ძიუდო

20:57 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალით დასრულებული დღე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ვარშავული “ევროპის ღია ტურნირის” პირველი დღე ოქრო-ვერცხლით ჩაამთავრა. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ჭიდაობები ქართული ფინალით დაგვირგვინდა – ერთმანეთის პირისპირ ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი დადგნენ და შესაბამისად, კვარცხლბეკის პირველ-მეორე საფეხურებზე ასვლაც გაინაღდეს.
ფინალის გზაზე, ტატალაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. ირლანდიელ ლოიდ მენინგს ერთ წუთში მოუმთავრა საქმე, რუს დენის იარჩევს გაფრთხილებით აჯობა, პოლონელ დამიან ზვარნოვიეცკისა და გერმანელ სოშინ კაცუმის კი იპონ-იპონ გასცდა. რეხვიაშვილმაც ოთხი ეტაპი გაიარა, მაგრამ თანაგუნდელისგან განსხვავებით, გაცილებით ფრთხილი ჭიდაობით მივიდა გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე. გერმანელ შტეფან ფრიდრიხს ვაზარით სძლია, ესპანეთის ნაკრების წევრ კიოში უემაცუს – იუკოთი, ხოლო უკრაინელ სერგეი დრებოტსა და ბრიტანელ იან გოსიევსკის – უილეთოდ, შიდოებით. ილეთი არც ქართულ ფინალში გაკეთებულა. მსაჯმა რეხვიაშვილი სამჯერ გააფრთხილა, ტატალაშვილმა კი ერთით ნაკლები შიდო მიიღო და ოქროს მედალიც მოიპოვა.
დღესვე, მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. უმსუბუქეს წონაში საქმეში ვაჟა მარგველაშვილი და პაატა მერებაშვილი ჩაერთნენ და ტურნირს მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშნენ. მარგველაშვილმა ებრაელი იოავ შემეშის დაიპონების შემდეგ, ბრაზილიელ დიეგო სანტოსთან იუკოთი წააგო. მერებაშვილმა ინდოელ აშიშ კუმარს ოთხი შიდო მიაღებინა. ყაზახ იელდოს სმეტოვთან კი მეოთხე წუთზე წმინდად დამარცხდა.
66 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა. შალვა ქარდავა ავსტრიელ ალექსანდრ ვეიშინგერს იპონით გასცდა, ჰოლანდიელ იასპერ დე იონგს სამი გაფრთხილებით აჯობა. ძირითად ბადეში გამოსვლა კი ფრანგ კილიან ლე ბლუჩთან გაფრთხილებებით წაგების გამო დაასრულა. მერე, ვერც რეპეშაჟის ნახევარფინალში იყოჩაღა – პორტუგალიელ სერგიუ ოლეინიჩთან ყველა შეფასების ილეთზე წამოეგო და საბოლოოდ, მე-7 ადგილს დასჯერდა.
ხვალ, მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება.
81 კილოგრამში მოჭიდავე ქართული სამეულიდან, პირველ წრეში ტატამზე ორი გავა. ხვიჩა ხუციშვილი უნგრელ მილან კოლერს შეხვდება. ამ წყვილიდან გასულს კი, ბრაზილიელი მაურო მოურა ელოდება.
პაატა ღვინიაშვილი ვარშავულ ტურნირს სერბ მიროლიუბ ივეზიჩთან დაჭიდებით გახსნის და გამარჯვების შემთხვევაში, მასპინძელ იაკუბ კობენეცის პირისპირ დადგება.
ლევან წიკლაური კიმონოს მეორე წრიდან მოირგებს. დიუსელდორფის “დიდი პრიზის” ფინალისტი, მონღოლ ალტანბაგანა განტულგასა და სერბ ალექსეი ნეფედოვს შორის მოგებულს დაეჭიდება.
ლაშა ტაველური (90 კგ) პირველ წრეში დაისვენებს და სავარაუდო მეტოქეების: ლიტველი ზილვინას ლეკავიჩუსისა და მონღოლი ცოგტგერელ ხუტაგის ორთაბრძოლას დააკვირდება. ამავე წონაში, ბექა ღვინიაშვილი საქმეში თავიდანვე ჩაერთვება, უკრაინელ ანდრეი სპირიდონოვთან შეხვედრით. ამათ შორის უძლიერესს, მეორე წრეში უნგრელი კრისტიან ტოტი ელოდება.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებული ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), პოლონურ ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. იგი მეორე წრიდან დაიწყებს, ლიტველ კაროლის ბაუზასთან შეხვედრით. ამავე ეტაპიდან ჩაერთვება ტურნირში დავით ლორიაშვილიც. მისი მეტოქე უკრაინელი დმიტრო ბერეჟნი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094134