ჭადრაკი

13:39 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქულები არის ჩვენი გამხარებელი!..

 

სათაური, ცხადია, იცანით, გენიალური ქართული ფილმის ერთ-ერთი გმირის „სოლო-პარტიის“ გადმომღერებაა და, სიმართლე გითხრათ, ამ წუთში  მეც კარგა გემრიელად ვღიღინებ; არც არავინ მისმენს, ვერც ვერავის შევაწუხებ და  ამ ნორვეგიული დილის მადლით მოღონიერებული წაფილოსოფოსობის ხასიათზეც დავდექი. თანაც ჩემი საცხოვრებლის წინ ისეთი მშვენიერი მოლია, გალაკტიონი არ გაგახსენდეს და ბალახზე ფეხშიშველი გავლა არ მოგინდეს, წარმოუდგენელია. პირველ სართულზე ვცხოვრობ, კერძო ბინაა და პირდაპირ ფანჯრიდანაც შეგიძლია გადაძვრე და გაილაღო, მაგრამ რად გინდა - გახვალ  თუ არა გარეთ და შეიგრძნობ აქაურ სუსხს, ყველანაირი რომანტიკა გიქრება და უბრუნდები ისევ იმ ყოფას, სადაც ჩაგაგდო ბედმა თუ იღბალმა.

ჩემი და მოჭადრაკეების ყოფა კი ორი კვირით ამ პატარა ქალაქში, ტრომსოში განისაზღრა, სადაც, თუ პირდაპირები ვიქნებით, ქულებისთვის ვართ ჩამოსულები. ქულებს ვეძებთ  სათამაშო დარბაზში, მის გარეთ, ქუჩაში, სასტუმროში და ყველგან, სადაც კი ფეხი დაიდგმება და სულიერი ჭაჭანებს.  ქულები ერთსახოვანი არაა - მოჭადრაკეები დაფასთან საშეჯიბრო, ასე ვთქვათ - ხელშესახები  ქულებისთვის იბრძვიან, ქართული დელეგაციის სხვა წევრები კი აბსტრაქტულისთვის, ეს კი მასებში ჩვენი პერსონებისადმი კეთილგანწყობის მოპოვებას გულისხმობს, რაც შემდეგ, ორიოდ დღეში უნდა მატერიალიზდეს და არჩევნებში აისახოს.

არჩევანი კი საჭადრაკო სამყაროს ბევრი აქვს გასაკეთებელი - ფიდეს ახალი პრეზიდენტია ტახტზე ასაყვანი, ამასთანავე  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელიც უნდა გამოარკვიოს. ამდენი რამ ერთად იშვიათია და რა გასაკვირია, რომ უპრეცენდენტოდ დიდი მარულაა გამართული, სადაც ყველა ქულებს , მხოლოდ  და მხოლოდ ქულებს დაეძებს. მოკლედ, თუ რამე ახალისებს ტრომსოში ადამიანს, ეს ქულებია, - ვის მეტი აქვს ეს ძვირფასობა, ვის - ნაკლები.  როგორი იქნება ქართველების მონაგარი და რამდენ ქულას ჩავყრით ყულაბაში, 11 აგვისტოს  გამოჩნდება. ერთი შეხედვით, ამ ფრონტზე მეტი პერსპექტივა გვაქვს, განსხვავებით იმისგან, რასაც სათამაშო დარბაზში ვხედავთ. იქ რა ხდება, კარგად გეცოდინებათ, მაგრამ ორიოდ სიტვით მაინც მოგახსენებთ: წინა წერილში აღვნიშნე, რომ ფრანგები, ობიექტურად, ჩვენზე ძლიერები არიან. ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ რეიტინგების შედარებაც კი საკმარისია; თუმცა  მათი ძლევის შანსი მაინც იყო და გამოაჩინა კიდეც მატჩმა. ერთია მხოლოდ, გუნდში ყველა ისე არ იბრძვის და თამაშობს, როგორც გუნდურ ბრძოლას შეესაბამება. არ დავკონკრეტდები და კრიტიკას არ დავიწყებ - ეს ქართველმა მწვრთნელებმა შესანიშნავად იციან, თუმცა მცირე შეძახილი კი ალბათ საჭიროა: არ შეიძლება გუნდურ ტურნირში იმ სტრატეგიით თამაში, როგორადაც პირად პირველობებში ირჯები...  აქ მთელი ძალა და უნარი უნდა შეალიო წარმატებას და იმაზე კი არ უნდა იფიქრო, ვაიმე და არ წავაგოო, არამედ - როგორ მოვიგო და ქულებით როგორ შევეწიო საერთო საქმეს. სამწუხაროდ, ჩვენი ვაჟთა ნაკრების ზოგიერთი წევრი ასე არ ირჯება და ამიტომაც ვერ ვერევით ძლიერ გუნდებს; სუსტების დაბრიყვების ძალა კი, იცოცხლე, გვაქვს და ტურნირის პირველმა ნახევარმა ეს კარგად გამოაჩინა. 

ფინიშამდე 4 ტური დარჩა და ოთხივე მატჩი თუ  არ ვიმარჯვეთ, ალბათ სამარცხვინო ადგილზე დავასრულებთ ოლიმპიადას.

სულ სხვა სურათია გოგონათა გუნდში: მცირე ჩავარდნის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო საქართელოს ქალთა ნაკრებმა და საპრიზო ადგილებისთვის შანსი ხომ ურეალურესი გახდა, ვინ იცის, ეგებ საჩემპიონოდაც დაგვიჯდეს კოჭი. მართალია, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი მონდომება არ იკმარებს - სხვაც უნდა დაგვეხმაროს და წინ წასულ ფავორიტებს ქულები დააკარგვინოს, მაგრამ როგორც იტყვიან, ჯერ შენ გააკეთე შენი გასაკეთებელი და შემდეგ დაელოდე სხვის წყალობას...

ქულების დაგროვების თემას უნდა მივუბრუნდე ისევ და ამისთვის სათამაშო დარბაზში მოწყობილ ექსპო-არეაში ანუ იქ უნდა შეგახედოთ, სადაც ყველაზე მეტად შეიგრძნობთ ამ საინტერესო შეჯიბრის (ქულებისათვის ბრძოლას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) სულისკვეთებას. აქ აქვს მოწყობილი საკუთარი კუთხე ყველა იმ კანდიდატს თუ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებისთის იბრძვის, მათ შორის საქართველოსაც. სიტყვებით დიდ ვერაფერ შვილ სურათს დავხატავ, ამიტომ აქვე გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს და თავად იხილეთ, ვინ როგორ ირჯება და მოგების ვის რა შანსი აქვს.  ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლამაზად გაფორმებული სტენდი, მოწყობილი კუთხე და სხვა, პიარისათვის განკუთვნილი პროდუქტი გაარჯვების გარანტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი რომაა, ცნობილია. იმას მაინც დაინახავთ, თუ ვინ  როგორ გაიკრა ჯიბეზე ხელი, როგორ იხარჯება და რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

აი, დავწერე ფინანსებზე და გონება გამინათდა: ამ ქულების მარულაზე ამდენი რომ ვიფილოსოფოსე, მკითხველთა დიდი ნაწილს ხომ პირველი წინანდადების წაკითხვისთანავე გაუჩნდებოდა აზრი, რომ ქულებს კი არა, ვერც ვერაფერს მოიპოვებ, თუ ჯიბეში ფული არ ჭყავის; ყველაფრის თავი და ბოლო ხომ ფინანსებია და რაც არ უნდა კაი ბიჭი იყო და მაგარ-მაგარი სიტყვები იძახო, ნაბიჯსაც ვერ გადადგამ წინ. რას იზამ, თანამედროვე რეალობა ასეთია და ყველამ კარგად ვიცით, რომ უფულოდ ვერანაირი კარგი საქმე ვერ გაკეთდება.

და რა გამოდის, თუ ასეა, ესე იგი, სათაურში ტყუილად შევცვალე ერთი სიტყვა? ანუ ასი წლის წინ რაც ყველაზე მეტად უხარებდა მავანთ გულს, დღესაც ის უხარებს? ხოდა, მაშინ  ისე დავასრულებ, როგორც ორიგინალშია:  ფულები არის ჩვენი გამხარებელი!..

ზვიად შათირიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09063