ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - 9 დეკემბერს, საქართველოს ფალავნის ტიტულის მოსაპოვებლად, გათამაშების მონაწილეები საჭიდაოდ ახალი ფორმით გავლენ; აქამდე არსებულ უმკლავებო ჩოხას გრძელმკლავებიანი შეცვლის.
სიახლის თაობაზე ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ამ სახეობის სპეციალისტებმა გუშინ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში რამდენიმე საათი იმსჯელეს.
“1934 წლამდე, ქართული ჭიდაობა გრძელმკლავიანი ჩოხებით ტარდებოდა. სახელოების მოხსნის იდეა რუსეთიდან წამოვიდა და განხორციელდა კიდეც. ერთი კვირის წინათ, ამ საკითხთან დაკავშირებით 5-კაციანი კომისია შევქმენით. დღეს კი მათ სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთად დეტალურად განიხილეს ძველი ფორმის დაბრუნების თემა და უმეტესობამ თანხმობა განაცხადა. ტრადიციის აღდგენის ფაქტის გარდა, არგუმენტად ისიც საკმარისია, რომ გრძელმკლავიანი ჩოხის დაკანონებით, ქართულ ძიუდოსა და სამბოსაც გაცილებით დიდ დახმარებას გავუწევთ. ახალი ჩოხის ნიმუში უკვე მზადაა. 9 დეკემბრამდე ფალავნობის ყველა მონაწილეს შევმოსავთ” - უთხრა “მსოფლიო სპორტს” ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, უშანგი ყურაშვილმა.
მისგანვე მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ფალავნობას, შესაძლოა, თბილისის ცირკმა უმასპინძლოს.
ოთარ მაღლაკელიძე







