სპორტკომპლექს “არენას” დარბაზი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გათამაშდა.
უმსუბუქეს წონაში სულ 15 მონაწილე შეგროვდა. აჭარის გუნდის წევრს, პირველ ნომრად განთესილ ედნარ შავაძეს გასაჩემპიონებლად სამი მეტოქის ძლევა ეყო და სამივეს დაძაბულ, სამპერიოდიან ბრძოლაში აჯობა. მეოთხედფინალში აჭარელ ნიკოლოზ ცეცხლაძეს მოუგო (3:0, 0:5, 1:0), ნახევარფინალში – ქუთაისელ დავით სანიკიანს (2:2, 3:2, 3:1). ფინალში კი თანარეგიონელ ზურაბ კეკელიძეს დაუპირისპირდა.
შეხვედრის საწყისი წუთნახევარი უქულოდ გაილია. საქმე ჩოქბჯენამდე მივიდა, სადაც შავაძემ კეკელიძე ვერ დაძრა და პერიოდიც წააგო. მეორე-მესამე პერიოდებში კი მოწინააღმდეგე პირწმინდად დაჩაგრა – ათი ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ცეცხლაძე და გიორგი გვენეტაძე ავიდნენ. ცნობისთვის, ოთხივე მედალოსანი აჭარის გუნდის წევრია.
66 კილოგრამის ლიდერმა მანუჩარ ცხადაიამ საბოლოოდ გადაწყვიტა წონის შეცვლა – 74 კილოგრამში აინაცვლა, სადაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ფინალამდეც მივიდა. ამ წონას კი ახალი ლიდერი ეყოლება და საქართველოს პირველობით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი კანდიდატი სენაკელი საჩინო დავითაიაა, რომელმაც უმაღლესი ტიტული პერიოდდაუკარგავად მოიპოვა. მეოთხედფინალში დავითაიამ საქართველოს ნაკრების წევრი, ოლიმპიური თამაშების ფინალისტი (60 კილოგრამში), ბორჯომელი რევაზ ლაშხი ისე დაამარცხა, ქულაც არ დაუთმია (2:0, 1:0).შეგახსენებთ, ლაშხმა საქართველოს შარშანდელ პირველობაზეც 66-ში იჭიდავა და მაშინ ჩემპიონი გახდა. ამჯერად კი საერთოდ სამეულს მიღმა დარჩა. რეპეშაჟის ფინალში ქუთაისელ ანტონ მამაგეიშვილთან წააგო (0:1, 0:3).
საჩინო დავითაიამ კი საჩემპიონო გზაზე ლაშხის გარდა აჭარელი ამირან შავაძე (3:0, 7:1), სამტრედიელი ირაკლი ჯაში (7:0, 3:0), მამაგეიშვილი (1:0, 4:0) და აჭარელი მარად აბულაძე (1:0, 3:0) ჩამოიშორა. მესამე ადგილები მამაგეიშვილმა და გოგა გოგიბერაშვილმა დაიკავეს.
84 კილოგრამის შიდა კონკურენციამ ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე მოისაკლისა, რომელიც ტრავმის გამო ვერ გავიდა ხალიჩაზე. 19 მონაწილეს შორის უძლიერესი კი გარდაბნელი რევაზ ქობლიაშვილი აღმოჩნდა. ევროპის წლევანდელი ახალგაზრდული პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა ოთხი შეხვედრა ისე მოიგო, ერთადერთი ქულა დაკარგა – ფინალში, მეორე პერიოდში, ოზურგეთელი ვალერი მურვანიძე ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა და ქულასთან ერთად პერიოდიც დაკარგა. იქამდე ჩოქბჯენი მურვანიძემაც ვერ შეირგო და საქმე გადამწყვეტ ორწუთეულამდე მივიდა. მაყურებელმა ზედიზედ მესამე უილეთო პერიოდი იხილა, ამჯერად ქობლიაშვილმა ჩოქბჯენი მაქსიმალურად შეირგო – ექვსი ქულის ასაღებად ოციოდ წამი იკმარა.
საქართველოს ჩემპიონმა ფინალამდე თანარაიონელი თორნიკე ძამაშვილი, აჭარელი ნიკოლოზ კელასოვი და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, თბილისელი რევაზ ნადარეიშვილი ერთნაირი ანგარიშით – 2:0, 1:0 დაამარცხა. ბრინჯაოს პრიზიორები ნადარეიშვილი და ქუთაისელი გიორგი ცირეკიძე გახდნენ.
მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ქუთაისელი სერგო გოგისვანიძე და თბილისელი ლევან არაბული დაეჭიდნენ. გოგისვანიძემ პირველი პერიოდის მიწურულს მეტოქის ხალიჩიდან გაყვანით ქულის აღება შეძლო და რამდენიმე წამში გაჩემპიონდა კიდეც, რადგან არაბულმა ამ ეპიზოდისას მხარი იტკინა და შეხვედრის გაგრძელება იუარა. 120 კილოგრამის შიდა კონკურენციაში მხოლოდ 8 მოჭიდავე ჩაერთო და გადამწყვეტ ბრძოლამდე მისასვლელად ორივე ფინალისტს ორ-ორი მოგება ეყო. სერგო გოგისვანიძემ აჭარელ რამაზ დევაძეს (0:1, 1:0, 1:0) და თბილისელ ბექა კანდელაკს (2:0, 1:0) აჯობა.
კვარცხლბელის მესამე საფეხურზე დევაძე და ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ქუთაისელი შოთა გოგისვანიძე ავიდნენ.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
22 დეკემბერი
55 კგ
1 ედნარ შავაძე (აჭარა)
2 ზურაბ კეკელიძე (აჭარა)
3 ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
3 გიორგი გვენეტაძე (აჭარა)
66 კგ
1 საჩინო დავითაია (სენაკი)
2 მარად აბულაძე (აჭარა)
3 გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)
84 კგ
1 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)
2 ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი)
3 რეზო ნადარეიშვილი (თბილისი)
3 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
120 კგ
1 სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)
2 ლევან არაბული (თბილისი)
3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 რამაზ დევაძე (აჭარა)
ოთარ მაღლაკელიძე







