საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერევანში, მსოფლიოს თასზე, 8 ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
დღევანდელი დღე ბეგი დარჩიას გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრით გახსნა. თურქების მშრალი ანგარიშით ძლევისა და ქვეჯგუფის მეორე შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ქართველები ჯგუფურ პირველ ადგილს და მსოფლიოს თასის ფინალში ჭიდაობას ინაღდებდნენ. მარცხის შემთხვევაში კი, სულაც, სამეულს მიღმა რჩებოდნენ. ასეც მოხდა - საქართველომ თურქეთთან 2:5 წააგო და მე-5 ადგილისთვის კუბას დაუპირისპირდა.
პირველი 4 წონითი კატეგორიის შეხვედრების ჩამთავრების შემდეგ, ანგარიში 2:2 იყო. თავიანთი ბრძოლები მოიგეს რევაზ ლაშხმა (60 კგ) და ანტონ მამაგეიშვილმა (74 კგ), ხოლო ლაშა გოგიტაძე (55 კგ) და გენადი გოგიშვილი (74 კგ) დამარცხდნენ. არსენ კახაბრიშვილმა (84 კგ) საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 3:2, ხოლო სოსო ჯაბიძემ (96 კგ) მე-5 ადგილის მომპოვებელი ქულა აიღო და მძიმეწონოსანთა შეხვედრას აზრი დაუკარგა. უმოტივაციო ბრძოლაში, დიმიტრი ჯავახიშვილმა საბოლოო ანგარიში – 5:2 დააფიქსირა.
მსოფლიოს თასის ფინალში ერთმანეთს თურქები და ირანელები დაეჭიდებიან. მესამეადგილოსნის ვინაობას კი, სომხეთისა და რუსეთის დაპირისპირება გაარკვევს. უკვე ჩატარდა ქვეჯგუფის აუტსაიდერთა შეხვედრა. უნგრეთმა სკანდინავიის გაერთიანებული ნაკრები 5:2 დაამარცხა და მე-7 ადგილზე გავიდა.
ოთარ მაღლაკელიძე







