საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუდაპეშტში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ჩემპიონ-პრიზიორები 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, ვლადიმერ ადეიშვილმა კი ხალიჩაზე 3 შეგირდი გაიყვანა. 50 კილოგრამში ევროპის ვერცხლის პრიზიორს, თორნიკე მახარაძეს ადეიშვილმა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს არსებული დროის პატარა შუალედის გამო ზედმეტი წონა არ დააკლებინა და მისი ღირსეულად შემცვლელის არარსებობის გამო, უნგრეთში 7-კაციანი გუნდით გაემგზავრა.
ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი 96 კილოგრამში მოჭიდავე ვასილ იმერლიშვილის სამეულს მიღმა დარჩენა იყო. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეორე წრეში, რუსმა ისლამ მაგომედოვმა გამოთიშა. რეპეშაჟში გადართულს კი ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა სომეხმა ედუარდ სოგომონიანმა ჩაუკეტა. იმერლიშვილმა ბუდაპეშტურ ხალიჩაზე ერთადერთი გამარჯვება იზეიმა – პირველ წრეში, თურქმენ არსლან საპარმამედოვთან.
60 კილოგრამში ევროპირველობაზე ნაჭიდავები ქემალ ხარაბაძის ნაცვლად, ამჯერად გოგა გოგიბერაშვილს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მან წარმატებას მხოლოდ პირველ-ორ მეტოქესთან – უნგრელ იშტვან კოზაკთან და ამერიკელ ჯიმი პატრიკ ჩეისთან მიაღწია. მეოთხედფინალში კი, სომეხ ალექსან მიქაელიანთან ვეღარას გახდა და მას შემდეგ, რაც ფინალს ვერც მიქაელიანმა უწია, დამამშვიდებელ ეტაპზე ჭიდაობის შანსიც დაკარგა.
იმერლიშვილისა და გოგიბერაშვილის მსგავსად, უშანგი ჩიტიაშვილიც (74 კგ) სომხურ ბარიერს “ემსხვერპლა”, თან პირველსავე წრეში და რა თქმა უნდა, არც რეპეშაჟში გაუგრძელებია ჭიდაობა, რადგან ქართველის მძლეველი რაფიკ მანუკიანი მეორე წრეში შეაჩერეს. ცნობისთვის, 74 კილოგრამის ფინალში უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ბესიკ სალდაძე გავიდა.
ხვალ მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი მინდია წულუკიძე (55 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ), არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ) იჭიდავებენ. ამათგან პირველი-სამი ახლახან, ევროპირველობაზეც გამოვიდა. დავითაიამ სულაც, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა სერგო გოგისვანიძემ კი ნაკრებში საკუთარი ძმა, შოთა შეცვალა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბუდაპეშტი. 20 ივლისი
1. ელდანიზ აზიზი (აზერბაიჯანი)
2. აისულტან ბაიზაკოვი (ყაზახეთი)
3. სეიკი გოია (იაპონია)
3. ტოლგაჰან კარატაში (თურქეთი)
1. კამჩან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2. ასკერ ორშოკდუგოვი (რუსეთი)
3. ლენურ ტემიროვი (უკრაინა)
3. ალექსან მიქაელიანი (სომხეთი)
1. რომან ვლასოვი (რუსეთი)
2. ბესიკ სალდაძე (უზბეკეთი)
3. ველი-კარი სუომინენი (ფინეთი)
3. ალიზადე კამალ მოჰამადი (ინდოეთი)
1. ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)
2. ალინ ალექსუს-ჩიურარიუ (რუმინეთი)
3. გეორგი რიჟმაიერი (უნგრეთი)
3. კოსკუნ ეფე (თურქეთი)







