი კი გუნდს შესარჩევი ტურნირის მოგებას უსახავს მიზნად.
წაუგებლად ატარებს მოსამზადებელ ეტაპს ბულგარეთის ნაკრები. როსენ ბარჩოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა ერთი სენსაცია უკვე გამოაცხო, როცა იტალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე პოლონეთს, მაკედონიას, მასპინძელ “სკუადრა აძურას” მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირელთა დამრიგებელი, თავისი მოთამაშეების სადღეისო მზადყოფნით ფრიად კმაყოფილია, თუმცა დარდობს, მეშინია, კალათბურთელები აგვისტომდე არ გადაიწვან და მათ თამაშს დაღმასვლა არ დაეტყოსო. საქართველოს ნაკრები ამის იმედად ნაღდად ვერ იქნება და ბულგარეთთანაც უშეღავათო ორთაბრძოლებისთვის მოემზადება. ცნობისთვის, ზაზა ფაჩულიამ პირველი სანაკრებო შეხვედრა სწორედ ბულგარეთთან ჩაატარა, როცა 2001 წლის 3 ივნისს, მეტოქეს, დიდწილად, თინეიჯერი ფაჩულიას კარგი თამაშის წყალობით 91:75 ვძლიეთ.
პოლონელების შემდეგ, 5 აგვისტოს ბელგიასთან გვიწევს დაპირისპირება. შეხვედრა ანტვერპენში ჩატარდება და ბენილუქსელებთან “ანგარიშის გასწორება” გვმართებს. საქმე ისაა, რომ 1999 წლის 21 მაისს, შვეიცარიაში, ბელგიელებმა ევროპის 2001 წლის პირველობის შესარჩევ მატჩში 76:63 მოგვიგეს, ამ გამარჯვების წყალობით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, ჩვენ კი დაბალ დივიზიონში ჩაგვტოვეს. იმ მატჩში მონაწილეობა ნიკა ცქიტიშვილმაც მიიღო (ითამაშა ვლადიმერ ბოისამაც, მაგრამ ამჯერად, იგი, მუხლის ტრავმის გამო, ბენილუქსელებს ვერ დაუპირისპირდება) და იმედია, იგი, პარტნიორების მსგავსად, სარევანშოდ იქნება მომართული. ბელგიელები ამ დღეებში ოთხთა ტურნირში ასპარეზობენ, საკვალიფიკაციო შეხვედრებამდე კი ჰოლანდიასთან, შვედეთსა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გერმანიასთან ჩაატარებენ ტესტ-მატჩებს. მანამდე კი, ბენილუქსელები ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებთან 24 ქულით დამარცხდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის გარეშე იასპარეზა, ხოლო როცა გუნდს ნბა-ს ჩემპიონის, “ლეიკერსის” მეფარე ილუნგა-მბენგა (214 სმ) და ვან დერ შპიგელი დაუბრუნდებიან, სულ “სხვა” ბელგიას ვიხილავთ.
პოლონეთის, ბულგარეთის და ბელგიის ფონზე, შედარებით სუსტი პორტუგალია მოსჩანს. ამას დასავლეთპირენელთა მიერ საშინაო კედლებში იორდანიასთან მარცხიც ადასტურებს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, იორდანიელები (აზიის 2009 წლის პირველობის მესამეადგილოსნები) სექტემბერში თურქეთში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ იასპარეზებენ და პორტუგალიელთაგანაც ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. ოფიციალურ მატჩში კი, პირენელებს ბელგიელებთან შეხვედრის მეორე დღეს შევერკინეთ და 75:65 ვძლიეთ.
როგორც ვხედავთ, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ არც ქართული კალათბურთის უმდიდრესი წარსული და არც ეროვნული ნაკრების ურიგო დღევანდელობა გვაძლევს პესიმისტურად ყოფნის საფუძველს. მითუმეტეს, ახლახანს, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ტურნირი. 23-25 ივლისს, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებმა კალათბურთის ქართველ ქომაგებს საჩუქარი გაგვიკეთეს, როდესაც ჩვენს ნაკრებთან ერთად რუმინეთის, ბელარუსისა და უკრაინის საუკეთესო მოთამაშეების ხილვის საშუალება მოგვცეს. ცხადია, მატჩებს, უპირველესად, მომავალი ოფიციალური ასპარეზობების მზადების ჭრილში განვიხილავდით, თუმცა, შეჯიბრების მოგებამ ძალიანაც გაგვახარა და სამომავლო წარმატებების საფუძვლიანი იმედიც ჩაგვისახა.
მთლიანობაში, კოკოშკოვის გუნდს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუმინეთსა და ბელარუსს თავი რომ დავანებოთ, A დივიზიონის ბინადარსა და ევროპის 4 ჩემპიონატის მონაწილეს ვერ ვძლევდით. საერთო წარმატების მიუხედავად, ჩვენი ნაკრების თამაშს უნაკლოს ნაღდად ვერ ვუწოდებთ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იგორ კოკოშკოვი თბილისის საერთაშორისო ტურნირის შეხვედრებს მაინც სააგვისტო მატჩების მზადების ჭრილში განიხილავდა, ნუ ვიქნებით ზედმეტად მომთხოვნები ჩვენი ბიჭების მიმართ. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, საკუთარი ნაკლი ყველაზე კარგად თავად მოთამაშეებმა და მათმა მწვრთნელებმა იციან. ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ტორინ გრინს და მათ თანანაკრებელებს, ოპტიმალური ფორმისთვის ჯერ არ მიუღწევიათ და ჩვენი კალათბურთელების საუკეთესო თამაშს აგვისტოში ვიხილავთ. ნაკრების კაპიტანს, მიკრო-ტრავმის გამო, რუმინეთთან არ უასპარეზია, ბელარუსთან და უკრაინასთან მოგებებში ფაჩულიამ მნიშვნელოვანი როლი კი შეასრულა, მაგრამ აღმოსავლეთსლავებთან დაპირისპირებისას, ზაზას თავისი შესაძლებლობები სრულად რომ არ უჩვენებია, თავადაც ხვდებით. საქართველოს ნაკრების ლიდერს, ეტყობა, ფეხი ცოტათი ტკიოდა და ჩვენც სწორედ ამით ავხსნათ ის ამბავი, რომ თბილისის სპორტის სასახლის პარკეტზე “სწრაფი კალათბურთის” დროს, ზაზა დროდადრო იკარგებოდა. ვიმეორებთ, ეს, ალბათ, ტრავმის ბრალია. აქვე, ფაჩულიას ნერვების მოთოკვისკენ გვსურს მოვუწოდოთ. ბელარუსსა და უკრაინასთან მატჩების მსვლელობისას, მომენტებში, იგი ზედმეტად განერვიულებული გვეჩვენა, რაც სასიკეთოდ არც მასა და მთლიანობაში არც გუნდს წაადგება. გავიხსენოთ 2007 წელს თბილისში ლუქსემბურგთან მატჩი, რომლის დროსაც, ზაზას თავშეუკავლობა კინაღამ მის დისკვალიფიკაციად დაგვიჯდა... ორთაბრძოლებს რაც შეხება, ზაზა მოწინააღმდეგეებს აშკარად ჯობდა და ვიმედოვნებთ, პოლონელ ბელგიელ, ბულგარელ და პორტუგალიელ ვიზავებსაც დაჩაგრავს.
ყველას კარგად გვახსოვს ვიქტორ სანიკიძის შარშანდელი ბრწყინვალე თამაში. “ვიკა” შორეული ტყორცნებით, ფარქვეშ ეფექტური თამაშით (“ალე-ჰუპებით”) მეტოქეს თავზარს სცემდა, ჩვენ კი გვახარებდა და ესთეტიკურ სიამოვნებასაც გვანიჭებდა. სადღეისოდ, სანიკიძეს ტრავმა შედარებით ახალი მორჩენილი აქვს, აგვისტომდე კი უკეთეს კონდიციას აუცილებლად მიაღწევს. დიდი ძალაა უკრაინის გასული ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად აღიარებული მანუჩარ მარკოიშვილი. შარშან მან ტრავმის გამო სანაკრებო თამაშები ვერ ჩაატარა, წლეულს კი, მუხლმტკივანი ვლადიმერ ბოისას გუნდში არყოფნის კომპენსირებას (ოღონდ ბოისა-უფროსის პოზიციაზე თამაშს არ ვგულისხმობთ) მოახერხებს. “მანუმ” სამ მატჩში 49 ქულა დააგროვა (უკრაინასთან გადამწყვეტ შეხვედრაში 23 ქულა გააკეთა) და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა. ურიგო კალათბურთელი არ ჩანს ტორინ გრინი. მან შეჯიბრების მსვლელობისას თანდათან უმატა, უკრაინასთან ბოლო წამზე ზუსტად შესრულებული სამქულიანით კი, სულაც ტურნირი მოგვაგებინა. გრინი შემონდ უილიამსსა და ტაირონ ელისს საერთო კლასით ჩამოუვარდება, თუმცა, ჩვენი ნაკრებისთვის საჭირო და სასარგებლო მოთამაშე რომ გახდება, უდავოა. ცოტათი უცნაურად გვეჩვენება კოკოშკოვის მიერ მეორე ამერიკელის, ქუინტონ ჰოსლის აყვანა. მოგეხსენებათ, სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანაა შესაძლებელი და ჰოსლის შესაძლებლობებზე რომც არ ვისაუბროთ, გრინის ამპლუის მოთამაშის დამატება, ნაკრებისთვის უფრო სასურველი ვარიანტია.
მონდომებით ითამაშა ნაკრების უკლებლივ ყველა წევრმა, განსაკუთრებით აღნიშვნისა და გამოყოფის ღირსი კი თორნიკე შენგელიაა. იგი ჯერ 19 წლისაც არაა და “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაშიც თამაში იშვიათად უწევს. კოკოშკოვმა კი მისი შესაძლებლობები კარგად შეისწავლა, ენდო და ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება მისცა. თორნიკემაც სერბი სპეციალისტის იმედი გაამართლა, ქართველი გულშემატკივრები კი აღფრთოვანებაში მოგვიყვანა. უკრაინასთან სასტარტოში დაყენებულ შენგელიას ყველაფერი გამოსდიოდა – მეტოქის კალათსაც ზუსტად უტევდა (15 ქულა), დაცვაშიც ყოჩაღობდა და პარტნიორებთან ისეთი შეთამაშებული ჩანდა, თითქოს წლებია, რაც ნაკრების ბინადარია. არადა, თორნიკეს “დიდებში” აქამდე იმდენი სულ არ უთამაშია, რამდენიც ამ სამ სანაკრებო შეხვედრაში. ასაკიდან გამომდინარე, შენგელია კიდევ მოუმატებს და სავარაუდოდ, მაღალი კლასის კალათბურთელადაც ჩამოყალიბდება. თუმცა, იგი უკვე კარგი მოთამაშე რომაა, უკრაინასთან ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაშიც დაამტკიცა და “გული გვიგრძნობს”, კოკოშკოვი თორნიკე შენგელიას ოფიციალურ მატჩებშიც სასტარტო ხუთეულში თამაშს მიანდობს.
მოსამზადებელ პერიოდში გუნდის თამაში უნაკლო არასდროსაა, ცხადია, ხარვეზები საქართველოს ნაკრების გამოსვლასაც ჰქონდა, მაგრამ ამას, კალათბურთელთა ტრავმების გარდა (უკრაინასთან გიორგი ცინცაძემ მხოლოდ რამდენიმე წუთი იასპარეზა), სხვა ობიექტური მიზეზიც აქვს – კოკოშკოვი ტურნირის მსვლელობისას რამდენიმე სათამაშო-ტაქტიკურ თუ საშემადგენლო ვარიანტს ამუშავებდა და გუნდის რეალურ ძალას ორ აგვისტოს და მომდევნო მატჩებში ვიხილავთ. ერთი რამ კი ცხადია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, A დივიზიონის მოწინააღმდეგეებთან არა მარტო ტოლ-სწორად თამაში შეუძლია, არამედ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაც. გარწმუნებთ, ეს რეალობას მოკლებული სურვილი, ან ოცნება სულაც არ გახლავთ. ჩვენ ეროვნულ ნაკრებს საამისო პოტენციალი ნამდვილად აქვს...
ბოლოს, ერთს შეჯიბრების ორგანიზატორებსაც შევბედავთ. მათ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს და საქართველოში კალათბურთის შემდგომი პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის აუცილებელია, თბილისის საერთაშორისო ტურნირი ყოველწლიურად ჩავატაროთ, ოღონდ, კალათბურთელებთან ერთად, უცხოელი მსაჯებიც უნდა მოვიწვიოთ. უკრაინასთან მატჩის დროს, მოწინააღმდეგეს რამდენიმე ეპიზოდში მაკა კუპატაძესა და ირაკლი ბერიშვილთან პრეტენზია გაუჩნდა (ჩვენი აზრით, ერთ-ორ შემთხვევაში საფუძვლიანიც), ამიტომაც, უმჯობესია, ჩვენი ნაკრების შეხვედრები ნეიტრალურმა არბიტრებმა განსაჯონ – საქართველოს ეროვნულ გუნდს, თბილისში ბელარუსის და უკრაინის დონის ნაკრებთა დამარცხება ნებისმიერი არბიტრების პირობებში ხელეწიფება, მეტოქეებს კი, არაობიექტურ მსაჯობაზე სალაპარაკოც არაფერი ექნებათ.
გოჩა კაჭარავა









