სტატიები

10:27 | 6.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

პუტინი – გალაქტიკური კორუფციის მეფე!

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა როჯერ ბერდენმა, რომელსაც 22 დეკემბერის შემდეგ ოფიციალური სტატუსი უნდა მინიჭებოდა, უარი განაცხადა აღნიშნულ თანამდებობაზე. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად, ბერდენმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნების დროს, ინგლისის დამარცხება დაასახელა. “ვიცი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას, ხშირად მომიწევს ფიფა-ს წარმომადგენლებთან ურთიერთობა. არ შემიძლია ფიფა-სთან თანამშრომლობა, როცა მას არ ვენდობი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურის მოხსნა”, - აღნიშნა ბერდენმა, შემდეგ რუსეთს გამარჯვება მიულოცა და კარი გაიჯახუნა. ამასობაში კი, ბრიტანული პრესა გამარჯვებულ ქვეყნებზე საკუთარი შეხედულებების გამოქვეყნებას განაგრძობს.
როჯერ ბერდენს ეჭვი ეპარება, ფიფა-ს კომიტეტის წარმომადგენელთა ობიექტურობაში. ინგლისმა ეკონომიკურად და ტექნიკურად, ძალზედ სოლიდური განაცხადი წარმოადგინა, მაგრამ მან მხოლოდ 2 ხმა მიიღო და არჩევნებს პირველივე ტურში გამოეთიშა.
“ჩვენ პირველი ადგილი გვეკავა იმ ოთხეულში, ფიფა-ში განაცხადი რომ შეიტანა. ვლიდერობდით კომერციული მხარის დამოუკიდებელ შეფასებაშიც. ჩვენი პრეზენტაცია ხუთშაბათს ყველამ წარმატებულად აღიარა იმ განაცხადებს შორის, რომლებიც 2018 და 2022 მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობაზე შემოვიდა. ყოველივე ამის ფონზე, ვცდილობ გავიგო, თუ რატომ მოგვცეს მხოლოდ 2 ხმა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხმის მიცემის პროცესმა ობიექტურად ჩაიარა”, - ამბობს ბერდენი.
რუსული წყაროები იუწყებიან, როჯერ ბერდენს რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვსო. “რუსეთის განაცხადის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რუსები შესანიშნავ მუნდიალს ჩაატარებენ. მე მათ უკვე მივულოცე წარმატება”, - ასე უთქვავს გაბრაზებულ ფუნქციონერს, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ შემცვლელს მოუძებნიან.
ინგლისური პრესა დიდხანს არ დაივიწყებს მომხდარს. საკმაოდ პრესტიჟული ინგლისური ტაბლოიდები, ყოველდღე ხუთ გვერდს უთმობენ ფიფა-სა და რუსეთის ურთიერთობას. ტაბლოიდმა The Sun-მა, პირველ გვერდზე ფიფა-ს კომიტეტის იმ შვიდივე წევრის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებმაც ინგლისის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა. “მსუქან კატებს” ინგლისი სახეზე უნდა სცნობდეს. სურათისა და ციტატის გვერდით, რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინისა და ფიფა-ს პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ფოტოა, რომლის ქვეშაც წერია: “გალაქტიკური კორუფციის მეფეები”.
ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ლიდსის” წარმომადგენელი, კენ ბეითსი მკაცრი ქმედებების მიღების მომხრეა. ფიფა-ს გადაწყვეტილებას 2018 წელს რუსეთში, ხოლო 2022 წელს ყატარში მუნდიალების ჩატარების შესახებ, ბეითსი მკაცრად აფასებს: “ევროპის ძლიერი საფეხბურთო ქვეყნები ვალდებულნი არიან ფიფა დატოვონ და საკუთარი ორგანიზაცია შექმნან. მასპინძელ ქვეყნებად რუსეთი და ყატარი რომ გამოაცხადეს, ჩვენ უბრალოდ ვიცინოდით. ეს ის სიტუაციია, ძაღლს რომ კუდს მოაჭრი. საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის გარეშე ფიფა ვერ იარსებებს. ფიფა - ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვს. მისთვის მთავარია ფული გამოიმუშავოს. ფიფა-ს წარმომადგენლებს შეუძლიათ მოსკოვში გადავიდენ საცხოვრებლად და იმ ტყეებში დასახლდნენ, რომლებიც რუსეთი დედაქალაქს გარშემო აკრავს”, - ციტირებს ბეითსს Yorkshire Post- ი.
“რაც შეეხება რუსეთის არჩევას, ჩემპიონთა ლიგის ჩაგდებული ფინალი მახსენდება. გულშემატკივრები ქალაქის ცენტრიდან 100 მილის მოშორებით განათავსეს. არ მესმის, როგორ აპირებენ ფეხბურთის განვითარებას ყატარში. თუნდაც იმავე ავსტრალიაში ოლიმპიადა ჩაატარეს და ნამდვილად შეეძლოთ, მსგავსი შოუ 2022 წელსაც შემოეთავაზებინათ”, - დაამატა ბოლოს ბეითსმა.

 

მოამზადა გეგა რევაზაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097763