საქართველოში ბოლო წლებში სპორტული კომენტატორების დაცინვა-გაქილიკება ერთგვარ მოდად იქცა და სპორტის ცოდნაზე თავდადებული ადამიანების დიდი ნაწილი თავს “მოვალედ” რაცხს, რომ სადაც კი საშუალება მიეცემათ, იქ იძახონ, რომ “ქართველი კომენტატორები არაფრის აზრზე არ არიან”, “ფეხბურთელების გვარები ერთმანეთში ერევათ”, “ჩვენები რუს კომენტატორებთან რას მოვლენ...” და მისთანანი... აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ სვეტით არც არავის დაცვას ვაპირებ და არც ის მინდა იფიქროთ, რომ ვინმესთან მეგობრობა-ძმაკაცობამ ამაღებინა ხელში კლავიატურა. უბრალოდ, ვერ გამიგია, რატომ არიან ჩვენ ქვეყანაში ასეთი მომთხოვნები იმ ხელობის ადამიანების მიმართ, რომლის დასაუფლებლად, ელემენტარული სასერთიფიკატო კურსებიც კი არ არსებობს. ნამდვილად არ არის ჩვენი კომენტატორების ბრალი ის, რომ საქართველოში ყველას სპორტის ექსპერტობაზე მოაქვს თავი და ყველა ფიქრობს, რომ სხვაზე უკეთ შეუძლია საქმის გაძღოლა. მაგრამ საქმე-საქმეზე როდესაც მიდგება, თითქმის ყველა სფეროში საშინელ არაპროფესონალიზმსა და ფეხებზემკიდიაობას ვაწყდებით. მერე რა ხდება? მერე მიდის ეს “ფეხებზემკიდია” კაცი სახლში, ჩართავს ტელევიზორს, წამოწვება დივანზე და “ამ უდონო კომენტატორებით” გატანჯული ოხრავს და ოხრავს...
მოდით, გევრდით გადავდოთ ჩვენი დიდ-პატარა ამბიცია და საკუთარ გულში ჩახედვით ვიმსჯელოთ: რა უფრო ნერვების მომშლელია, სპორტულ კომენტატორს ფეხბურთელების გვარები რომ ეშლება, თუ ამ კომენტატორზე მოხითხითე მავანი უსაქმურის ხილვა? ადამიანისა, რომელსაც საყვარელი ევროპული კლუბების მაისურებით აქვს სახლი გაძეძგილი და საქართველოს ნაკრების თამაშებზე მხოლოდ მაშინ დადის, როდესაც რომელიმე ევროპული გრანდი ჩამოდის.
ყველამ ჩვენს გულში ჩახედვით თუ დავიწყეთ დილა, დამერწმუნებით, ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ... მაგალითად, შეიძლება “აღმოვაჩინოთ”, რომ საქართველოს ნაკრების 11 ფეხბურთელის ჩამოთვლა არ შეგვიძლია, შეიძლება “აღმოვაჩინოთ”, რომ ძალიან ცუდად ვიქცევით, როდესაც ფეხბურთის მწვრთნელს, არცთუ საამაყო სპორტული მონაცემების შვილის ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვთხოვთ და ხან უკადრებელსაც ვკადრულობთ ამ “დიადი მიზნის” მისაღწევად. შეიძლება “აღმოვაჩინოთ”, რომ საქართველოს ნაკრების უკვლებლივ ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი გვყავს გათათხული... და ამ ყველაფერს თუ საკუთარ თავთან მაინც ვაღიარებთ, მერე ალბათ აღარ გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ სახლში თუ მეგობრებთან, სამსახურში თუ ქუჩაში, ყველგან ქართველი კომენტატორების “უნიჭობაზე” ვილაყბოთ და აქამდე ნათქვამი სიტყვების გამო, შეიძლება ცოტა შეგვრცხვეს კიდეც.
მოდით გადავხედოთ ჩვენს არცთუ სახარბიელო რეალობას უფრო ნათელი თვალით და აუცილებლად დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი უბედურება პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. დავინტერესებულვართ, რამდენი სკოლის მასწავლებელი ან ინჟინერი გვყავს, რომლებიც თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებენ?! ან, ამდენი ავარიების შემხედვარე, ქართველი მძღოლების პროფესიონალიზმზე თუ გვიფიქრია? როგორი ქვეყანაცაა, სწორედ ისეთი სპორტული კომენტატორები გვყავს და ნუ გადავეკიდებით მაინცა და მაინც ამ ხალხს. მით უმეტეს, ელემენტარულად დამღლელია ეს ყველაფერი.
დაბოლოს, ერთ საინტერესო რჩევას მივცემ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ქართველ კომენტატორებს “არასწორად ვიცავ” და “კუდს ვუსწორებ.” ტელევიზორში ფეხბურთი როდესაც იქნება, ჩაუწიეთ ხმას, ჩართეთ ხმის ჩამწერი დიქტოფონი და შეეცადეთ ერთი ტაიმი მაინც “წარუძღვეთ” მატჩის რეპორტაჟს. შემდეგ, ჩართეთ დიქტოფონი და მოუსმინეთ საკუთარ ხმას. მერწმუნეთ, ბევრ რამეს მიხვდებით!
ლევან სეფისკვერაძე









