ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კაცებში შვიდი წონითი კატეგორიიდან სამს, ქართველი ლიდერი ჰყავს. 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა, ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე მოპოვებული ვერცხლის მედლით და 240 სარეიტინგო ქულით თავის წონაში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. ევროპის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) კი, უნგრულმა წარმატებამ კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახადა. მათ, ტიტულთან ერთად, 500-500 ქულაც მოიპოვეს.
პაპინაშვილი, წინა რეიტინგ-სიის მიხედვით, უზბეკ რიშოდ სობიროვთან მესამე ადგილს იყოფდა. ახლა კი სობიროვსაც გაუსწრო და აქამდელ პირველ და მეორეადგილოსნებს: იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსა და რუს არსენ გალსტიანსაც. შავდათუაშვილი ევროპირველობამდე თავის წონაში ფრანგ დევიდ ლაროშს უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდა. ამ უკანასკნელმა ბუდაპეშტურ ტატამზე ბრინჯაო და 160 ქულა გამოიმუშავა, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი კი, ევროპული ტრიუმფით გვარიანად გაიჭრა წინ.
73 კილოგრამში, ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი ათეულს მიღმა დგანან, მაგრამ წლეულს თვიდან თვემდე სტაბილურად პროგრესირებენ და თუ ასევე გააგრძელეს, მოწინავეებში გარევის შანსი მალე მათაც მიეცემათ. ტატალაშვილმა უნგრული ვერცხლით 6 პოზიციით იხეირა და ამჟამად მე-15 ადგილს იკავებს. ევროპირველობის ბრინჯაოსანი რეხვიაშვილი კი, მხოლოდ ერთი ნაბიჯით დაწინაურდა და ცხრილის მე-16 საფეხურზე დგას.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კილოგრამში ისევ მე-3 პოზიციაზე დარჩა, მაგრამ თავისზე წინ მდგომ კონკურენტებს თუკი აქამდე 600-700 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამასთან, უახლოეს მდევარს, კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიერს, ლამის, 500 ქულით გაუსწრო.
ლიპარტელიანმა უნგრეთში ფინალური შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება ვერ შეძლო, მაგრამ ამას მისთვის მსოფლიოს პირველნომრობაში ხელი არ შეუშლია – მეორე ადგილზე მდგომ კუბელ ეშლი გონზალესს, ჩვენებურამდე 228 ქულა აშორებს.
ერთადერთი წონითი კატეგორია, რომელშიც ქართველებს საქმე საამაყოდ ვერ გვაქვს, 100 კილოგრამია. ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი 22-23-ე ადგილებს იკავებენ, მაგრამ აქტიური სპორტული კარიერა ორივეს დასრულებული აქვს და შესაბამისად, ნელ-ნელა ინერციით დაბლა დაეშვებიან. მოქმედ ქართველ სპორტსმენთაგან კი, საუკეთესო რეიტინგი ალექსანდრე მსხალაძესა და დავით ლორიაშვილს აქვთ – 43-ე და 53-ე ადგილები.
მძიმე წონაში კი, უნგრული ევროპირველობის ფინალისტი ადამ ოქრუაშვილი, მსოფლიოს რეიტინგსიაში მე-5 საფეხურიდან მე-4-მდე დაწინაურდა.
ქვემოთ, შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ყველა ქართველის რეიტინგს გთავაზობთ.
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი 1296
2 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 1288
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 1058
4 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია) 1040
5 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) 980
8 ბეთქილ შუკვანი 734
72 გიორგი მესაბლიშვილი 120
77 პაატა მერებაშვილი 110
129 ვაჟა მარგველაშვილი 24
229 გიორგი ბროლაშვილი 2
66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი 1436
2 დავიდ ლაროში (საფრანგეთი) 1244
3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ.) 1130
4 მასაში ებინუმა (იაპონია) 990
5 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა) 980
45 შალვა ქარდავა 244
95 თორნიკე თათარაშვილი 82
130 ტრისტან ფეიქრიშვილი 42
140 სანდრო იაკობაშვილი 38
147 დავით ასუმბანი 28
198 ვანიკო თოთლაძე 12
211 გიორგი მკალავიშვილი 10
73 კგ
1 ნიამ-ოჩირ საინარგალი (მონღოლეთი) 1130
2 რიკი ნაკაია (იაპონია) 1120
3 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1028
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 1004
5 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 990
15 ნუგზარ ტატალაშვილი 588
16 ზებედა რეხვიაშვილი 562
112 თენგიზ პაპოშვილი 66
112 ამბაკო ავალიანი 66
134 არსენ მაჭარაშვილი 48
234 გიორგი პაპუნაშვილი 12
304 ზურაბ ნოზაძე 2
81 კგ
1 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1426
2 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1398
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი 1340
4 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა) 874
5 იახიო იმამოვი (უზბეკეთი) 872
22 ლევან წიკლაური 462
84 ლაშა ზურაბიანი 82
118 ბექა ღვინიაშვილი 60
169 პაატა ღვინიაშვილი 26
210 იასონ ჩილინდრიშვილი 14
244 დავით კარბელაშვილი 6
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი 1782
2 ეშლი გონზალესი (კუბა) 1554
3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი) 1142
4 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1006
5 მასაში ნიშიამა (იაპონია) 870
16 ზვიად გოგოჭური 372
129 ლაშა ტაველური 40
143 ზურაბ ზვიადაური 32
143 ბექა ღვინიაშვილი 32
204 ლაშა გურული 6
100 კგ
1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 1476
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1190
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი) 1056
4 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 1010
5 რენან ნუნესი (ბრაზილია) 948
22 ირაკლი ცირეკიძე 438
23 ლევან ჟორჟოლიანი 430
43 ალექსანდრე მსხალაძე 194
53 დავით ლორიაშვილი 158
70 ბექა ბერძენიშვილი 120
99 ლაშა გურული 62
136 ნოდარ მეტრეველი 22
137 ირაკლი ქობლიანიძე 20
161 გიორგი ნოზაძე 14
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2000
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1410
3 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1190
4 ადამ ოქრუაშვილი 1112
5 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 916
52 ზვიად ხანჯალიაშვილი 140
59 ნოდარ მეტრეველი 120
83 ონისე ბუღაძე 76
96 ლევან მატიაშვილი 44
98 გიორგი ზაქარიაძე 42
144 ლაშა გუჯეჯიანი 8







