მალე საქართველოში მსოფლიო სტანდარტების საშეჯიბრო დარბაზის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიოატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
“საოცარ წარმატებას მიაღწიეთ, მთელ საქართველოს ეამაყებით და მინდა პირადად თქვენგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადაჭრის შემთხვევაშიც ძიუდოში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ჩავუყრით საფუძველს”, – მიმართა ივანიშვილმა ძიუდოისტებს. ფედერაციის ხელმძღვანელობამ და სპორტსმენებმა პრემიერ-მინისტრს უთხრეს, რომ ევროსტანდარტების საწვრთნელი კომპლექსი სჭირდებათ, რომელშიც უცხო ქვეყნების ნაკრებების მოწვევა და ერთობლივი შეკრებების გავლა შეეძლებათ და ამასთან, თბილისში არ არსებობს სპორტული დარბაზი, რომელიც უმთავრესი შეჯიბრებების უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
“ეს საკითხი მართლაც აქტუალურია და კარგი იქნება, თუკი არქიტექტორებთან ერთად მალე მოამზადებთ პროექტს”, - დაავალა ბიძინა ივანიშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს და იქვე დასძინა, რომ თუ ბიუჯეტში საჭირო თანხა ვერ გამოიძებნება, ახალი დარბაზის მშენებლობისა და სრულყოფილი საწვრთნელი კომპლექსის მოწყობის ხარჯებს თავისი ფონდიდან დააფინანსებს.
პრემიერთან სტუმრობამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეწვია და ევროპის ჩემპიონატის შემაჯამებელი მინი-პრესკონფერენციაც გაიმართა. სამინისტროს ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ბუდაპეშტურ წარმატებაში წვლილის შემტან ყველა ადამიანს გადაუხადეს მადლობა. ნაკრების წევრებმა კი განაცხადეს, რომ უკვე სეზონის უმთავრესი შეჯიბრისთვის – მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იწყებენ მზადებას.
შეგახსენებთ, 25-28 აპრილს ბუდაპეშტში ჩატარებულ ევროპირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გუნდურ ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.







