სტატიები

13:39 | 24.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

პროვინციელი დედოფალი

მილანის „ინტერის“ ახალბედა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილი შემტევი ჯამპაოლო პაცინი, იტალიის ნაკრების წევრი, სერია ა-ს 2007 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე რიკარდო მონტოლივო, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამუელე დალა ბონა - აი, სახელდახელო ჩამონათვალი იმ ფეხბურთელებისა, რომელთაც არცთუ დიდი ხანია „დაამთავრეს“ აპენინებზე ერთ-ერთი საუკეთესო „ვარსკვლავების ფაბრიკა“ - ბერგამოს „ატალანტას“ საფეხბურთო აკადემია...
იტალიაში „ატალანტას“ პროვინციის დედოფალსაც ეძახიან - ეს პერიფერიული კლუბი, სერია ა-ში გამოსვლების რაოდენობით მხოლოდ გრანდებს ჩამორჩება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბერგამოელებს აქამდე არასოდეს უჩემპიონიათ. სამაგიეროდ ისინი სხვა რამით ამაყობენ - პირველი პირდაპირი საფეხბურთო რეპორტაჟი იტალიაში 1955 წელს სწორედ „ატალანტას“ მონაწილეობით გაიმართა. პირველი ლაივიდან 33 წლის მერე, 1988-ში კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა შედგა - ბერგამოელები თასების თასის ნახევარფინალამდე მივიდნენ (თან ამ დროს სერია ბ-ში გამოდიოდნენ).
მოკლედ, ვარსკვლავები თუ არ მოუწყვეტიათ, არც მაჩანჩალები ყოფილან, მაგრამ პრობლემა, რომელიც დაარსების დღიდან ვერ მოაგვარეს ატალანტელთა მესვეურებმა, მეტისმეტად პროზაულია - მას უფულობა ჰქვია. სწორედ ამ პრობლემის გამო დაარსდა ზემოხსენებული ვარსკვლავების სამჭედლო - ბერგამოული საფეხბურთო აკადემია - 40-იანი წლების ბოლოს, „ატალანტას“ მამებმა სოლიდური ახალგაზრდული სკოლა დააფუძნეს იმ იმედით, რომ იგი შემოსავალს გაუჩენდათ და კლუბის ბიუჯეტს წაადგებოდა.
იდეამ ერთხანს მიიძინა, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში იგი ახალმა პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ აიტაცა და გაცილებით საფუძვლიანად მიუდგა ახალგაზრდულ სექტორს.  მას შემდეგ მფლობელიდან მფლობელამდე ეს გატაცება ტრადიციულად გადაეცემა და წარმატებებმაც არ დააყოვნა. პირველი, რაც პრეზიდენტმა პერკასიმ გააკეთა, კლუბში მიიწვია სახელგანთქმული სკაუტი „კომოდან“ - მინო ფავინი, რომელსაც იმ დროისათვის უკვე აღმოეჩინა პიეტრო ვერხოვოდი, მარკო სიმონე, ჯანლუკა ძამბროტა. „ატალანტაში“ მანამდე ენთუზიასტ ფავინის გაუჩნდა ორი რამ - თავისუფლება და ფული, რომელზეც დააფუძნა კიდეც მომავალი იმპერია.
შედეგმა არ დაახანა. თუკი მანამდე ბერგამოელები მხოლოდ ერთხელ, 1940 წელს იყვნენ იტალიის ჩემპიონები, ფავინის გამოჩენის შემდეგ, გამარჯვება ჩვეულებრივ ამბად ექცათ. ამუშავდა საფეხბურთო სკოლის ყველა საფეხური. სწორედ ფავინი იქცა პირველკაცად სწორი სტრატეგიისა - თუკი გსურს, გაზარდო პროფესიონალი ფეხბურთელი, საქმეს კომპლექსურად უნდა მიუდგე, უნდა შექმნა სისტემა და სწორედ მან უნდა უკარნახოს მომავალ მოთამაშეს, რა და როგორ.  
ყველაფერი დაიწყო ბავშვებისა და ახალგაზრდობის მომზადების ცენტრის შექმნით. ახლა მას სტუდენტური ქალაქი - „კაზა დელ ჯოვანე“ ჰქვია, მდებარეობს ძინგონიაში და აერთიანებს რამდენიმე სოფლის ტერიტორიას. კომპლექსში 200 მეტი ბავშვი ირიცხება და არა მარტო ფეხბურთს სწავლობს, სწავლობს საფეხბურთო ფილოსოფიასაც.  
ბავშვების დათვალიერება და შერჩევა 9-10 წლის ასაკიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პრინციპი მუშაობს - აფასებენ ბუნებრივ ნიჭს. ნიჭის ძირითად კრიტერიუმებად მინდორზე მოძრაობასა და ბუნებრივია, ბურთთან დამოკიდებულებას მიიჩნევენ. თუკი ისე მოხდა, რომ „ატალანტას“ აკადემიის წარმომადგენლებმა სადმე ვინმე მოიწონეს, კანონის თანახმად იცდიან მანამ, სანამ ბავშვს 14 წელი არ შეუსრულდება. სწორედ 14 წლის ასაკში ამთავრებენ იტალიელი ბავშვები ზოგად-საგანმანათებლო სკოლას. გარდა უშუალოდ ბავშვებთან მუშაობისა, კლუბის მესვეურებს მჭიდრო კავშირები აქვთ ლომბარდიისა და ზოგადად იტალიის საფეხბურთო სკოლებთან, ამარაგებენ მწვრთნელებს მეთოდური ლიტერატურით. ამასთან, ეს ურთიერთობები არ წყდება მაშინაც კი, როცა მწვრთნელი ან მოზარდი სხვა აკადემიას ირჩევს.
რატომ? მარტივი პასუხი აქვთ: „ტალანტზე მონოპოლიამ არ უნდა იარსებოს!“ - და პირველად ესეც ფავინიმ თქვა.
ამ კაცს წვრილმანებში აქვს გათვლილი სწავლის ყოველი წელი. 13 წლამდე „ატალანტას“ სკოლაში ფიზიკურ მონაცემებს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა და ყურადღება ეთმობა მხოლოდ ტექნიკას - ბურთთან მუშაობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოზარდს 14 წელი შეუსრულდება, დღის წესრიგის მთავარ თემად მისი ფიზიკური მონაცემები და კოორდინაციის უნარი იქცევა. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ „ეძებს“ მომავალი ფეხბურთელი ბურთს მინდორზე. 15 წლის ასაკში ყმაწვილმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები გამძლეობაზე, 16 წლიდან მოყოლებული კი მთავარი ხდება ინტუიცია, ტაქტიკა და მინდორზე გადანაცვლების უნარი.
და რა თქმა უნდა უმთავრესი: მთელი ამ დროის „საუნდტრეკი“ - შრომა. რადგან: ფავინის მოძღვრების თანახმად, თუკი შენ ნიჭიერი ხარ, აუცილებელია, სხვებზე ორჯერ მეტად იმუშაო - რათა ბოლომდე გახსნა საკუთარი თავი და შეირგო ბუნების საჩუქარი.  
ბერგამოს აკადემიის მწვრთნელების უმეტესობა ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელთაც თავის დროზე პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სოლიდური შერჩევითი კონკურსი გაიარეს. სკოლამ 60-ზე მეტი მწვრთნელი მოამზადა და ამ მხრივაც ფავინის ფილოსოფიის (კომპლექსური მიდგომის შესახებ) მიმდევარია. 75 წლის შეფი კიდევ ერთ სექტორს, ზოგად განათლებას ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას და ყოველთვის პირადად ამოწმებს აკადემიაში ჩარიცხული ბავშვების აკადემიურ მოსწრებას ანუ ნიშნებს სკოლაში. მაგალითებად პაცინი და მონტოლივო ჰყავს - მიუხედავად იმისა, ორივე წარმატებული ფეხბურთელია, საფეხბურთოსთან ერთად, სოციალური მდგომარეობაც მყარი აქვთ: პირველი ბუღალტერია, მეორე - გეოდეზისტი...
აკადემიის მთელი პერსონალი - მწვრთნელები, ექიმები, მასაჟისტები, მძღოლები, მზარეულები, ფსიქოლოგები უდიდესი ყურადღებით შეირჩა და თქვენ წარმოიდგინეთ, აკადემია ყურადრებას უთმობს რელიგიასაც - აღზრდაში არცთუ უმნიშვნელო როლი ეთმობათ კათოლიკე პასტორებს.
მოკლედ, აკადემიის მხცოვანი ხელმძღვანელისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთი, ასევე საერთო დისციპლინა, ფსიქოლოგია, გარშემომყოფთა პატივისცემა და განათლება. სწორედ ამაში მდგომარეობს მისეული, საყოველთაოდ ცნობილი ფილოსოფიის არსი.
ზინგონიურ აკადემიაში ბავშვების მშობლებსაც კი „ზრდიან“ - შექმნილია ერთგვარი „საგულშემატკივრო სკოლა“, სადაც მომავალი ფეხბურთელების მშობლებს უხსნიან, როგორ უნდა დაიკავონ თავი შვილებთან ურთიერთობისას, როგორ იურთიერთონ მწვრთნელებთან და დაიმახსოვრონ, რომ არასდიდებით არ „მიაწვნენ“ არც ბავშვებს, არც მწვრთნელებს - ეს დამღუპველია...
ისევ ფავინი: „მთავარია, ბავშვი მკაცრ ჩარჩოებში არ მოექცეს და საშუალება ჰქონდეს შემოქმედებითი უნარის გამოვლენისა - როგორც ცხოვრებაში, ასევე მინდორზე. მან უნდა ითამაშოს, საზოგადოებაში თანდათანობით გაერიოს და გაიაროს სოციალური განვითარების ყველა საფეხური.“ ეს ყველაფერი ამართლებს. ოცზე ცოტა მეტი წელიწადია, ეს კაცი აკადემიას ხელმძღვანელობს და ექვსივე საფეხურის დონეზე ბერგამოელებმა ოცამდე სხვადასხვა ტურნირი მოიგეს  - ძირითადად სხვადასხვა ასაკში იტალიის ჩემპიონატები. როცა ამ გზის გამომვლელი ყმაწვილი „ატალანტას“ ძირითად გუნდში ხვდება, ახალბედას ვერანაირად უწოდებ: იგი წლების განმავლობაში კლუბის ნაწილია და გარდა ამისა, გამარჯვებულის მენტალიტესაც ატარებს. ამასთან, პროვინციულ კლუბში თამაშს, გრანდებისაგან განსხვავებით, ახალგაზრდისათვის სხვა უპირატესობაც აქვს - შედეგის გულისთვის წნეხის ქვეშ არასოდეს ხვდები, მშვიდად მუშაობ, ვითარდები და უბრალოდ, თუკი შრომის უნარი შეგწევს, გაქვს ყველა შესაძლებლობა გახდე უკეთესი ფეხბურთელიც და ამასთან დიდი ფეხბურთის ნიუანსებშიც გაერკვე.
ხუთიოდე წლის წინ, „ატალანტას“ სკოლა იტალიაში მეორე და ევროპაში მეოთხე იყო ელიტურ დივიზიონში მოთამაშე კურსდამთავრებულების რიცხვით - 27 ასეთი ახალგაზრდა გააფეხბურთელა. ბოლო დროის მონაცემებით, მარტო სერია ა-ში ფავინის აკადემიის აღზრდილებიდან 18 კაცი ირჯება.
საშუალოდ, 7-8 პროფესიონალი წელიწადში - ასეთია აკადემიის საშუალო სტატისტიკა. რაც ყველაზე მთავარია, ამ სტატისტიკას შემთხვევითობა კი არა, სამრეწველო ფაქტორი კვებავს. ასზე მეტი აღსარდელი იტალიისა და საზღვარგარეთის პროფესიულ კლუბებში რომ გამოდის, თავისთავად წარმატებაა, მაგრამ მაჩვენებელიც და ხარისხიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუკი განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების „ახევას“ მოეღებოდა ბოლო. ევროპაში ყველაზე დიდ „მეკობრეებად“ ინგლისელები მიიჩნევიან და ისინი განსაკუთრებით კარგად იყენებენ სათავისოდ იტალიურ კანონს, რომლის საფუძველზეც 16 წლამდე ახალგაზრდასთან კონტრაქტს ვერ გააფორმებ.
ფავინი მემკვიდრეობით ხაბაზია და ხშირად ხუმრობს, რომ მამის პროფესია არ შეუცვლია - ყოველწლიურად ტალანტებს ვაცხობო... კიდევ ერთი ხარისხის მაჩვენებელი - „ატალანტას“ აკადემიაში დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა იტალიის ნაკრების ახლანდელმა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ. მას რომ ჰკითხო, სწორედ თავისი მასწავლებლისაგან გადაიღო ახალგაზრდის აღმოცენისა და განვითარების ნიჭი. პრანდელი ფავინის „მოურინიოზე განსაკუთრებულს“ უწოდებს და ყველაზე მეტად მისი უმთავრესი პრინციპი „ვზრდით ჯერ ადამიანს და მერე ფეხბურთელს!“ მოსწონს.
და ბოლოს „ატალანტას“ აკადემიის კურსდამთავრებული ტოპ-ათეულის სია, მსოფლიო სპორტის მკითხველი თავად შეაფასებს, რა და როგორ ხდება იტალიურ პროვინციაში:

გაეტანო შირეა, რობერტო დონადონი, ალესიო ტაკინარდი, ჯამპაოლო პაცინი, რიკარდო მონტოლივო, სამუელე დალა ბონა, როლანდო ბიანკი, ლუჩანო ძაური, მასიმო მუტარელი და ტომასო ლოკატელი - როგორც იტყვიან, კომენტარი აღარაა საჭირო...
 

 

კონსტანტინე გოგიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098267