რა მოხდებოდა ფეხბურთი რომ არ გამოეგონათ? არაფერი აპოკალიფტიკური... იქნებოდა სპორტის რომელიმე სხვა სახეობა, რომელსაც მსოფლიოში ნომერ პირველ სახეობად შერაცხდნენ და იმ შემთხვევაში ლეო მესი ალბათ კარგი მარათონელი იქნებოდა.
რა მოხდებოდა, ბრაზილია ბრაზილია რომ არ ყოფილიყო? არც ამით დაიქცეოდა ქვეყანა. ბრაზილიის ადგილზე იქნებოდა სხვა ქვეყანა, სხვა სახელწოდებით და სხვა ისტორიით, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის სხვა ხალხიც ისევე შეიყვარებდა ფეხბურთს, როგორც ნებისმიერი სხვა ლათინოამერიკელი ხალხი.
რა მოხდებოდა, აპენინის ნახევარკუნძულის ჩექმის ნაცვლად, ხმელთაშუა ზღვის ტალღები რომ ლოკავდნენ ავსტრიისა და სლოვენიის იტალიის მოსაზღვრე სანაპიროებს?არ იქნებოდა ძველი რომი და შესაბამისად, ვერც გნეუს პომპეუსი შემოესეოდა ქართლს, მაგრამ საფეხბურთო მსოფლიო მაინც უდრტვინველად განაგრძობდა ცხოვრებას და მიუხედავად იმისა, რომ უფრანკობარეზობა და უპაოლოროსობა ძალიან გაჭირდებოდა, სხვა ვარსკვლავების სახეები მაინც დარჩებოდა თაობათა ფიქრებსა და მოგონებებში.
გერმანიის ნაცვლად დანიისა და საფრანგეთის მოსაზღვრე შუამიწეთის ზღვა თუ იქნებოდა, კაცობრიობა ორიდან მინიმუმ ერთ მსოფლიო ომს ალბათ გადაურჩებოდა. იმანუელ კანტის ნაცვლად სხვა ვინმე დაწერდა “წმინდა გონების კრიტიკას” და ჰოლანდიელებს სხვები აჰყვებოდნენ ტოტალური ფეხბურთის მოძღვრების იდეალიზებაში. უგერმანელობა რა თქმა უნდა ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენს მრავლის მნახველ პლანეტას, მაგრამ რაიმენაირად მაინც ამოვიდოდა მზე გურიის მთებიდან და ჩავიდოდა შავ ზღვაში.
რუსეთი თუ არ იქნებოდა, ქართველებს შეიძლება მართლა დაგვდგომოდა საშველი. ასევე ეშველებოდათ ბალტიისპირელებს, პოლონელებს და სხვა აღმოსავლეთევროპელ ხალხებს. მაგრამ ძალიან გაუჭირდებოდა მსოფლიო სპორტის ზამთრის სახეობებს. გაჭირვებით გაუჭირდებოდა, მაგრამ კანადელები, შვეიცარიელები, ავსტრიელები და ამერიკელები რაიმენაირად შეძლებდნენ ამ დანაკლისის შევსებას. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთზე. სიჩოვის გარეშე, მე თუ მკითხავთ, ფეხბურთი დღესაც უფრო საინტერესო იქნებოდა..
საქართველო რომ არ ყოფილიყო, ამის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება, მაგრამ თუკი წარმოდგენაა, ალბათ მაინც აჯობებდა საქართველოს ადგილზე ისევე შავი ზღვა ყოფილიყო, ვიდრე ჩვენს მიწაზე ზოგიერთ ჩვენს მეზობელს (არ ჩამოვთვლი) გაეშალათ მხრები. უსაქართველოობით მსოფლიო დაკარგავდა რუსთაველს, ვაჟას, ფიროსმანს, გალაკტიონს, დათო ყიფიანს, მიშა მესხს, ბორის პაიჭაძეს და სხვათა და სხვათ, მაგრამ რაც უნდა საპირისპირო ვამტკიცოთ და არ გვინდოდეს ამის დაჯერება, ფაქტია, რომ საქართველოს გარეშე მაინც იარსებებდა დედამიწა და ჩვენს მაგივრად სხვა ხალხს მოუწევდა ერთმანეთის დაჭმა და ძირის გამოთხრა.
მაგრამ, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ეს ჩვენი პლანეტა გულშემატკივრობის ფენომენის გარეშე. მნიშვნელობა არა აქვს ვინ რისი და როგორი გულშემატკივარია, სპორტი უყვარს თუ ორდროშობანა, ქალია თუ კაცი, ბედნიერია თუ უბედური. ალბათ ადამი და ევაც თავისებურად გულშემატკივრები იყვნენ და რა თქმა უნდა უპირველესად ერთმანეთის გულშემატკივრობდნენ. ედემის ბაღში ხილის ხეზე ასულ ადამს ევა გულშემატკივრობდა, ევას კი ადამი და ასე, გულშემატკივრობითა და ერთმანეთის ქომაგობით მივედით აქამდე. სწორედ ამიტომაც მიყვარს მშვენიერი ქართული სიტყვა “გამოქომაგება”. დიახ, ერთმანეთის ქომაგობა და გამოქომაგებაა ყველა მთავარი. ქომაგობის გარეშე მართლა არაფერი იქნებოდა ამქვეყნად!









