ძიუდო

12:00 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ვარშავული წილი

დღეს-ხვალ ვარშავა ძიუდოში "ევროპის ღია ტურნირს" უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტატამზე გადახალისებული, 12-კაციანი შემადგენლობით გავა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში - 60, 73, 90 და 100 კილოგრამებში მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადში ორ-ორი სპორტსმენი შეიყვანა. 66 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მონაწილე ეყოლება, 81-ში – სამი, ხოლო მძიმე წონა სულაც უქართველებოდ ჩაჭიდავდება.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონაში გამოვლინდებიან. 60 კილოგრამში საქმეში ვაჟა მარგველაშვილი და პაატა მერებაშვილი ჩაერთვებიან. მარგველაშვილი პირველ წრეში ებრაელ იოავ შემეშის შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ბრაზილიელი დიეგო სანტოსის პირისპირ დადგება. ეს უკანასკნელი გასულ უქმეებზე გამართული დიუსელდორფის “დიდი სლემის” ფინალისტია. მერებაშვილი ტურნირს ინდოელ აშიშ კუმართან შეხვედრით გახსნის, ამ წყვილიდან გასული კი უნგრელ ლასლო ბურიანსა და ჩეხ დავიდ პულკრაბეკს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
შალვა ქარდავა “ევროპის ღია ტურნირში” მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. მასთან დასაჭიდებლად ერთმანეთს ავსტრიელი ალექსანდერ ვაიხინგერი და ლატვიელი დმიტრის ჰარატანსი შეხვდებიან.
ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილიც (ორივე - 73 კგ) მეორე წრიდან იწყებენ. პირველ წრეში რეხვიაშვილთან შესახვედრად ფინელი ეეტუ ლაამანენი და ბრიტანელი სტივენ ფრიდრიხი იჭიდავებენ, ტატალაშვილის სავარაუდო მეტოქეები კი არიან ჩეხი მიხალ ვანიჩეკი და ირლანდიელი ლოიდ მანინგი.
81 კილოგრამში მოჭიდავე ქართული სამეულიდან პირველ წრეში ტატამზე ორი გავა. ხვიჩა ხუციშვილი უნგრელ მილან კოლერს შეხვდება. ამ წყვილიდან გასულს კი ბრაზილიელი მაურო მოურა ელოდება.
პაატა ღვინიაშვილი ვარშავულ ტურნირს სერბ მიროლიუბ ივეზიჩთან დაჭიდებით გახსნის და გამარჯვების შემთხვევაში მასპინძელ იაკუბ კობენეცის პირისპირ დადგება.
ლევან წიკლაური კიმონოს მეორე წრიდან მოირგებს. დიუსელდორფის “დიდი პრიზის” ფინალისტი მონღოლ ალტანბაგანა განტულგასა და სერბ ალექსეი ნეფედოვს შორის მოგებულს დაეჭიდება.
ლაშა ტაველური (90 კგ) პირველ წრეში დაისვენებს და სავარაუდო მეტოქეების - ლიტველი ზილვინას ლეკავიჩუსისა და მონღოლი ცოგტგერელ ხუტაგის ორთაბრძოლას დააკვირდება. ამავე წონაში, ბექა ღვინიაშვილი საქმეში თავიდანვე ჩაერთვება, უკრაინელ ანდრეი სპირიდონოვთან შეხვედრით. ამათ შორის უძლიერესს მეორე წრეში უნგრელი კრისტიან ტოტი ელოდება.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებული ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) პოლონურ ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. იგი მეორე წრიდან, ლიტველ კაროლის ბაუზასთან შეხვედრით დაიწყებს. ამავე ეტაპიდან ჩაერთვება ტურნირში დავით ლორიაშვილიც. მისი მეტოქე უკრაინელი დმიტრო ბერეჟნი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096775