სამი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პრედრაგ მიატოვიჩი როსტოვის სტადიონზე იჯდებოდა და “როსტოვ”-“ანჟის” მატჩს დაესწრებოდა. რამ ჩაიყვანა 42 წლის ჩერნოგორიელი რუსეთში? ძნელი საპასუხო არაა – “ანჟიში” მისი ყოფილი თანაგუნდელები, სამუელ ეტოო და რობერტო კარლოსი თამაშობენ.
მიატოვიჩს წარდგენა რად უნდა, მაგრამ მაინც: თამაშობდა “ვალენსიაში”, “რეალში”, “ფიორენტინასა” და “ლევანტეში”. ყველა ამ გუნდში (განსაკუთრებით “ვალენსიასა” და “რეალში”) ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, 1998 წელს კი “ოქროს ბურთის” ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა. იმ წელს “სამეფო კლუბმა” სწორედ “პეჟას” (ასე ეძახდნენ) გადამწყვეტი გოლით მოუგეს “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
მიატოვიჩი 2006-2009 წლებში “რეალის” სპორტული დირექტორი იყო, ამჟამად კი უმუშევარია.
აქვე, მიატოვიჩის ინტერვიუ რუსულ “სპორტ-ექსპრესთან”, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:
- არ ნანობთ “რეალის” დირექტორატიდან წასვლას? ეს ხომ თქვენი გადაწყვეტილება იყო...
- მიზეზი პრეზიდენტის შეცვლაა. მე რამონ კალდერონმა მიმიწვია, რომელიც ფლორენტინო პერესმა შეცვალა. ამიტომაც, უნდა წავსულიყავი. ამასთან, პერესი ახალი იდეებითა და პროექტებით მოვიდა. მიუხედავად ამისა, ერთგულ “მადრიდისტად” ვრჩები.
- ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა იყავით, როცა იუგოსლავიიდან ესპანეთში წახვედით. და მაინც, 1997 წელს “რეალში” ყოფნისას რამდენიმე მატჩი გამოტოვეთ იმის გამო, რომ ესპანეთი ნატო-ს მიერ თქვენი სამშობლოს დაბომბვას მხარს უჭერდა...
- სიმართლეა. პატრიოტული მოტივით მივიღე ეს გადაწყვეტილება. იმ მომენტში ჩემი სამშობლო ურთულეს მდომარეობაში იყო და ეს პირდაპირ მე “მირტყამდა”. დარწმუნებული ვარ, სხვა სერბი თუ ჩერნოგორიელი ფეხბურთელებიც ასე მოიქცეოდნენ.
- ახლაც ასე მოიქცეოდით?
- ულაპარაკოდ.
- 90-იან წლებში “რეალში” დავორ შუკერთან ერთად ქმნიდით თავდამსხმის მრისხანე დუეტს. შუკერი ხორვატია, თქვენ – ჩერნოგორიელი. როგორი დამოკიდებულება გქონდათ ერთმანეთში?
- ბრწყინვალე და ასეთი ურთიერთობა გვაქვს დღესაც. დავორი ძალიან კარგი ბიჭია და არფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორი ფეხბურთელია. 1987 წელს, როცა იუგოსლავია ჯერ კიდევ ერთიანი იყო, ჩვენ ერთად მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში. სწორედ მაშინ დავმეგობრდით და ვერანაირი ომი ვერ გააფუჭებდა ჩვენს ურთიერთობას.
- შუკერმა 89-ე წუთზე შეგცვალათ ერთ-ერთ მატჩში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ...
- დიახ, ეს ამსტერდამში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალია. და ეს გოლი საუკეთესო მომენტია ჩემს კარიერაში, რადგან პირველი და ბოლო გამარჯვება იყო ამ უდიდეს ტურნირზე. აი, რობერტო კარლოსს უფრო გაუმართლა, მან ლიგა სამჯერ მოიგო, თუმცა ერთიც უკვე მიღწევაა.
- როდესაც რობერტო კარლოსს შეეკითხნენ, ამ სამი გამარჯვებიდან ყველაზე მეტად რომელი გაგიხარდათო, მაშინვე უპასუხა – 1998 წელს. იმიტომ, რომ...
- დავასრულებ. “რეალს” 32 წლის განმავლობაში არ ჰქონდა თასი მოგებული. ეს უდიდესი წარმატება იყო კლუბისთვის, რადგან ნანატრი ტიტული დაბრუნდა. ჩემთვის კი საოცარი დღე იყო – გადამწყვეტი ბურთი გავიტანე და ისტორიაში შევედი.
- არ ფიქრობთ, რომ “რეალის” დირექტორატში სწორედ ამ გოლის გამო მიგიწვიეს?
- რა თქმა უნდა, გოლმა დიდი გავლენა მოახდინა.
- კარიერის ულამაზეს მომენტზე ვუსაუბრეთ. და უცუდესი?
- აი, სწორედ საუკეთესო მომენტიდან ერთი თვის შემდეგ. მუნდიალ-1998-ის მერვედფინალში ჰოლანდიასთან 1:1 იყო, როცა პენალტი ვერ გამოვიყენე და მერე წავაგეთ. ესაა ცხოვრება.
- სამშობლოში ძალიან გაგაკრიტიკეს?
- არა, რადგან სერბეთსა და ჩერნოგორიაში მაფასებდნენ. ხალხს ესმოდა, რომ ეს ფეხბურთია და დღეს მოიგებ, ხვალ წააგებ...
- “ბარსელონა” და “რეალი” ბოლო პერიოდში ძალიან “გადაეკიდნენ” ერთმანეთს. როგორ უყურებთ ამ ფაქტს?
- მათ შორის ყოველთვის მწვავე კონკრენცია იყო, მაგრამ გეთანხმებით, ბოლო პერიოდში დაშვებელ ზომებს გადასცდა ამ კლუბებისა და მათი ფანების დაპირისპირება. კონკურენცია ზიზღში გადაიზარდა, რაც ძალიან ცუდია.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა









