ჭიდაობა

10:22 | 18.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ბერძენ-რომაელებმა უმედლოდ დაიწყეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ისე ჩამთავრდა, საქართველოს ნაკრების 4 წევრიდან სამეულს ერთიც ვერ შეწვდა. გუშინ, ბაქოს ხალიჩაზე, მედლები 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ბეგი დარჩიას გუნდიდან ლაშა გოგიტაძემ (55 კგ), რევაზ ლაშხმა (60 კგ), ანტონ მამაგეიშვილმა (66 კგ) და გენადი გოგიშვილმა (74 კგ) იჭიდავეს.
გოგიტაძესა (55 კგ) და მამაგეიშვილს (66 კგ) ფინალის გზა მეოთხედფინალში, რუსმა მოწინააღმდეგეებმა გადაუღობეს. ლაშა გერმანელ ოლივერ რანგესა და სერბ კრისტიან ფრისს საკმაოდ იოლად, ორ-ორ სეტში გაუსწორდა, მაგრამ მეოთხედფინალში ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ნაზირ მანკიევთან უშანსოდ დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ფინალშიც გააღწია, გოგიტაძე კი, რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც რუმინელ ვირგილ მუნტეანუს ადვილად აჯობა, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” უნგრელ პეტერ მოდოშთან დამარცხდა.
მამაგეიშვილმა ჩემპიონობაზე ფიქრი ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ამბაკო ვაჩაძესთან მარცხით დაასრულა. რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა ორ სეტში იმარჯვა, შემდეგ კი კიდევ 2 მეტოქე ჩამოიცილა და ევროდუბლი შეასრულა. ანტონმა დამამშვიდებელ ეტაპზე ნორვეგიელ მარიუს თომესენს სძლია და გადამწყვეტ შეხვედრაში, გოგიტაძის მსგავსად, ისიც უნგრელ მეტოქესთან, ტამაშ ლორენცთან დაიჩაგრა. ძირითად ბადეში, ვაჩაძესთან დაჭიდებამდე, მამაგეიშვილმა მოლდოველი ტუდორ გაივანი და პოლონელი ტომაშ სვიერსკი დატოვა უმედლოდ.
რევაზ ლაშხი ჩემპიონატში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. საბერძნეთის სახელით მოასპარეზე არტურ ჩაცატუროვს უპრობლემოდ გასცდა, მაგრამ მოულოდნელად, რუმინელ ეუსებიუ იანკუ დიაკონუსთან ვეღარას გახდა და რადგან დიაკონუც სწრაფადვე დამარცხდა, ქართველმა მე-3 ადგილის შანსიც დაკარგა.
პირველ წრეში კენჭისყრამ გენადი გოგიშვილიც დაასვენა. შეჯიბრი მან მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს ალექსანდრ კიკინოვთან წაგებით გახსნა. რეპეშაჟის პირველსავე წრეში კი, მომავალ ბრინჯაოსანთან, უკრაინელ დმიტრო პიშკოვთან წაიფორხილა.
4 წონის დაჯამებული შედეგის თანახმად, საქართველოს ნაკრებს 16 ქულა აქვს და გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზეა. ლიდერი რუსეთია, 33 ქულით, მეორე-მესამე პოზიციებს 31-ქულიანი აზერბაიჯანი და უკრაინა იყოფენ, მე-4 უნგრეთია (24 ქულა), მე-5 – რუმინეთი (19).
დღეს, მედლები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში - 84, 96 და 120 კილოგრამებში გათამაშდება, ქართველთაგან კი, ხალიჩაზე არსენ კახაბრიშვილი, სოსო ჯაბიძე და დიმიტრი ჯავახიშვილი გავლენ.
17 აპრილი. ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში. ბაქო.
 
55 კგ
1 ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი)
2 ნაზირ მანკიევი (რუსეთი)
3 ვუგარ რაგიმოვი (უკრაინა)
3 პეტერ მოდოში (უნგრეთი)
5 ლაშა გოგიტაძე (საქართველო)

60 კგ
1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
2 კონსტანტინ ბალიცკი (უკრაინა)
3 ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი)
3 ტონიმირ სოკოლი (ხორვატია)
7 რევაზ ლაშხი (საქართველო)

66 კგ
1 ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი)
2 იონ იულიან პანე (რუმინეთი)
3 სტივ ჟენო (საფრანგეთი)
3 ტამაშ ლორენცი (უნგრეთი)
5 ანტონ მამაგეიშვილი (საქართველო)

74 კგ
1 ალექსანდრ კიკინოვი (ბელარუსი)
2 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
3 დმიტრო პიშკოვი (უკრაინა)
3 პეტერ ბაკში (უნგრეთი)
9 გენადი გოგიშვილი (საქართველო)

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08821