საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხეთში გასამართ მსოფლიოს თასზე გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრების, დავით ბედინაძის (60 კგ), მანუჩარ კვირკველიას (74 კგ), ბადრი ხასაიასა (84 კგ) და რამაზ ნოზაძის (96 კგ) გარეშე გამოვა. მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატად მიჩნეულ ტურნირს 13-14 თებერვალს ერევანი უმასპინძლებს. ბეგი დარჩიამ გუნდი 24-25 იანვარს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ჩემპიონებით დააკომპლექტა. ხასაიას ადგილი კი ბრინჯაოს პრიზიორმა არსენ კახაბრიშვილმა დაიკავა. ნაკრების თავკაცმა შვიდეულს 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული მანუჩარ ცხადაიაც დაამატა და შესაბამისად, 66 კილოგრამში ქართული გუნდი ორი მოჭიდავით იქნება წარმოდგენილი.
მსოფლიოს თასზე 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორებს წინასწარ განაცხადში აზერბაიჯანიც ჰყავდათ შეყვანილი, მაგრამ ამ ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციამ სომხეთში ჩასვლა არ ისურვა და მასპინძლები იძულებულნი გახდნენ სხვა გუნდით ჩაენაცვლებინათ. მას შემდეგ, რაც მიწვევას უზბეკებმაც უარით უპასუხეს, მერვე ადგილი დანიისა და შვედეთის გაერთიანებულმა გუნდმა დაიკავეს. ისინი სკანდინავიის ქვეყნების გაერთიანებული ნაკრების სახელით იჭიდავებენ.
კენჭისყრა უკვე ჩატარდა და საქართველოს ნაკრები საკმაოდ მძიმე B ჯგუფში მოხვდა, რუსეთთან, თურქეთთან და უნგრეთთან ერთად. პირველ ტურში დარჩიას გუნდი რუსეთს დაუპირისპირდება, რომელიც ერევანში ყველაზე დიდი – 16-კაციანი გუნდითა და თითქმის საუკეთესო შემადგენლობითაა ჩასული. რუსულ განაცხადში ოლიმპიური ჩემპიონი ნაზირ მანკიევი (55 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ალექსეი მიშინი (84 კგ), მსოფლიოს პრიზიორი ამბაკო ვაჩაძე (66 კგ) და არაერთი ტიტულოვანი მოჭიდავეა შეყვანილი.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თურქეთიც საბრძოლო შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. 10-კაციან შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნაზმი ავლუჩაცაა (84 კგ) და ახალგაზრდებს შორის ლამის ყველა ტიტულის მომგები მძიმეწონოსანი რიზა კაიაალპიც. 7-კაციან უნგრეთს კი ჯგუფში მაღალი ადგილის დაკავება ძალიან გაუჭირდება.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 13 თებერვალს გაიმართება. თითოეული წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ორ-ორჯერ დაეჭიდებიან ერთმანეთს. 14-ში კი გადამწყვეტი ბრძოლები შედგება.
აქვე საქართველოს ნაკრების სასომხეთო შემადგენლობაც:
55 კგ – ლაშა გოგიტაძე
60 კგ – რევაზ ლაშხი
66 კგ – ანტონ მამაგეიშვილი და მანუჩარ ცხადაია
74 კგ– გენადი გოგიშვილი
84 კგ– არსენ კახაბრიშვილი
96 კგ– სოსო ჯაბიძე
120 კგ – დიმიტრი ჯავახიშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







