ჭიდაობა

10:08 | 19.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ევროსამზადისი სტამბოლ-კრეტეიში დაიწყება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ახალ სეზონს, მოსამზადებელი შეკრების ნაცვლად, პირდაპირ საერთაშორისო ტურნირით გახსნის. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2011 წლის კალენდრის თანახმად, კლასიკოსები 16 იანვარს, დუშეთში, გაფართოვებული შემადგენლობით უნდა ჩასულიყვნენ და 12-დღიანი წვრთნა გაევლოთ, მაგრამ წინასწარი გეგმა შეიცვალა.
“29-30 იანვარს, სტამბოლში ვეჰბი ემრეს სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება და  სწორედ ამ შეჯიბრით დავიწყებთ ევროპის ჩემპიონატისთვის ოფიციალურ მზადებას. თურქეთში ჩვენი ნაკრები, სავარაუდოდ, 15-კაციანი შემადგენლობით გამოვა. რაც შეეხება კალენდარში განხორციელებულ ცვლილებას, მხოლოდ დუშეთის შეკრება ამოვიღეთ. დანარჩენი, ყველაფერი ძველებურადაა, თუმც, შესაძლოა, ერთი იძულებითი შესწორების შეტანაც გახდეს საჭირო. ევროპის ჩემპიონატისწინა ერთ-ერთი დასკვნითი შეკრება მინსკში, სტაიკების ბაზაზე, მასპინძელთა ნაკრებთან ერთად უნდა გავიაროთ, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, ბელარუსები იმ პერიოდში თურქულ შეკრებაზე გამგზავრებას გეგმავენ. თუ ასე მოხდა, მაშინ, ალბათ, ჩვენი გუნდიც თურქეთში ჩავა, რათა ერთობლივ წვრთნებში მიიღოს მონაწილეობა”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა.
29-30 იანვარს, ვეჰბი ემრეს სახელობის ტურნირის პარალელურად, საფრანგეთის ქალაქი კრეტეიც უმასპინძლებს საერთაშორისო შეჯიბრს და ხალიჩაზე 3 ქართველიც გავა – მანუჩარ კვირკველია (74 კგ), რამაზ ნოზაძე (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ). ესეც სიახლეა, რადგან, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 29-30-ში, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ სტამბოლის ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა. ფედერაციის ხელმძღვანელები და ნაკრების მწვრთნელთა შტაბი, გუნდის ორად გაყოფას, თურქეთში გაფართოვებული შემადგენლობის გაგზავნას ამჯობინებდნენ, მაგრამ ახლა პოზიცია შეიცვალეს.
სტამბოლ-კრეტეის მოვლის შემდეგ, ბეგი დარჩია მორიგ შეკრებაზე წასაყვან შეგირდებს შემოიკრებს. 4-19 თებერვალს, ქართველი “ბერძენ-რომაელები” სომხეთში, წახკაძორის სპორტულ ბაზაზე ივარჯიშებენ. 25-27 თებერვალს, ნაკრები ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება. ეს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში შეტანილი ბოლო შეჯიბრი იქნება და მთავარი მწვრთნელი ხალიჩაზე უკვე წონის ლიდერებს გაიყვანს.
ბულგარული ტურნირის შემდეგ, კლასიკოსებს ევროპირველობამდე ორი შეკრებაღა დარჩებათ: 2-15 მარტს, ბელარუსში ან თურქეთში, ხოლო 18-30 მარტს – დუშეთში. შეგახსენებთ, მოჭიდავეთა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატს, 29 მარტიდან 3 აპრილამდე, გერმანიის ქალაქი დორტმუნდი უმასპინძლებს. ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრები კი, მედლებს 2-3 აპრილს გაითამაშებენ.

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165739