საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, თბილისის “ოქროს გრან-პრის” დასკვნითი დღე ოქროს გარეშე ჩაამთავრეს. ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილი სტილის ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ფინალში ოთხმა ქართველმა იჭიდავა.
ბერძნულ-რომაულ სტილში, ირაკლი ჭოჭუა (55კგ) უზბეკ იუშოდ არიდოვთან დამარცხდა, ლევან ნადარეიშვილმა (84) თურქ ილბირიმ აჰმედთან წააგო, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა - არჩილ ქიტიაშვილმა (84) და გოჩა ლომთათიძემ (74), თურქ მეტოქეებთან - ბოლუკბასი იბრაჰიმთან და დელირჩინ ბატუხანთან დათმეს.
ოთხ ვერცხლთან ერთად, საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა 3 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ბერძენ-რომაელები ჯემალ ხარაბაძე (60კგ), მათე სოხაძე (84) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი მარსაგიშვილი (74) ავიდნენ.







