ქართველმა მოჭიდავეებმა შიდა სეზონი ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით გახსნეს. გუშინ, ქუთაისის სპორტის სასახლის ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავიდნენ და საქმე სანახევროდაც ჩაამთავრეს. დღეს საღამოს უკვე შვიდივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორთა ვინაობა გაირკვევა. თავისუფალი სტილის მიმდევრებს შორის კი, საქართველოს პირველობას, 27-28 იანვარს, ბათუმი უმასპინძლებს.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატში მონაწილეობა ყველა ტიტულოვანი მოჭიდავისთვის სავალდებულო გახდა, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე ლიდერი იმერულმა ხალიჩამ მაინც მოისაკლისა. მსოფლიოს ჩემპიონი დავით ბედინაძე (60 კგ) ოჯახური პრობლემის გამო დააკლდა ტურნირს, ხოლო ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ) ტრავმის გამო ვერ იჭიდავა. ბოლო დღეებამდე სათუო იყო 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული მანუჩარ ცხადაიას (66 კგ) ამბავიც. ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა საქართველოს პირველობისთვის მოსამზადებელი პერიოდი, მუხლის ტრავმის გამო, ჩვეული დატვირთვით ვერ ჩაატარა და ერთხანს, სეზონის ცოტა გვიან დაწყება გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ, მწვრთნელებთან შეთანხმების შემდეგ, ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 74 კილოგრამში იჭიდავა. დებიუტი ვერცხლის მედლით დაგვირგვინდა. ცხადაია მხოლოდ ფინალში დამარცხდა, საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გენადი გოგიშვილთან. გაზაფხულზე ჩასატარებელ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ამ წონაში, სავარაუდოდ, სწორედ გოგიშვილი დაიცავს.
მანუჩარ ცხადაიას კი, საკუთარ წონაში ლიდერობის თავიდან მოსაპოვებლად, ალბათ, საერთაშორისო ტურნირზე წარმატება დასჭირდება. 66 კილოგრამში, შარშანდელის მსგავსად, ჩემპიონი ქუთაისელი ანტონ მამაგეიშვილი გახდა. შეგახსენებთ, მაშინ მამაგეიშვილმა ფინალში ცხადაია დაამარცხა და ნაკრების პირველი ნომრის ბედი საერთაშორისო ტურნირებზე გადაწყდა. ამჯერად, ვერცხლის მედალს მარად სურმანიძე დაეუფლა.
55 და 60 კილოგრამებში ნაკრების გამოცდილმა წევრებმა – ქუთაისელმა ლაშა გოგიტაძემ და ბორჯომელმა რევაზ ლაშხმა აჯობეს ყველას. გოგიტაძემ ფინალში აჭარის გუნდის სახელით მოჭიდავე ზურაბ კეკელიძეს სძლია, ლაშხმა - სამტრედიელ გოგა გოგბერაშვილს. 60-კილოგრამიანთა კვარცხლბეკზე, მე-3 საფეხურზე ავიდა ირაკლი ჭოჭუა, რომელიც წლების განმავლობაში 55 კილოგრამში იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი.
დღეს მედლები დარჩენილ სამ წონაში – 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ტრავმის გამო, შიდა კონკურენციას 96 კილოგრამის ლიდერი რამაზ ნოზაძე დააკლდება.
ოთარ მაღლაკელიძე
55 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი)
2 ზურაბ კეკელიძე (აჭარა)
3 გიორგი გვენეტაძე (აჭარა)
3 ჯონი ხვიჩია (აფხაზეთი)
60 კგ
1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)
2 გოგა გოგბერაშვილი (სამტრედია)
3 ზვიად ოქრაძე (აჭარა)
3 ირაკლი ჭოჭუა (თბილისი)
66 კგ
1 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)
2 მარად სურმანიძე (აჭარა)
3 რამაზ ვაშაყმაძე (აჭარა)
3 გიორგი მესხი (ქუთაისი)
74 კგ
1 გენადი გოგიშვილი (თბილისი)
2 მანუჩარ ცხადაია (ხობი)
3 შმაგი გულიაშვილი (გარდაბანი)
3 რამაზ უნგიაძე (თბილისი)







