გულშემატკივრის სვეტი

12:55 | 20.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბიზნესმენი რომ იყოთ...

სანამ ქართველ ბიზნესმენებს გავაკრიტიკებთ იმის გამო, რომ ისინი ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებას ერიდებიან, მოდით, ჯერ ყველამ ჩვენს-ჩვენს დიდ-პატარა გულებში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ, ჩვენ (თუნდაც ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი) რომ ვიყოთ ფულიანი ბიძების ადგილზე, მივცემდით თუ არა თავს უფლებას, ქართულ ფეხბურთში ფული მარტივად და ერთი ხელის მოსმით ჩაგვედო...
 ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო პეროდში ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში ბიზნესის კეთების პარალელურად, ხელი კონკრეტულ ქართულ კლუბებს მოჰკიდეს და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი მათთვის წამგებიანი სფეროა, მაინც დაუწუწუნებლად აფინანსებენ გუნდს, რომლისგანაც ერთადერთი ხეირი, თვითკმაყოფილების მიღება შეიძლება იყოს. ანუ, საუბარია წმინდა ემოციურ ამბავზე, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მის დაფინანსებულ გუნდს არ უჭირს, არ შია და თამაშიც სხვებზე ნაკლებად არ გამოსდის. მაგრამ ძნელია, ყველა ბიზნესმენს ჩვენს ფეხბურთში ფულის ჩადება მოსთხოვო, რადგან არავინ არის ვალდებული, რომ ფული იქითკენ გასტყორცნოს, სადაც ჯერჯერობით, მოგების მხრივ ბევრი არაფერი ყრია.
 ახლა, მოდით, ისევ დასაწყისშივე დასმულ პათეტიკურ კითხვას დავუბრუნდეთ. თქვენ რომ ბიზნესმენი იყოთ, ჩადებდით ფულს რომელიმე ქართული კლუბის განსავითარებლად?! ამ წუთში, როდესაც საამისო სახსარი არ გვაქვს, შესაძლებელია, ბევრმა დავიქადნოთ და ვთქვათ, რომ ფულს ამ ფრიად კარგი საქმისთვის არ დავინანებდით, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ ეს, ძალიან რთულად გასაკეთებელი რამაა.
 დავიწყოთ იქიდან, რომ ქართულ ფეხბურთს არ გააჩნია კონკრეტული გეზი და განვითარების სტრატეგია. დღეს, ქართულ ფეხბურთში ჭიპმოჭრილი ბევრი ადამიანი ვერ გეტყვით, თუ როგორი მოდელის მიხედვით ვითარდება ქართული ფეხბურთი და თუ ვითარდება საერთოდ. გარდა ამასა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერავინ გეტყვით, თუ როგორ წარმოუდგენია გრძელვადიან გეგმებში საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში ფეხბურთის მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ყველამ კარგად ვიცით, ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის რომელ კუთხეებში უფრო მეტი ტალანტი იზრდება და ეს ცხადყოფს იმას, რომ ერთ თარგზე მოჭრილი განვითარების საერთო გეგმა, განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მოიტანს. ყველაფერთან ერთად, ბუნდოვანი და გაურკვეველია ქართულ კლუბებთან სხვადასხვა ფირმების სპონსორობის საკითხებიც. კლუბების მიერ სპონსორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირად ფარატინა ქაღალდების ხასიათს ატარებს და სპონსორს როდესაც მოეხასიათება მაშინ ტოვებს გუნდს და ამისათვის, კანონის ძალით დასჯილი ჯერ არავინ გვინახავს. მიუხედავად მრავალი მსჯელობისა, განხილვისა და ლაყაფისა, სახელმწიფოს წინაშე მაინც ვერა და ვერ დადგა ფეხბურთისათვის შეღავათების შემოღება-არშემოღების საკითხი. სხვა საქმეა, ვინ გაიზიარებს ამას და ვინ არა, მაგრამ როდესაც უკრაინული ფეხბურთის განვითარება გვიკვირს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინაში, ფეხბურთს სახელმწიფომ გარკვეული ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური შეღავათები, ჯერ კიდევ ათი წლის წინ მისცა და თანდათან, ამ შეღავათების შედეგებსაც იმკიან. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი შეღავათები ერთი ხელის მოსმით უნდა დაწესდეს, რადგან გასათვალისწინებელია ჩვენი იმ თანამოქალაქეების არჩევანიც, რომლებსაც ფეხბურთი, უბრალოდ, არ უყვართ და არ სურთ, რომ მათი გადახდილი გადასახადების ნაწილით ფეხბურთი, ანუ ის სფერო ფინანსდებოდეს, რომელიც არაფერში არგიათ.

უკვე ჩამოთვლილ პრობლემებსაც რომ თავი დავანებოთ, გადავიჭრათ ოცნებებში და წარმოვიდგინოთ, რომ გამოჩნდა იდეებით დახუნძლული ბიზნესმენი, რომელიც ქართულ საფეხბურთო კლუბში ფულს მომავლის, ვთქვათ, 30-წლიანი პერსპექტივით ჩადებს. ანუ, იმედი ექნება, რომ ქართული ფეხბურთი დღეს და ხვალ თუ ვერა, 30 წლის შემდეგ მაინც დადგება ფეხზე და მაშინ, მის შვილს მაინც ექნება ამ კლუბში დახარჯული ფულის მოგებით ამოღების იმედი. არის რაიმე თუნდაც მცირედი შანსი იმისა, რომ ამ ადამიანის ასეთი გრძელვადიანი იმედები გამართლდება?! არადა თქვენც, მეც, ჩვენმა მოკეთეებმაც და საერთოდ ყველამ ვიცით, რომ კერძო ინვესტიციების გარეშე, ფეხბურთი ვერ განვითარდება და მხოლოდ სახელმწიფო, ანდა, რეგიონალურ ბიუჯეტებზე ჩამოკიდებული კლუბების ბოლო, დაშლა-გაპარტახებაა (ამის იმდენი მაგალითი გვახსოვს, ჩამოთვლადაც კი არ ღირს). სწორედ ამიტომ, მესამედაც გკითხავთ იმას, რისი პასუხიც პირადად მე, ჯერჯერობით, არ მაქვს: ფულიანი ბიზნესმენი რომ იყოთ, შეიძენდით ქართულ საფეხბურთო კლუბს?
 

ლევან სეფისკვერაძე    
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096781