“ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგა” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს და ამ მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ამის შესახებ ოთხშაბათს, “რია ნოვოსტის” ოფისში, “ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო ლასხიშვილმა, ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ზურაბ პეტრიაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა დავით უგრელიძემ და ვიცეპრეზიდენტმა გია გილიგაშვილმა განაცხადეს.
ტატო ლასხიშვილი: “15 თებერვალს 23 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა და ქართული ფეხბურთი საბჭოთას გამოეყო. სამწუხაროა, რომ დღსდღეობით ქართულ ფეხბურთში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე და პრობლემებზე ვსაუბრობთ. კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო არენაზე გამოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეროვნულ ჩემპიონატში დაბალი დონეა. რეგიონებში ფეხბურთი ჩამკვდარია. ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია. კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი. აქტიური მოქმედებაა საჭირო”.
ლასხიშვილის შემდეგ, სიტყვა ზურაბ პეტრიაშვილმა აიღო, რომელმაც “ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის” საგანგებო განცხადება წაიკითხა:
“ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგა”, როგორც საზოგადოებამ იცის, იმ ხალხმა დავაფუძნეთ, ვინც 1990 წელს ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ.
23 წლის წინ, როდესაც ერისთვის ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ვიღებდით, დიდ გამარჯვევებზე ვფიქრობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს რეგრესი, რომელიც, თუ კიდევ გაგრძელდა, ქართულ ფეხბურთს კატასტროფას უქადის. დამოუკიდებლობის 23 წლის მანძილზე იყო საქართველოს ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების ეპიზოდური გამარჯვება, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი ფეხბურთის მშენებლობა საფუძველშივე არასწორადაა დაწყებული, ეპიზოდი ეპიზოდად რჩება და ჩვენი ფეხბურთის სერიოზულ წინსვაზე ლაპარაკი შეუძლებელია.
ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენი საფეხბურთო სამყარო ელის ძირითადი პრობლემების გადაჭრას, მაგრამ საქმე განცხადების იქით არ მიდის. განსაკუთრებულად კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენს ფეხბურთს ბატონი ნოდარ ახალკაცის (უმცროსის) პრეზიდენტობამ, რომელიც ორჯერვე - 2005 და 2007 წელს ძალადობრივი გზით იყო დანიშნული ნაციონალური მოძრაობის მიერ. სწორეს ამ პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან ქართულ ფეხბურთში ჩადებულ იქნა საკმაოდ დიდი თანხები, რომლებიც არამიზნობრივად საეჭვო რეპუტაციის უცხოელ მწვრთნელებზე და მათ ქართველ მეწილეებზე დაიხარჯა. ნოდარ ახალკაცის (უმცროსის) მმართველობის პერიოდშივე მოხდა ბევრი სტადიონის დაკარგვა-გასხვისება.
2009 წელს ნაციონალური მოძრაობის ახალი რჩეულის, ბატონი დომენტი სიჭინავას რიხიანი მოსვლა, რეალურად სხვა არაფერი გამოდგა, თუ არა წინა პრეზიდენტის უნიათო და წარუმატებელი საქმიანობის გაგრძელება და ჩვენი ფეხბურთის ყველა ძირითადი პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შეუძლებელი იყო მათი ფავორიტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.
დღეს, სახალხო ხელისუფლების პირობებში, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ძალადობა, განუკითხაობა, უსამართლობა და პოლიტიკური ჩარევა სპორტის საქმეებში, იმედი გვაქვს, რომ საფეხბურთო სამყაროს მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩავატაროთ თავისუფალი, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და ქართულ ფეხბურთს უხელმძღვანელებს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის საფეხბურთო ძალების კონსოლიდაციას მოახდენს და ქართული ფეხბურთი დაიწყებს წინსვლას”.
ამის მერე, პეტრიაშვილმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარსული გაიხსენა და ამჟამინდელი ვითარება შეაფასა:
“ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 1990 წელს შევუდექით. დამოუკიდებლობის დღედ 15 თებერვალი ითვლება, მაგრამ ქართული ფეხბურთის საკავშირო ჩემპიონატიდან გამოყოფისთვის ბრძოლა 15-დან 22 თებერვლამდე მიმდინარეობა. ჩვენი სახალოვანი ვეტერანები, არვიდას საბონისისგან განსხვავებით, რომელიც ლიტვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პირველ რიგებში იდგა, დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. მათ სურდათ, რომ თბილისის “დინამოს” საბჭოთა კავშირის უწყებრივ ჩემპიონატში ეთამაშა და საქართველოს ნაკრები, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს არ შეხვედროდა. ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებლობას მივაღწიეთ. შემდეგ, ქართული ფეხბურთი ნელ-ნელა სხვა გზით წავიდა და იმ შიდა ჩემპიონატს დაემსგავსა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ნოდარ ახალკაცის პერიოდში მე და გია გილიგაშვილი საშეჯიბრო კომიტეტში ვმუშაობდით, რომელიც ფედერაციის მიერ წესდების დარღვევის შემდეგ დავტოვეთ.
1998 წელს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია აირჩიეს. მის პერიოდში ქართული ფეხბურთის საქმე ყველაზე უკეთ მიდიოდა. თვითონ ფეხბურთელი იყო და საქმე მოგვარებული ჰქონდა. 2005 წელს, “ქომაგთა ლიგამ” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა დააყენა. შემდეგ, მე და გიორგი ნემსაძე გავერთიანდით. საბოლოოდ, პრეზიდენტობის კანდიდატები გუცაევი, ნემსაძე, არველაძე და ახალკაცი დარჩნენ. გუცაევს კანდიდატურა მოახსნევინეს. არველაძე უმცროს ახალკაცთან გაერთიანდა. ნემსაძე დიდი ხნის განმავლობაში არ ხსნიდა კანდიდატურას, მაგრამ ბოლოს მაინც მოხსნა.
2007 წელს ახალკაცი დამარცხდა და ნემსაძეს გამარჯვება მიულოცა. ერთ საათში ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა. ის გიორგი გაბაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივად გადააყენეს. იმ პერიოდში “ქომაგთა ლიგა” ერთადერთი ძალა იყო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა. ვერ გავიგე, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მირჩა სანდუმ, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებელი იყო, არჩევნების შესახებ პლატინის რა ამბავი ჩაუტანა. მაშინ ფედერაცია მეორედ დავტოვე და დელეგატებს მოვუწოდე, რომ რამდენიმე დღეში დანიშნულ ახალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მამუკა კვარაცხელიასაც მოვუწოდე, რომ მარტო დაეტოვებინა ახალკაცი, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო, რეალურად რა მოხდა. თუმცა, მან ეს არ გააკეთა.
დომენტი სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მისვლა “ქომაგთა ლიგისთვის” დრამატული აღმოჩნდა. მე მხარს ვუჭერდი სიჭინავას, ხოლო დათო უგრელიძე მის წინააღმდეგ იყო. მაშინ, “მსოფლიო სპორტში” სიჭინავას მხარდამჭერი წერილიც გამოვაქვეყნე. ჩემი მხრიდან უზარმაზარი მოლოდინი იყო და მეგონა, რომ ეს კაცი რეგიონებს მიხედავდა”.
დავით უგრელიძე: “მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციის ცხოვრება გამუდმებულ ძიძგილაობასა და ერთმანეთის ჭამაში წარიმართა. ინვესტორებს ქართული ფეხბურთისადმი ნდობა დაეკარგათ. ქართულ ფეხბურთზე გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. თავის დროზე, ამბიცია არ გვქონდა და პროცესებიდან გვერდზე გავდექით. განვლილ პერიოდში ქართული ფეხბურთი ხელში კლანებს ჩაუვარდა და ერთი კლანის ხელიდან მეორეში გადადიოდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართულ ფეხბურთს ნდობა დაუბრუნდეს. ფეხბურთის ფედერაციას უმწიკვლო პროფესიონალები უნდა მართავდნენ.
ბოლო პერიოდში სიჭინავა პრევენციას აკეთებს და ამბობს, რომ თუ სახელმწიფო ფედერაციის საქმიანობაში ჩაერევა, ფიფა და უეფა დაგვსჯის. სიჭინავას დროს, ფეხბურთი პოლიტიზებული გახდა. ყველამ კარგად იცის, ის რომელი სახელისუფლო კლანიდან იმართებოდა. გავიხსენოთ შარშანდელი ჩემპიონატი, რომელიც ნიკა გილაურის მიერ შეთავაზებული სისტემით ჩატარდა. შედეგად, პირველი ეტაპის მერე, ჩემპიონატმა აზრი დაკარგა. ტოტალიზატორების ერაში, როდესაც ტოტალიზატორებმა ფეხბურთი შეჭამეს, შარშან ჩემპიონატის მატჩების 70 პროცენტი “ჩაწყობილი” იყო. ხელისუფლება ქართულ ფეხბურთში აშკარად ერეოდა. ბოლოს, საერთოდ სამარცხვინო რამ მოხდა და ჩემპიონი აღმასკომმა გამოავლინა.
ყველაზე დიდი პოლიტიზირებული საქციელი, რაც სიჭინავამ ჩაიდინა, ის იყო, რომ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს დახასიათება არ მისცა. როდესაც კალაძე ფეხბურთიდან წავიდა, ფეხბურთის ფედერაციას მისი მხარდამჭერი ერთი სიტყვა არ უთქვამს. როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენისთვის ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, ავთო ქანთარია ეროვნული ჩემპიონატის მატჩების კომისრობიდან გაათავისუფლეს. მერაბ მეგრელაძე პროკურატურაში დაიბარეს და რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გამოდიოდა. ისიც გაათავისუფლეს კომისრობიდან. ზეწოლა იყო თემურ ჩხაიძეზე. მსგავს რამეზე შეიძლება თვალი დახუჭო, როდესაც რაღაც შედეგი არის, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის. ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა მკვეთრად უარყოფითადაა შესაფასებელი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქართული ფეხბურთისადმი ბიზნესის ნდობა უნდა აღდგეს. დომენტი სიჭინავას ქართული საფეხბურთო სამყაროს ნდობა არ აქვს. არადა, ამ პირობებში ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება. სიჭინავაზე იძახიან, რომ კარგი მენეჯერია. მისი მენეჯერობა რაში გამოიხატება? ფოთში მოედნის საფარი შეცვალეს და ფედერაციამ, 650000 ევრო დაჯდაო. ეს არის დანაშაული, რადგან ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომელთა თქმით, 330000 ლარზე მეტი არ ჯდება ასეთი მოედნის გაკეთება. იგივე, ლანჩხუთში გააკეთეს მოედანი და 750000 ლარი დაჯდაო, რაც არარეალურია.
რაგბში რადგან კეთდება საქმე, იგივე ფეხბურთშიც შეიძლება. თავის დროზე საუბარი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად იყო, 150-დან 200 მილიონამდე ჩაედო ქართული ფეხბურთის განვითარებაშ. მოლაპარაკებაში ჩართული იყო უმცროსი ნოდარ ახალკაცი, რომელსაც უთხრეს, ფედერაციამ დაწეროს პროგრამა და დაგაფინანსებთო. ერთი თვის შემდეგ, ახალკაცმა უთხრა: ფული მოგვეცით და პროგრამა ერთად დავწეროთო. ჩვენ ვაპირებთ ფეხბურთის ფედერაციის გრანდიოზული ყრილობის მოწყობას. თორემ, აქამდე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ 35 კაციდან ათს დაურეკავდნენ, ათს დააშინებდნენ, ხუთს ფულს ჩაუდებდნენ. ჩვენ სუფთა გზით წავალთ და რიგგარეშე არჩევნებს მივაღწევთ.
ქართულ ფეხბურთში საგანგებო მდგომარეობაა გამოსაცხადებელი. აქტიურ მოქმედებას ვიწყებთ, რათა ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ხალხის დიდი თუ პატარა ჯგუფები გავაერთიანოთ. სხვათა შორის, ჩვენ ასეთი დევიზი გვაქვს: “ძლიერი რეგიონები - ძლიერი ნაკრები”.
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები







