გულშემატკივრის სვეტი

14:29 | 21.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

რა ბედი ეწევათ “სამთავრობო გუნდებს”?!

საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები ქართულ სპორტსაც შეეხო. რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი ჩვენი სამამულო სპორტისათვის, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და იმედია, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ცალკეული სახეობები უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება. მაგრამ, უმთავრესი, რაც ქართველ ქომაგებს აშფოთებთ, ეს სხვადასხვა სამინისტროების დოტაციაზე მყოფი იმ კლუბების ბედია, რომლებმაც ბოლო პერიოდში, გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. როგორც საქართველოს ახალმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, სპორტის განვითარებისთვის სასურველი არ არის სპორტული კლუბების სამინისტროების დოტაციაზე ყოფნა და სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებში სპორტული კლუბების დაფინანსება არ შედის.
აქამდეც არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული კლუბების დაფინანსება მთლიანობაში მაინც უსამართლობის ელემენტებს შეიცავდა და კერძო ბიზნესის მიერ დაფინანსებულ კლუბებთან კონკურენციაში, ასეთ კლუბებს ერთგვარი უპირატესობა უსამართლოდ ენიჭებოდათ. მაგრამ, ჩვენ, უწინარესად, ის უნდა გავითავისოთ, რომ არ ვსაუბრობთ ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა წელგამართული ქვეყნების სპორტულ კლუბებზე, რომლებსაც დახმარება ნამდვილად არ სჭირდებათ და რამე რომ იყოს, აქეთ “დაეხმარებიან” სახელმწიფოს. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ჯერ კიდევ გვარიანად გაჭირვებულ ქვეყანაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ, არსებობდა გუნდები, რომელთათვისაც, ერთი ქალაქიდან მეორეში სათამაშოდ წასვლაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ამას გარდა, აქამდე, რომელიმე ბიზნესმენს ვინმემ დაუშალა კლუბის მიხედვა და მოვლა-პატრონობა? თითოეული გამონაკლისის გარდა, ამ ჩვენს ბიზნესმენებს არ სურთ წამგებიან სფეროში – სპორტში ფულის ჩადება და რა გინდა რომ ქნა?!
თუ პრაგმატულად და იტალიის ამჟამინდელი პრემიერივით ვიფიქრებთ, მაშინ ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ არ გვჭირდება, ვთქვათ ფეხბურთი და უნდა გავაუქმოთ ეროვნული პირველობები. ბიზნესმენთა ლოგიკა ხომ ძალიან მარტივია: საიდანაც ფული არ იშოვება, იმ სფეროს ჯანდაბამდეც გზა ჰქონია!..
ამ ყველაფერს რაკი ვწერ, არ მინდა იფიქროთ, რომ მე მაქვს სიტუაციიდან გამოსავლის მზა რეცეპტი. მრავალი ჩვენი თანამემამულის მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა (მაგალითად, თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროებმა), უმჯობესია, იმ საქმეს მიხედონ, რაც აბარიათ, სპორტი კი, ბიზნესმა ჩაიბაროს.
მეც მინდა რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში როდესმე მოხდება?
ამ დროს კი ვხედავთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სარაგბო და საკალათბურთო კლუბები ჩვენს ჩემპიონატში საუკეთესოები გახდნენ. საფეხბურთო კლუბი გორის “დილა” კი, რომელიც შსს-ს მიერ ფინანსდებოდა (ბოლო ინფორმაციით, “დილა” უკვე აღარ ეკუთვნის შსს-ს), კონკურენტუნარიანი გუნდი გახდა და მშვენიერი საფეხბურთო სტადიონიც აიშენა.
სხვისი არ ვიცი და, მე ნამდვილად არ გამიხარდება გორის “დილა” წარსული წლების მსგავსად, მაჩანჩალა და უფულო კლუბად რომ იქცეს.
წმინდა გულშემატკივრული პოზიციიდან რომ ვთქვათ, განა დასანანი არ იქნება, შარშან საქართველოს ჩემპიონატში თითქმის ყველაფრის მომგებმა სარაგბო კლუბმა - “არმიამ” არსებობა რომ შეწყვიტოს? არადა, თუკი კლუბებს დაფინანსება შეუწყდებათ, ყველაფერი, ალბათ, აქეთკენ წავა...
როგორც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაფინანსებული კლუბები ახლადდაწყებულ სპორტულ სეზონს ბოლომდე ჩვეულებრივად ჩაამთავრებენ და მათი საბოლო ბედიც 2013 წლის ზაფხულში გადაწყდება. ქართული სპორტის ახლადმოვლენილ მესვეურებს, ალბათ, მართებთ, უფრო კარგად აუხსნან ქომაგებს, კონკრეტულად რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ, ამ მართლაც რთული სიტუაციიდან გამოსვლას. ერთ მხარეს სახელმწიფო დგას, თავისი ბუნებრივი მიზნებითა და ინტერესებით, მეორე მხარეს კი, წარმატებული კლუბები, რომლებსაც ქართული სპორტისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0947