მიხაელ შუმახერის წარუმატებლობის შესახებ, სხვადასხვა მიზეზი სახელდება. ”მერსედესის” შეფი, როს ბრაუნი ამბობს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს კომპიუტერულ სიმულატორზე ვარჯიშმა აწყინა, თუმცა თავად შუმი თავის უღიმღამო გამოსვლას ”ბრიჯსტოუნის” საბურავებს აბრალებს. სხვა, ასევე კომპეტენტურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ გერმანული გუნდის მანქანა ჯენსონ ბატონის სტილის შესაბამისად იყო შემუშავებული.
არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ შუმახერს ხელს ასაკი უშლის. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ალენ პროსტი კი დარწმუნებულია, რომ გერმანელი უწინდებურად ბრძოლისუნარიანი და სწრაფი ვეღარ იქნება. ის ირწმუნება, შუმი არარეალისტად გამოიყურება, როცა იქადნის, რომ ფ1-ში თავის მეორე კარიერას ახალი ტიტულით დააგვირგვინებს.
”რა თქმა უნდა, დაბრუნების გადაწყვეტილება მისი პირადი საქმე იყო და მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მის ასაკში შეუძლებელია იმ მწვერვალებზე დაბრუნება, რომლებსაც ადრე იპყრობდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ის ჩემს ამ მოსაზრებას გააქარწყლებს” - განაცხადა შვეიცარულ გაზეთ ”ლა მატენ დიმანშთან” საუბრისას პროსტმა.
ფ1-ში დაბრუნებულმა შუმახერმა, ”მერსედესთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მისი დაბრუნების ერთადერთი მიზანი, მერვე ტიტულის მოპოვებაა. მაგრამ შარშან, კვარცხლბეკზე ასვლა ერთხელაც ვერ მოახერხა. ახლა კი იმედოვნებს, რომ რბოლებში სამეულში მოსახვედრად და ხანდახან, გამარჯვებებისთვისაც იბრძოლებს, ტიტულის ჯერი კი მესამე სეზონში დადგება.
რა თქმა უნდა, პროსტს არავინ ეკითხება, აპირებს თუ არა დიდი პრიზების ცირკში დაბრუნებას - ეს არარეალურია. მაგრამ თავად ფრანგი ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს, თანამედროვე ფ1-ის ბოლიდი მართოს. ამასთან, მას შუმახერისგან სრულიად განსხვავებული მოტივი აქვს: ”მაინტერესებს, რამდენად განვითარდა ტექნოლოგიები და რის საშუალებებს იძლევიან ისინი. ეს საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა”.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







