უსწრაფესად, ქარიშხალივით ჩაიგრიხინა XXI საუკუნის პირველმა ათწლეულმა. ქართული სპორტის ქომაგებმა ამ პერიოდში სიხარულიც ბევრი ნახეს და კაეშანიც. თუმცა, ბევრი ალბათ მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ იმ უდიდეს ბედნიერებას, რომ საქართველო და მათ შორის ქართული სპორტი, უკვე 20 წელია რაც დამოუკიდებელია და ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებების შემდეგ, ფლანშტოკზე, ავადსახსნებელი წითელი დროშის ნაცვლად, ქართული დროშა ფრიალებს.
როგორც თომას მანი ამბობდა: “არ არსებობს უკიდურესად ცუდი და უკიდურესად კარგი წლები. მხოლოდ უკიდურესი ადამიანები არსებობენ”. ქართველებს კი, მოგეხსნებათ, ბევრ რამეში სწორედაც რომ უკიდურესობები გვჩვევია და ყოველი წლისაგან იმაზე მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შესაძლებელია. თუმცა, უსამართლობა იქნება, ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ სპორტთან დავაკავშიროთ და არ ვაღიაროთ, რომ მრავალი პრობლემის არსებობის მიუხედავად, ქართული სპორტი მთლიანობაში მაინც ვითარდება და კონკრეტულ სახეობებში წინსვლა უდავოდ სახეზეა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა 2010 წლის ყველაზე დიდ სენსაციად უნდა ჩავთვალოთ. სენსაციად არა იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი თამაშის მხრივ არ იმსახურებდა ამგვარ დიდ ტურნირზე ასპარეზობას, ანდა აქამდე არ ვიყავით ევროპირველობაზე თამაშის ღირსნი. უბრალოდ, როდესაც უკვე ბედს ხარ შეგუებული და იცი, რომ ჩვენი კალათბურთელები ევროპირველობაზე ვერ გავიდნენ, და ამ დროს, ფიბა-ს გადაწყვეტილებით, ამდენი წლის ნაოცნებარ ტურნირზე ამოყოფ თავს, ეს სენსაციაზე მეტიც კია. მით უმეტეს, რომ ქართველი ქომაგები ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილებებით განებივრებულნი ნამდვილად არ ვართ.
2010 წლის უმთავრესი მატჩი, რა თქმა უნდა, ტრაბზონში რუსეთის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული შეხვედრა იყო, სადაც “ბორჯღალოსნებმა” ჩვენს “ტკბილ” მეზობლებს, როგორც იტყვიან “კუდით ქვა ასროლინეს”. გარდა წმინდა სპორტულისა, (ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მორაგბეთა ნაკრები ხომ მსოფლიოს თასზე გავიდა) ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებდა და ქართველი ქომაგის სიხარული აღნიშნული შეხვედრის ჩვენს სასარგებლოდ დასრულების შემდეგ, სწორედ ამიტომაც იყო განუზომლად დიდი.
მიუხედავად, ჩვენი კალათბურთელების სიჩაუქისა, გავკადნიერდები და წლის გუნდად, სწორედ ჩვენს “ბორჯღალოსნებს” მივიჩნევ.
ქართული საკლუბო ფეხბურთის საევროპო ტრაგედიები უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და ყოველი ზაფხული ქართული ფეხბურთის ქომაგებისათვის ცხვირჩამოშვების პერიოდი გახდა (შემოდგომის პერიოდში ყველა ქართული კლუბი, როგორც წესი, უკვე გამოვარდნილია ხოლმე ევროტურნირებიდან). ხოლო, ის რაც მიმდინარე სეზონში “ვიტ-ჯორჯიამ” ევროპაში “მოახერხა”, არა მგონია, კიდევ ერთხელ ღირდეს გასახსენებლად და გულის შეკუმშვად.
სწორედ ამის გათვალისწინებით გახლავთ უცნაური და ცოტა არ იყოს წარმოუდგენელი ის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გასული წლის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 6 ქულის მფლობელია და ტერმინ - “სინდის-ნამუსის” მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაახსენა ქართველებს. არავინ დავობს, რომ ჩვენი ნაკრების სარეკორდოდ, ბევრ შეხვედრაში წაუგებელი სერია უპირველესად თემურ ქეცბაიას დამსახურებაა და იგი წლის მწვრთნელის ტიტულს 100%-ით იმსახურებს. თუმცა, არც ის იქნება სამართლიანი, რომ თემურის გუნდში მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელთა გარჯა არარად ჩავაგდოთ და არ აღვნიშნოთ, რომ ამხანაგურ მატჩებშიც კი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, განსაკუთრებული მონდომება ემჩნევათ, რაც წლის გარდასახვად უნდა ვცნოთ.
2010 ფრიად ცუდი წელი იყო ჩვენი ძიუდოისტებისა და მოჭიდავეებისათვის. ამ სახეობებში კრიზისი სახეზეა და ამას თან დაერთო აღნიშნულ სახეობათა ფედერაციებში მომრავლებული სკანდალები. თუმცა, ეს უიმედობის განცდას ნამდვილად არ ბადებს, რადგან ვინ ვინ და ქართველმა ქომაგმა ნამდვილად არ უნდა იწუწუნოს, როდესაც ყველა ვხედავთ, რომ განსაკუთრებულად პერსპექტიული ახალი თაობა მოდის და იქ, სადაც ქართული ჭიდაობა არსებობს, ძიუდო-ჭიდაობას ტალანტები არასოდეს მოაკლდება.
სულ ბოლოს კი, პირადად ჩემთვის, წლის ყველაზე სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ, რაც ალბათ ყველამ ისედაც იცით. შარშან ამ დროს, ორი სვეტი დავწერე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ქართულ სპორტში ინფრასტრუქტურის მხრივ და მაგალითად ავჭალაში მდებარე “სინათლის” სტადიონის გაპარტახება მომყავდა. სასიხარულოა, რომ ყველასათვის ცნობილი ქართველი ბიზნესმენის შეწევნით, ავჭალაში და კიდევ რამდენიმე სტადიონზე ძირეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო და 2011 წელს, ჩვენს მორაგბეებს, მართლაც, რომ მშვენიერი საწვრთნელი და სათამაშო კომპლექსები ექნებათ. ცნობილი პოლიტიკური ლოზუნგისა არ იყოს: “გასაკეთებელი კიდევ უსაზღვროდ ბევრია”, მაგრამ როდესაც გალამაზებულ “სინათლის” სტადიონს გაუვლი გვერდით, ხვდები, რომ ქართულ სპორტს წინ დიდი მომავალი აქვს!
ლევან სეფისკვერაძე







