ჟენევაში მიმდინარე 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის პირველმა ტურნირზე 2 ტურის თავზე ჩინელი იიფან ჰოუ (2617) და სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2585) დაწინაურდნენ, რომელთა აქტივშიც 1.5-1.5 ქულაა.
ჰოუმ მე-2 ტურში ბელა ხოტენაშვილი (2505) თეთრი ფიგურებით დაამარცხა, მუზიჩუკმა კი რუს ოლა გირიასთან (2463) გამარჯვებას უკრაინელ კატერინა ლაჰნოსთან (2548) ყაიმი მიაყოლა.
შეგახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა საწყის ტურში ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2544) სძლია, დღევანდელი მარცხის შემდეგ კი, დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 ადგილზე აღმოჩნდა.
ასევე 1.0 ქულით მე-4 პოზიციაზეა ნანა ძაგნიძე (2545), რომლის აქტივშიც უკვე 2 ფრეა. ქართველმა მოჭადრაკემ ორივე პარტია თეთრებით ჩაატარა და ორივე შემთხვევაში, რუსებს დაუზავდა. ჯერ – ალექსანდრა კოსტენიუკს (2491), შემდეგ კი – ტატიანა კოსინცევას (2517).
მე-3 ტურში, რომელიც 5 მაისს შედგება, ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ხოტენაშვილი ძაგნიძეს თეთრებით ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულ ტურნირზე მოჭადრაკეები ერთმანეთს 11 ტურად შეეჯიბრებიან, დასვენებისთვის კი 2 დღეა გამოყოფილი: 7 და 12 მაისი.







