საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი დღეს, 30 ოქტომბერს ლიტვის ნაკრებთან მატჩით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.
ლიტვასთან დაპირისპირების წინ გუნდის რამდენიმე ხელბურთელს მიკროტრავმა აწუხებს, თუმცა ბრძოლის ჟინით სავსე ქართველებს ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან წარმატების დიდი იმედი აქვთ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩი, ლიტვისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ქალაქ პანევიჟისის ცენტრალურ არენაზე თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ჩვენება შემდეგ საიტზეა დაგეგმილი http://www.lrt.lt/mediateka/tiesiogiai/lrt-kultura
ქართველი ხელბურთელები თბილისსა და უკრაინაში გავლილი საწვრთნელი შეკრების შემდეგ, ბალტიისპირეთს 29 ოქტომბერს ესტუმრენ. სერბი მწვრთნელის – ჯორჯ რასიჩის ხელმღვანელობით გუნდმა ქალაქ პანევიჟისის ცენტრალურ არენაზე, ლიტვასთან მატჩისწინა საკონტროლო გენერალური რეპეტიცია გაიარა.
ჯორჯ რასიჩი: “ვარჯიშებზე ის ტაქტიკური მონახაზები დავსახეთ, რაც მომავალ თამაშში უნდა გამოგვადგეს. მზადების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, თუნდაც ამხანაგური მატჩების ნაკლებობა, თუმცა მთლიანობაში უკმაყოფილო არ ვარ.
გუნდში ერთსულოვნებაა და ბიჭები კარგად აცნობიერებენ რა ფასი აქვს ყოველ თამაშს, მომავალი მატჩის ფავორიტად ლიტვა ითვლება, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ საომრად გავალთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და გამარჯვებისთვის არაფერს დავიშურებთ”.
30 ოქტომბერს საქართველოს გუნდი ლიტვას ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: შოთა თევზაძე (“სტიინტა ბაკაუ”, რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (სტუ), ლევან ბერძენიშვილი (სტუ), გიორგი გვაზავა (სტუ), რატი მსხვილიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე (უგუნდო), უჩა გამზარდია (ბათუმი), სერგო დათუკაშვილი (“ას სადი”, ლიბანი), ირაკლი ჩიქოვანი (“ტიმოშოარა”, რუმინეთი), ვლადიმერ რუსია (“სტიინტა ბაკაუ”, რუმინეთი), რეზო ჭანტურია (“სტრუმიცა”, მაკედონია), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ილია გოგალაძე (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ).
მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე.
3 ნოემბერს ქართველი ხელბურთელები ფინეთის ეროვნულ ნაკრებს 18:00 საათზე, სპორტის სასახლეში დაუხვდებიან.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური









