ჭიდაობა

19:44 | 26.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი თავისუფლები საკლუბო ევროპას იჭიდავებენ

28-29 ნოემბერს თურქეთის ქალაქი ბურსა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ორგანიზატორმა - ევროპის ჭიდაობის ფედერაციამ ოფიციალური მიწვევა 8 ქვეყანაში გაგზავნა. მათ შორის საქართველოშიც და რადგან ჩვენთან არც მოქმედი კლუბები არსებობენ და არც საკლუბო სისტემა, სათურქეთო შემადგენლობა სახელდახელოდ დაკომპლექტდა.
2 წლის წინანდელი ქართული კლუბის – “თბილისი 2007”-ის სახელით თურქულ ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კანდიდატები გავლენ. მწვრთნელობას კი მათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, დავით ხურცია გაუწევს.
საკლუბო ჩემპიონატზე ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველი მსაჯი მალხაზ ჯორბენაძეც მიიწვიეს, რომელიც ამავდროულად, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანია. დელეგაციის ხელმძღვანელი კი ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე იქნება.
“შემადგენლობა ძირითადად იმ ახალგაზრდა მოჭიდავეებით დაკომპლექტდა, რომელთაც მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვან. ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას 8 კლუბი მიიღებს. აქედანვეა ცნობილი, რომ ჩვენ B ქვეჯგუფში გამოვალთ - აზერბაიჯანის, მაკედონიისა და უნგრეთის კლუბებთან ერთად. A ქვეჯგუფში თურქები, ბერძნები, ბულგარელები და რუმინელები იჭიდავებენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ ადგილზე გასული კლუბები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” მალხაზ ჯორბენაძემ და იქვე “თბილისი 2007”-ის შვიდეულიც ჩამოთვალა.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს, 60-ში – მალხაზ ქურდიანი, 66-ში – გოგა ხუჭუა, 74-ში – მალხაზ მუზიაშვილი, 84-ში – დავით მარსაგიშვილი, 96-ში – ბელდუხ გავაშელიშვილი, ხოლო მძიმე წონაში – გიორგი საკანდელიძე.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094369