სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონშიც განახლდა. შესვენება “ზესტაფონის” სერბი თავკაცისათვის, რატკო დოსტანიჩისათვის და მისი შეგირდებისათვის ნამდვილად მისწრება გახლდათ. მოგეხსენებათ, ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა მიმდინარე ეროვნულისათვის მზადება გვიან დაიწყო, ჩემპიონატის სტარტი კი მეტად არასასურველი გამოუვიდა. საწყისი 4 ტურის შემდეგ ფეროელებმა მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლეს, რაც ამბიციური კლუბისათვის მისაღები შედეგი ნამდვილად არ გახლავთ. რაც შეეხება გორელებს, ევროპის ლიგაზე დამაკმაყოფილებელი გამოსვლის შემდეგ, შიდაქართლელები მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოერთნენ. ისინი ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ბუნებრივია იმერეთს 3 ქულის აღების სურვილით ეწვივნენ.
გიორგი დევდარიანმა და რატკო დოსტანიჩმა განსხვავებული სათამაშო სქემები შეარჩიეს. გორელთა თავკაცმა გუნდი 4-1-4-1 სისტემით გამოიყვანა. დაცვაში დევდარიანი ალადაშვილი-თომაშვილი-კვახაძე-გიორგი გურულის გამოცდილ ოთხეულს დაეყრდნო. საყრდენად გორელთა მხრიდან აბურჯანია იყო გამწესებული. წინ ეულ ფორვარდად მოდებაძე მოქმედებდა, რომელსაც უკნიდან პასებით დოლიძე-ბოლქვაძე-მაისურაძე და ღონღაძე ამარაგებდნენ. კლასიკური 4-4-2 სათამაშო სქემა აირჩია სერბმა სპეციალისტმა, რომელმაც ზესტაფონელთა დაცვის ხაზი თორნიკე და თედორე გრიგალაშვილებს, რენე ფერეირას და ილია კანდელაკის კვარტეტს ჩააბარა. ნახევარდაცვაში კუტალია-შარიქაძე-აჯურუ-სამუშიას ოთხეული მოქმედებდა. წინ გორელთა დაცვის შეწუხებას ადამია-ქობალიას დუეტი ცდილობდა.
მატჩის დებიუტში უფრო მხნედ და აქტიურად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. უკვე მე-5 წუთზე მათ ხელსაყრელი სტანდარტულიდან მეტოქის კარის აღების რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ადამიას დარტყმული საჯარიმო, სტუმართა ხარიხას ოდნავ გადაცდა. მალე სამუშიამ ჩააწოდა შეტევის მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მაგრამ ბურთზე მიმართულების შეცვლა ქობალიამ ვერ შეძლო. მე-13 წუთზე კი სამუშია დაახლოებით 27 მეტრიდან ურტყამდა ძალიან ძლიერად, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე ოდნავ დააკლდა.
“დილას” ფეხბურთელებმა ნელ-ნელა თამაშის დალაგება შეძლეს. მათ მოედნის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება სცადეს, თუმცა ზესტაფონელებმა ამის გაკეთება არ დაანებეს და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მეტად უსახური ბურთაობა გაიმართა. მოედანზე ერთადერთი ნათელ წერტილად “ზესტაფონის” ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა ჩანდა, რომელმაც რამდენიმეჯერ კარგად წაიკითხა სტუმართა შეტევის მცდელობა და გონივრული თამაშით განმუხტა მდგომარეობა. ფერეირა კარგი იყო ორთაბრძოლების დროსაც, განსაკუთრებით ეფექტურად იგი ირაკლი მოდებაძის წინააღმდეგ თამაშობდა.
36-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია დაიძაბა ზესტაფონელთა კართან, რადგანაც ბურთი მკერდით მოდებაძემ მიიღო, მაგრამ ბურთი ფორვარდს ოდნავ გაექცა და კვასხვაძემ მოასწრო გამოსვლა. მე-40 წუთზე კი ფეროელებმა სასურველი შედეგი მიიღეს, როდესაც ადამიას წაქცევისათვის დანიშნული საჯარიმო თავად დაზარალებულმა ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში. იქ კი მაღალ ნახტომში ირაკლი ქობალიამ ყველას აჯობა და თავით ეფექტური გოლი გაიტანა. “დილას” კიპერს ნუკრი რევიშვილს კარის გადარჩენი შანსი არ ჰქონია - 1:0.
დაწინაურებისთანავე, მასპინძლებს ზედიზედ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშში სხვაობის გაზრდა. ორივე შემთხვევაში მიზანთან ახლოს სამუშია იყო, მაგრამ ზესტაფონელთა ნახევარმცველმა ვერ შეძლო თავის გამოჩენა გატანილი გოლით. პირველ შემთხვევაში სამუშია მახვილი კუთხიდან დაემუქრა რევიშვილის დასაცავ ობიექტს, მაგრამ დარტყმა ისე სუსტი გამოუვიდა, მეკარეს მისი აღება საერთოდ არ გასჭირვებია. მეორედ კი გურამი ფაქტობრივად პირისპირ დარჩა გორელთა კარის დარაჯთან. მართალია, სამუშიას მეურვეები ფეხდაფეხ მისდევდნენ, მაგრამ ვფიქრობთ მას უკეთ გარჯა და უფრო ზუსტად დარტმა მართებდა. მისი მცდელობა მცირე მანძილით აცდა მოწინააღმდეგის კარს.
ტაიმის მიწურულს შიდაქართლელებიც გამოფხიზლდნენ და მხნედ შეუტიეს მეტოქის კარს. მართალია, რეალური მომენტი მათ არ შეუქმნით, მაგრამ ერთხელ მოდებაძემ ითამაშა ეფექტურად ზესტაფონელთა საჯარიმოში, სადაც მეურვე ჩამოიშორა და დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს თედორე გრიგალაშვილი გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა.
მეორე ტაიმი ისევ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. შესვენებაზე გორელთა დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა უჩვეულოდ ინერტულად მოთამაშე დოლიძის ნაცვლად მოედანზე ფილიევი შემოუშვა, ხოლო მატჩის განახლებიდან რვა წუთში მაისურაძე შეცვალა გორელიშვილით. იმერლებმა კი მალევე შეუქმნეს პრობლემები მოწინააღმდეგის კარს. 50-ე წუთზე კუტალია დაემუქრა შორიდან ძლიერი დარტყმით რევიშვილის კარს, მაგრამ მის მცდელობას თავად საქართველოს ნაკრების კიპერმა შეუშალა ხელი. მალე რევიშვილს ისევ მოუხდა თამაშში ჩართვა, როდესაც ქობალიამ დაარტყა საჯარიმოს გარედან ძლიერად. ნუკრიმ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა დამატებაზე ზესტაფონელთაგან აღარავინ აღმოჩნდა.
კიდევ უფრო სახიფათო დარტყმა განხორციელდა გორელთა კარის მიმართულებით მე-60 წუთზე, როდესაც ქობალიამ “დილას” საჯარიმოს ხაზზე მეურვე მოხდენილად გააცურა და ცაციათი ძლიერად დაჰკრა. ბურთი მცირე მანძილით აცდა მეტოქის კარს, თორემ რევიშვილს ძალიან გაუჭირდებოდა მისი აღება. თითქმის მაშინვე გორელთა სწრაფი კონტრშეტევა გორელიშვილის დარტყმით დასრულდა. მიხეილმა ბურთი მიიღო, ერთი მეურვე მოხდენილი ფინტით ჩამოიშორა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. მასპინძლები ისევ დიდი ძალით ემუქრებოდნენ მოწინააღმდეგის კარს, რომლის დარაჯი ცდილობდა ამ იერიშების მოგერიებას, თუმცა 64-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კიპერს მაინც მოუხდა საკუთარი კარის ბადიდან ბურთის გამოტანა. ზესტაფონელთა მხრიდან აქტიურად მოთამაშე კუტალიას წაქცევისათვის არბიტრმა გორელიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა და საჯარიმო დარტყმაც დანიშნა, რომელიც ქობალიამ შეასრულა. ირაკლის დაახლოებით 27 მეტრიდან ისეთი ძლიერი დარტყმა გამოუვიდა, რომ რევიშვილმა ბურთზე ხელის წატანებაც ვერ მოასწრო. ძალზე სწრაფად მქროლავი ბურთი გორელთა კარის “ცხრიანში” გაეხვია - 2:0. ქობალიას ეს სტანდარტულიდან გატანილი გოლი ისეთი გამოვიდა, რომ მის ავტორობაზე მსოფლიოს არცერთი ვარსკვლავი უარს არ იტყოდა.
სოლიდური, ორბურთიანი ფორის მიღების შემდეგ თამაში შედარებით ჩაწყნარდა. მასპინძლები ისევ ფლობდნენ უპირატესობას და მეტოქეს ბურთზე კონტროლს არ ანებებდნენ. 69-ე წუთზე კუტალიამ გაისროლა შორიდან ძლიერად, მაგრამ მცირედით არაზუსტად. სტუმრები ცდილობდნენ შეტევების ორგანიზებას, მაგრამ მხნედ და გულანთებულად მოთამაშე მასპინძლების წინააღმდეგ არაფერი გამოდიოდათ. უფრო მეტიც, შეტევაში წასულ გორელებს ხშირად მასპინძელთა სახიფათო კონტრშეტევები ეპარებოდათ. რომელთა დროს, ფეროელებს ცოტა მეტი ყურადღებით, რომ ეთამაშათ, აუცილებლად კიდევ ერთ გოლს გაიტანდნენ. სტუმართაგან, ერთადერთხელ ხიფათის შემცველი დარტყმა მოდებაძის თავური იყო, რომელიც არაზუსტი გამოდგა. დანარჩენ შემთხვევებში კი ძირითადად ხიფათის შემცველი სიტუაციები გორელთა კართან იქმნებოდა, რომელიც სახიფათო დარტყმებით არ სრულდებოდა. ამაო გამოდგა არბიტრის მიერ დამატებულ დროში სტუმართა მხრიდან მოწყობილი შტურმის მცდელობაც, ფაქტობრივად შიდაქართლელებს ზესტაფონელთა კიპერი როინ კვასხვაძე სერიოზულად არ შეუწუხებიათ. საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” კი XXV ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს, გორის “დილამ” კი ასევე პირველად განიცადა მარცხი მიმდინარე პირველობაზე.
“ზესტაფონი” - “დილა” 2:0 (1:0)
13 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 3000 მაყურებელი
“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, კანდელაკი, თედორე გრიგალაშვილი, შარიქაძე, აჯურუ, სამუშია (სანდრო გურული, 80), კუტალია (რაჟამაშვილი, 87), ადამია, ქობალია (ენდელაძე, 75).
მთავარი მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი
“დილა”: რევიშვილი, ალადაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, გიორგი გურული, ღონღაძე, მაისურაძე (გორელიშვილი, 53), აბურჯანია (ქვილითაია, 71), დავით ბოლქვაძე, დოლიძე (ფილიევი, 46), მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლები: 1:0 2:0 ქობალია (40, 64).
გაფრთხილება: თორნიკე გრიგალაშვილი (50), გორელიშვილი (63), ადამია (77).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი) 1:0
დინამო (თბილისი) – ზუგდიდი 3:0
| 1. | ტორპედო | 4 | 3 | 1 | 0 | 6:3 | 10 | |
| 2. | ჩიხურა | 5 | 3 | 0 | 2 | 10:7 | 9 | |
| 3. | მერანი | 5 | 3 | 0 | 2 | 7:7 | 9 | |
| 4. | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 2 | 1 | 7:3 | 8 | |
| 5. | მეტალურგი | 5 | 2 | 2 | 1 | 5:6 | 8 | |
| 6. | დინამო | 4 | 2 | 1 | 1 | 7:4 | 7 | |
| 7. | სიონი | 5 | 2 | 1 | 2 | 7:5 | 7 | |
| 8. | დილა | 4 | 2 | 1 | 1 | 6:4 | 7 | |
| 9. | გურია | 5 | 2 | 0 | 3 | 3:7 | 6 | |
| 10. | ზესტაფონი | 5 | 1 | 1 | 3 | 5:6 | 4 | |
| 11. | ზუგდიდი | 5 | 1 | 1 | 3 | 3:9 | 4 | |
| 12. | სპარტაკი | 4 | 0 | 0 | 4 | 1:6 | 0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან







