ძიუდო

0:40 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ევრომეტოქეები ცნობილია

ბუდაპეშტში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება. ქალთა და კაცთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორებიოთხდღიანი ტურნირის პირველ სამ დღეში - 25-27 აპრილს გამოვლინდებიან, ხოლო 28-ში მედლები გუნდურ ჩათვლაში გათამაშდება.დღეს ტატამზე 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე კაცები გავლენ. საქართველოს სახელით კი საქმეში ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ჩაერთვებიან.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სატურნირო ბადეში სულ 29 ძიუდოისტი გადანაწილდა. ამირან პაპინაშვილი ევროპირველობაზე პირველ ნომრადაა განთესილი და იმ ექვს მონაწილეს შორის მოხვდა, რომლებიც შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვებიან. ქართველი ძიუდოისტის პირველ მეტოქეს აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლისა და ფინელი იუჰო რეინვალის დაპირისპირება გამოავლენს. ტურნირის წარმატებით დაწყების შემთხვევაში კი პაპინაშვილის სავარაუდო მოწინააღმდეგეთაგან ჩეხი პაველ პეტრიკოვია გამოსარჩევი.

ბადის ამავე მხარეს მოხვდნენ 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი, ებრაელი არტემ არშანსკი და ამავე ასაკობრივი ჯგუფის ევროპირველობის ბრინჯაოსანი, ბრიტანელი ეშლი მაკკენზი. მათი და ამირანის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.

ბადის მეორე მხარეს კი გაცილებით გამოცდილმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. მათ შორის ევროპის ორგზის ჩემპიონმა (2004 და 2008 წლებში) და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორმა, ავსტრიელმა ლუდვიგ პაიშერმა, ევროპის ფრანგმა ჩემპიონმა (2010 წ.) სოფიან მილუმ, ევროპის 2-გზის პრიზიორმა, ჰოლანდიელმა ხეროენ მუურენმა და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორმა, სომეხმა ჰოვანეს დავთიანმა.

66 კილოგრამში ბრძოლაში 32 ძიუდოისტი ჩაერთვება. ევროპირველობაზე მეორე ნომრად განთესილ ლაშა შავდათუაშვილს წილისყრამ პირველ მეტოქედ ბელგიელი იასპერ ლეფევერი არგუნა. ამ წყვილში გამარჯვებული სომეხ გორ ჰარუთინიანსა და რუმინელ რემუს მირჩეა ლაზეას შორის საუკეთესოს დაეჭიდება. მეოთხედფინალში კი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სატურნირო გზა უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას გზას უერთდება.

ეს უკანასკნელი ევროპისა (2011) და მსოფლიოს (2009) ჩემპიონია, ოღონდ ერთი წონითი კატეგორიით დაბლა. 66 კილოგრამში კი იგი ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა უკვე ოქროს მედლის მოგებაც მოასწრო - სამიოდ კვირის წინანდელ სამსუნის დიდ პრიზზე. შავდათუაშვილის ნახევარფინალურ სავარაუდო მეტოქეთაგან ებრაელ გოლან პოლაკსა და აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ნიჰათ შიხალიზადას გამოვარჩევთ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება.

აქვე საქართველოს ნაკრების სხვა წევრთა პირველ მეტოქეებზეც: ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) ევროპირველობას რუმინელ კოსტელ დანჩულეასთან შეხვედრით გახსნის, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) სლოვენიელ ტადეჟ ცეჰს დაეჭიდება, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) – ესტონელ გეორგი ლადოგინს, ლევან წიკლაური (81 კგ) – სლოვაკ მარიან ბენკოცკის, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) – შვეიცარიელ კირილ გროსსკლაუსს, დავით ლორიაშვილი (100 კგ) – რუსეთის ნაკრების წევრ ადლან ბისულტანოვს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) – ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკსა და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის შორის მოგებულს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114241